მტკვარ-არაქსელთა "გაუცივებელი კერა" და გამაოგნებელი კულტურა - კვირის პალიტრა

მტკვარ-არაქსელთა "გაუცივებელი კერა" და გამაოგნებელი კულტურა

"შიდა ქართლის ძეგლებზე მოპოვებულ სპილენძის დიადემებზე შვლის, ჯიხვისა და ყარყატის ფიგურებია გამოსახული. ისინი ნაყოფიერების, შეწყვილებისა და გამრავლების კალენდარულ სიმბოლოებს გამოხატავენ"

სასწაულია იმის შეგრძნება, რომ შენს მიწაზე უძველესი ნასახლარებია, იქ კი მაღალი განვითარებისა და კულტურის კვალი - ჩვენი უძველესი წინაპრები, მტკვარ-არაქსელები, ქრისტეს დაბადებამდე IV-III ათასწლეულში ცხოვრობდნენ და მათ მტკვარ-არაქსის კულტურის ხალხი შეარქვეს. მეცნიერების თავდაპირველი ვარაუდით, ეს ხალხი მდინარე მტკვრისა და არაქსის არეალში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ისინი ლამის ნახევარ ევრაზიაში ბატონობდნენ. მტკვარ-არაქსელები ჩვენებურები იყვნენ და სწორედ აქედან, მდინარე მტკვრისა და არაქსის მიდამოებიდან, დაიპყრეს ნახევარი ევრაზია.

არქეოლოგიის დოქტორმა გოგი მინდიაშვილმა მტკვარ-არაქსელთა არაერთი ნასახლარი აღმოაჩინა და შეისწავლა. გამორჩეულია გუდაბერტყას ნამოსახლარი გორში, რომელსაც ბატონი გოგი 13 წელიწადი სწავლობდა. გუდაბერტყელი მტკვარ-არაქსელების კოხტა სახლ-კარი, კომფორტული კერიითა და ყველა საჭირო ნივთით გაოცებას იწვევს. მათ ჭურჭელზე პიქტოგრამებია. ეს ხალხი რაღაცის გადმოცემას ცდილობდა, თუმცა არავინ იცის, რაზე მოგვითხრობდნენ...

- გუდაბერტყას ნამოსახლარი ორგანული ნაწილია მტკვარ-არაქსის კულტურისა, რომელიც ქართლიდან და ჩრდილო სომხეთიდან გავრცელდა ირანისა და თურქეთის, ასევე ჩრდილო კავკასიისა და სირია-პალესტინა-ისრაელის ტერიტორიებზე. დღეს ამ საკითხით მსოფლიო მეცნიერები დაინტერესდნენ და ინტენსიური კვლევებიც მიმდინარეობს. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ამ უძველესმა ხალხმა ჩვენს ისტორიას ფასდაუდებელი სიმდიდრე დაუტოვა.

- შეგიძლიათ წარმოდგენა შეგვიქმნათ, როგორი იყვნენ ისინი?

- სამწუხაროდ, ამ ეპოქის გამოსახულებები არ არსებობს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ იყვნენ პატარა ტანის - ერთ-ერთ სამარხში მტკვარ-არაქსელის ნაშთი თავად გავზომე თავის ქალიდან ტერფამდე და 1,80 მეტრი სიმაღლის აღმოჩნდა. განვითარებული და მაღალი კულტურის ხალხი იყო - აშენებდნენ არასტანდარტულ (წრიულ და ოთხკუთხაერდოიან) და დიდ (გუდაბერტყაზე 2-ოთახიანი ნამოსახლარის ოთახების ფართობი 36 და 30 კვმ-ია) სახლებს... მტკვარ-არაქსელები მოიპოვებდნენ და ადნობდნენ სპილენძს, ოქროს, ძერწავდნენ თიხის ჭურჭელს, ქსოვდნენ, კერავდნენ და…დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვიზუალურ მხარეს.

- ეს საცნაურია თქვენ მიერ მოპოვებული ექსპონატებითაც. მაგალითად, 5000 წლის წინანდელი ჯვრის ფორმის კერა. ამ კერაზე ეს ხალხი კერძებს ამზადებდა... - რა თქმა უნდა, თანაც კერას ისეთი ფორმა აქვს, რომ მასში ერთი კი არა, ოთხივე კუთხით სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭლის ჩადგმა და ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადებაა შესაძლებელი. რატომ აქვს ჯვრის ფორმა? მტკვარ-არაქსელებისთვის ჯვარი მზის ბორჯღალის სიმბოლოა და მასთან მისტიკურადაც იყვნენ დაკავშირებული - რიტუალებს ატარებდნენ. ცხადია, ამ მისტიკამ ჩვენამდე მოაღწია - ხომ გაგვიგონია გამოთქმა "კერის ანგელოზი", "კერა არ გააცივოთო"... 5000 წლის წინ ამ ხალხს კერა მართლაც საოცარი რუდუნებით აქვთ ნაკეთები - მსხვილმარცვლოვანი თიხისგან გამოუძერწავთ, გაუპრიალებიათ და შეუღებავთ.

- ასეთი გამძლე საღებავები ჰქონდათ, რომ ფერი 5000 წლის შემდეგაც შეინარჩუნა? - დიახ. ამ საღებავებით Gგუდაბერტყაში რამდენიმე სახლის კედელიც არის შეღებილი. მტკვარ-არაქსელების დიდ სახლებს შორის არის ერთოთახიანი მიწურებიც, რაც ქონებრივ თუ სოციალურ განსხვავებაზე მიგვითითებს, სადაც ბელადებს მოახლეები ემსახურებიან და მათ ბელადის გარდაცვალების შემდეგ სამარხშიც ატანენ... მაგალითად, ანანაურის 12-მეტრიან ყორღანში ბელადი რამდენიმე მონასთან ერთად არის დაკრძალული. მონებს სამარხის პერიფერიულ ნაწილში ან სახურავზე კრძალავდნენ. ყორღანში უიღბლო მძარცველის ჩონჩხიც აღმოჩენილა - როგორც ჩანს, იქ ჩასაღწევად გაკეთებულ ხვრელში მიწა ჩამოიშალა და მძარცველი მოიყოლა.

- ანუ ძარცვაც უძველესი "პროფესიაა"... - რასაკვირველია. თუმცა რიგით მტკვარ-არაქსელებს ძვირფას ნივთებს ვერ ატანდნენ, ამიტომ მხოლოდ მდიდრულ სამარხებს ძარცვავდნენ. ბელადებს ოქროს, ბრინჯაოსა და სპილენძის ნივთებს ატანდნენ. გამორჩეულია შიდა ქართლის ძეგლებზე მოპოვებული სამი სპილენძის დიადემა, რომლებზეც შვლის, ჯიხვისა და ყარყატის ფიგურებია გამოსახული. ისინი ნაყოფიერების, შეწყვილებისა და გამრავლების კალენდარულ სიმბოლოებს გამოხატავენ. ხშირად გვხვდება ჩამწვარ-ჩანაცრებული ნასახლარებიც. ისინი შესაძლოა მეზობელ სოფლელებს გაეძარცვათ და დაეწვათ. სწორედ ასეთ სახლებშია ნაპოვნი გუდაბერტყაზე 5000 წლის წინ დანახშირებული ნაქსოვები. ქსოვილები ანანაურისა და ქვემო ქართლის ნასახლარებშიც არის ჩარჩენილი და თანაც ძალიან მტკიცე და მაღალი ხარისხის, მათზე ქსოვით გამოყვანილი ფიგურებიც იკითხება. ზოგიერთი ქსოვილი ძალიან თხელი და თითქმის გამჭვირვალეა. მტკვარ-არაქსელები ქსოვდნენ ყაისნაღებით, ჩხირებითა და მარტივი დაზგებით. ძაფს თითისტარით გრეხდნენ და ართავდნენ, კვირისტავებიც უხვადაა აღმოჩენილი, ისინი თითქმის ყველა ნასახლარშია. ყორღანებში ქსოვილების დიდი ნაჭრებიDცაა ნაპოვნი. ანანაურისა და ბედენის ყორღანებში შემონახულია წაბლი, თხილი, კენკრა და თქვენ წარმოიდგინეთ, ტყავის ჩანთაც - მას ფოჩებიც აქვს და მოდურადაც კი გამოიყურება.

- ანუ ჩვენი უძველესი წინაპრები, შეიძლება ითქვას, მოდასაც ქმნიდნენ... - მოდაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სილამაზეს ნამდვილად ქმნიდნენ. ამ ნაკეთობებმა დღემდე მოაღწია...

უნდა აღინიშნოს მტკვარ-არაქსის კულტურის მაღალი სოციალური დონეც. ამას ადასტურებს პიქტოგრამები, რომლებიც თიხის ჭურჭელზე გვხვდება. ცხადია, ამით რაღაცის გადმოცემას ცდილობდნენ. შეიძლება ითქვას, მოახერხეს კიდეც - მათი სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენს ამჟამინდელ კულტურაშია გადმოსული სამეურნეო საქმიანობისა თუ ტრადიციების სახით, ეს კი ჩვენ შორის უწყვეტობას ადასტურებს.