"ისე გვეძინა, სინათლეს არ ვაქრობდით... ხალხი ითხოვდა, ოღონდ აქ ნუ გაგვაჩერებთ და..." - რას ჰყვებიან ქართველები, რომლებიც წმინდა მიწის ნაცვლად ისრაელის ციხეში აღმოჩნდნენ - კვირის პალიტრა

"ისე გვეძინა, სინათლეს არ ვაქრობდით... ხალხი ითხოვდა, ოღონდ აქ ნუ გაგვაჩერებთ და..." - რას ჰყვებიან ქართველები, რომლებიც წმინდა მიწის ნაცვლად ისრაელის ციხეში აღმოჩნდნენ

"საკანში მიმოვიხედე. ძველი პლასტმასის დოქები წყლისთვის, ალბათ, ერთი წლის მოუწმენდავი იატაკი, კედლებზე წარწერები კბილის პასტით, უმრავლესობა - ქართულად. საწოლებზე არც ზეწარი იყო, არც - ბალიში. კედლებზე სისხლი იყო, როგორც გავარკვიე, ბაღლინჯოების, ამიტომ ისე გვეძინა, სინათლეს არ ვაქრობდით"

ისრაელში, იერუსალიმში მოხვედრა ყველას ოცნებაა. ამ ქვეყანაში ხშირად ჩადიან ქართველი მომღერლები, რომლებიც შემოქმედებით საღამოებზე ქართულ-ებრაული სიმღერებით ანებივრებენ ებრაელ მეგობრებს. სიმღერა და ცეკვა ძალიან კარგია, მაგრამ ტურისტებად წასული ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი ჯერ სასაზღვრო კორდონის გრძელ რიგებში ხვდება, იქიდან კი სადეპორტაციო ოთახებსა და ციხის კამერებში... ქართველი ტურისტები ებრაელ მესაზღვრეებს და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა კაცი ორ ნათესავთან ერთად გაფრინდა წმინდა მიწაზე წმინდა ადგილების მოსალოცად. სჯეროდა, რომ იქ გამოჯანმრთელდებოდა, ნანატრ ხმებს გაიგონებდა და თვითონაც ამოთქვამდა აქამდე გულში დაგროვილ სათქმელს, მაგრამ ისრაელის აეროპორტში, საბაჟო კონტროლისას, ის, ნათესავებთან ერთად, საემიგრაციო ოთახში მოხვდა, იქიდან - ციხის კამერაში, მეორე დღეს კი - მრავალწლიანი დეპორტით უკან, საქართველოში. საშინელ ებრაულ ვოიაჟზე სტატიის გმირის ნათესავი ნიკა ჯალაღონია გვიყვება:

- ისრაელში მცხოვრები მეგობარი დიდხანს გვთხოვდა, სტუმრად ჩავსულიყავით, მაგრამ ვერ ვახერხებდით. რამდენიმე კვირის წინ ქორწილი ჰქონდა და ჩვენც წასვლა გადავწყვიტეთ. ვიფიქრეთ, ისრაელს მოვინახულებდით, გავახარებდით მეგობარსაც და ჩემს ნათესავსაც, რომლის ოცნება იყო წმინდა მიწაზე მოხვედრა. 12 ნოემბერს თელავივში, ბენგურიონის საერთაშორისო აეროპორტში ჩავფრინდით. აეროპორტის გარე პერიმეტრზე ჩვენი ებრაელი მეგობრის დედა გველოდა, რომ თუ დაკითხვის დროს ენის ბარიერი წარმოიქმნებოდა, დაედასტურებინა, რომ მასთან მივდიოდით.

- რა მიზეზით არ შეგიშვეს ისრაელის ტერიტორიაზე?

- სასაზღვრო კონტროლის შემდეგ სამივე ერთად მივედით მესაზღვრესთან გასაუბრებაზე. ენის ბარიერის გამო მეუღლისა და ნათესავის მაგივრადაც მე ვილაპარაკე. გამოგვკითხეს, სად მივდიოდით, ვისთან, რამდენი გვქონდა თანხა, სად ვმუშაობდით, რამდენი ხნით ვრჩებოდით. შემდეგ მესაზღვრემ გაგვიშვა გასაუბრების ოთახში, სადაც რიგი დაგვხვდა. მალე ჩვენს გზას გამოუყენეს სხვა ქართველებიც. ჩვენთან ერთად იყო ქალბატონი, რომლის შვილი ისრაელის მოქალაქეა და მასთან ხშირად ჩადის, თუმცა ისიც საეჭვოდ ჩათვალეს.

ცოტა ხანში, ვინც ჩვენს რეისზე ქართველი იყო, ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი. ჩვენ შორის იყო ორი ქართველი ებრაელიც, რომლებსაც გარეთ ოჯახის წევრები ელოდებოდნენ. ბევრი იყო უკრაინელი და რუსიც. ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი ებრაელი მეგობრის ბიძა და ბიძაშვილიც, რომლებიც ადრე ნამყოფი იყვნენ ისრაელში. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ქალმა გამოიტანა ჩვენი საბუთები და ამოიკითხა რვა გვარ-სახელი. მათ შორის ორი ქართველი ებრაელი იყო. მათ აუხსნეს, რომ ებრაელები იყვნენ და გარეთ ოჯახის წევრები ელოდებოდნენ, რის შემდეგაც მათი საბუთები გასაუბრების ოთახში დააბრუნეს და დატოვეს, ჩვენ კი ჩაგვიყვანეს დეპორტის ოთახში, თითის ანაბეჭდები აგვიღეს, სურათები გადაგვიღეს და ისევ ამოგვიყვანეს.

- დეპორტაციის ოთახში გასაუბრებისას რა მოხდა?

- გასაუბრებამ თითქმის ოთხი საათის შემდეგ მოგვიწია. პირველად ჩემი ნათესავი გამოიძახეს, რომელმაც არც რუსული იცის და ქართულადაც ძლივს გამოიტან აზრს მისი ნათქვამიდან. მივედი თანამშრომელთან და ავუხსენი, რომ ამის გამო მე უნდა დავსწრებოდი საუბარს. გამომიძახეს, მისი და ჩემი მეუღლის შესახებ ყველაფერი გამომკითხეს და ქვეყანაში შესვლაზე უარი გვითხრეს. არ გამიპროტესტებია, რადგან ეს მათი უფლება იყო. მერე გადაგვიყვანეს დეპორტირებულთა კუთხეში. აქვე იყვნენ სხვებიც - ქართველებიც და არაქართველებიც. საპირფარეშოში გასვლა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა რომელიმე თანამშრომელი გვეტყოდა, წამოდითო. თუ იმ მომენტში გეძინა ან სხვა მიზეზით შანსს ხელიდან გაუშვებდი, მომდევნო 3-4 საათი უნდა დალოდებოდი. სასაზღვროს თანამშრომლები ერთმანეთს ყოველ ორ საათში ენაცვლებოდნენ. დილის 9 საათისთვის ქართველების ნაწილი გაიყვანეს. ვიფიქრეთ, რომ საქართველოში გამოუშვეს. ჩვენ კი რიგს ველოდებოდით. 10 საათისთვის ისევ დეპორტირებულთა ოთახში ჩაგვიყვანეს. დაცვამ გვითხრა, რომ საქართველოში საღამოს 7 საათზე გამოვფრინდებოდით. დივანზე წამოვწექით და დავიძინეთ. ცოტა ხანში ხმაურმა გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ბევრი ადამიანი დამხვდა. როგორც ჩანს, ჩემი ძილის დროს კიდევ ბევრი ჩამოიყვანეს. ყუთით დაგვიდგეს სენდვიჩები, ძალიან უგემური ზეთისხილით და ყველით. ოთახის შუაში მაგიდაზე, ჭუჭყიანი დოქით წყალი იდგა. მეთვალყურეები ძალიან ცივად გვექცეოდნენ; კითხვით მიმართვის უფლებასაც ძლივს გვაძლევდნენ და უარით გვისტუმრებდნენ.

მხოლოდ ერთი-ორი თუ იყო, ვინც რუსული იცოდა და ისინიც პასუხს გვამადლიდნენ. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა გამოირჩეოდა თბილი დამოკიდებულებით. საშა ერქვა. კითხვაზე, რატომ გვექცევი განსხვავებულადო, გვიპასუხა, ვცდილობ, ჩემი დამოკიდებულებით მაინც შეგიმსუბუქოთ მდგომარეობაო. 7 საათი რომ ხდებოდა, შევახსენე საშას, ჩემი გაფრენის დროა-მეთქი. დარეკა და მითხრა, უნდა დაელოდო, შენს საკითხს გადაწყვეტენო. საელჩოს მივწერე ჩვენი მდგომარეობის შესახებ, ოჯახსაც. საელჩო საკითხის გარკვევას დამპირდა. 9 საათი იქნებოდა, მოვიდა ვიღაც, ხელში ჩვენი საბუთები ეჭირა. მე, ანი, დათა, ერთი რუსი ქალი და ორი ტაილანდელი ჩაგვსხეს ავტომობილში და გვითხრეს, სასტუმროში მივდივართო. ვიფიქრეთ, ალბათ, საელჩომ პრობლემა მოაგვარა და ხვალ მოვფრინავთ, ამიტომაც სასტუმროში გამოძინების საშუალებას მოგვცემენო. მივედით სასტუმროში. პერიმეტრი ისე იყო დაცული, ჩემმა ცოლმა იხუმრა, მგონი, ციხეში ვართო. შეგვიყვანეს შენობაში, რომელიც სასტუმროს არ ჰგავდა. მოგვთხოვეს ნივთების დალაგება, ტელეფონებისა და საფულეების ჩანთებიდან ამოღება. მეგონა, ნომერში ავდიოდი და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. მცველმა გამაჩერა და მომთხოვა, მეჩვენებინა, ჯიბეში რა მქონდა. ამოვიღე ტელეფონი. გათიშვა მომთხოვა, თან მეორე მცველს უთხრა, ტელეფონი აქვსო. მან მაშინვე ხელი ჩამავლო, კედელზე მიმახეთქა და ტელეფონი ნაგვის ურნაში ჩამიგდო. მერე მე და ჩემი ცოლი სხვადასხვა მიმართულებით წაგვიყვანეს. ციხის კამერაში აღმოვჩნდი. საკანში 10-ოდე კაცი დამხვდა. ვიცანი ის ხალხი, ვინც ჩემთან ერთად ჩამოფრინდა. მე მუცელი მტკიოდა, ექიმის ნახვა მინდოდა, კარზე ვაბრახუნებდი, მაგრამ არავინ მოვიდა. ბიჭები წყალს ითხოვდნენ, ამაოდ. 3-4 საათის შემდეგ მოვიდა მცველი და ექიმზე უარი მითხრა, წყალი კი მოგვიტანა. კიდევ კარგი, ერთ ქართველს აღმოაჩნდა ტკივილგამაყუჩებელი... ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი, სად იყო ანი.

საკანში მიმოვიხედე. ძველი პლასტმასის დოქები წყლისთვის, ალბათ, ერთი წლის მოუწმენდავი იატაკი, კედლებზე წარწერები კბილის პასტით, უმრავლესობა - ქართულად. საწოლებზე არც ზეწარი იყო, არც - ბალიში. კედლებზე სისხლი იყო, როგორც გავარკვიე, ბაღლინჯოების, ამიტომ ისე გვეძინა, სინათლეს არ ვაქრობდით. თანდათან ხალხი გვემატებოდა - უკრაინელები, ესპანელიც კი, და ბოლოს - ერთი ქართველი. მაგიდებზე ამოკაწრული იყო ნარდის დაფა, კამათლები კი პურისგან იყო გაკეთებული.

- მეუღლის შესახებ რამეს იგებდით? - ეზო ჩვენს ფანჯარასთან იყო და 11 საათზე ქალებს ასეირნებდნენ. ანიც მაშინ შევნიშნე. დავუძახე და ისიც ჩემკენ გამოემართა, მაგრამ უცებ გაისმა სტვენა, ყვირილი და ანი წაიყვანეს. ბიჭები რიგრიგობით მივდიოდით ფანჯარასთან - ყველას უნდოდა მეუღლესთან დალაპარაკება.

ქალების შემდეგ ჩვენი გასეირნების დროც დადგა. აქვე გავარკვიეთ, რომ ყველას გვქონდა დეპორტი, სავარაუდოდ, 10-წლიანი. ჩვენ შორის ერთი ავადმყოფი იყო. ჰქონდა მოწვევა იქაური საავადმყოფოდან, ექიმის ნომერი, დაავადების ისტორია, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც შეუმოწმებიათ და პირდაპირ ციხეში წამოიყვანეს. ცოტა ხანში ოჯახებში დარეკვა ვცადეთ, თუმცა ამისთვისაც მათი ნებართვა გვჭირდებოდა. ერთს უკან დასაბრუნებელი ბილეთი 16-ში ჰქონდა, ციხიდან გაშვების დროდ კი 19 ჩაუწერეს. მე გავარკვიე, რომ 9 საათზე მივფრინავდი იმ ქართველებთან ერთად, ვისთანაც ჩამოვედი. სხვებიც ითხოვდნენ, ოღონდ აქ ნუ გაგვაჩერებთ და ბილეთს დღესვე ვიყიდითო.

- სანამ საქართველოში დაბრუნდებოდით, საქართველოს საელჩო რით დაგეხმარათ? - როგორც იქნა, გაგვიყვანეს საკნებიდან და აეროპორტისკენ წაგვიყვანეს, ოჯახსაც შევეხმიანე. როგორც მითხრეს, საელჩოს დაუკავშირდნენ, მაგრამ მიიღეს ირონიული პასუხი, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავით; გოჭის ხორცს არავინ მოგვართმევდა, მაგრამ მშივრებს არ დაგვხოცავდნენ, ხელმეორედ დარეკვის შემდეგ კი მოსთხოვეს, აღარ დაერეკათ, რადგან ჩვენნაირი იქ ბევრი ჩადიოდა. რომ ჩამოვფრინდით, აქაც გვითხრეს, რომ საქართველოდან იყო გაცემული განკარგულება, ქართველები არ შეეშვათ.

აეროპორტში სცემეს უცხოელ მუსიკოსს, რომელიც ებრაელების არაადამიანურ დამოკიდებულებას აპროტესტებდა.

"კვირის პალიტრა" მომხდართან დაკავშირებით ისრაელში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა:

- იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეს აინტერესებს, რატომ ეთქვა უარი ქვეყანაში შესვლაზე, ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს. რაც შეეხება ქვეყანაში შეშვების წესს, ამაზე პასუხისმგებელია იმ ქვეყნის საზღვრის დაცვა. საქართველოს საელჩოს არა აქვს უფლებამოსილება, მის გადაწყვეტილებაში ჩაერიოს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც საჭიროა ისრაელში მგზავრობისთვის. ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა ორივე მხარის მიერ. გარდა ამისა, როდესაც საქართველოს მოქალაქე საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საელჩოს ოფიციალური განცხადებით მიმართავს, ყოველთვის ხდება მყისიერი რეაგირება. აღნიშნულ მოქალაქეს საელჩოსთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.