გავახსენდები მკითხველს! - კვირის პალიტრა

გავახსენდები მკითხველს!

წაიკითხავენ, დამირეკავენ...

პირველი თქვენა ხართ, ვინც მოიფიქრეთ ჟურნალ "გზასთან" ერთად ჩადებულ წიგნში ჩემი ნაწვალ-ნადაგიც მოგეთავსებინათ და დაკარგული მკითხველი მოგეძებნათ ჩემთვისო, - სიხარულნარევი დანანებით მეუბნება 77-ე წელიწადში ფეხგადადგმული მწერალი და სცენარისტი, ლიახვის ხეობაში, მოგვიანებით "დიდ ქალაქად" გადაქცეულ "პატარა ქალაქზე მიკერებულ სოფელში" - ცხინვალში რომ დაბადებულა, გაზრდილა და ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, წლების შემდეგ ცრემლითა და სევდით თუ გაიხსენებდა "ბარის დაბლობ საქართველოში, ლიახვიდან განშტოებულ რუზე გაწყობილ მორახრახე და მარცვლის მფქველ წისქვილსა თუ ბრუდსაბძელადან წამოსული ხარირმის ხმას"...

ხუთშაბათს მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად "ქართული პროზის საგანძურის" 29-ე ტომს - მერაბ ელიოზიშვილის მოთხრობებს მიიღებს.…

- გავახსენდები მკითხველს, გაუხარდება: ცოცხალი ყოფილაო. წაიკითხავენ, დამირეკავენ... შესაძლოა არც დამირეკონ... ვნახოთ, ვნახოთ. მოთხრობა "მოგზაურობა და ხიფათი" ხომ დაბეჭდეთ? მანდ პატარ-პატარა სატკივრებია ნათქვამი და ქართული ზღაპარივით წაიკითხავ კაცი. ბუნებაში გადიხარ, მტკვარი აქეთ-იქით გახეთქებს, ხან მერცხლები დაგჭიკჭიკებენ, ხან მტრედები აგიფრინდებიან...

სიცოცხლეში მიდიხარ, კაცო. მაშინ მტკვარზე რეზინის ნავით ვიმოგზაურეთ, ოთხნი ვიყავით - ცხინვალელი თანაკლასელ-თანასკოლელები. დღეს აღარც ერთია ცოცხალი, მარტო მე დავრჩი... ცხოვრების ნავზე. რა არის ეს ცხოვრებაც? სიყვარულის გარეშე არსებობს? როგორ შევიყვაროთ ეს სიყვარული, მითხარი? ჩვენი სამშობლო როგორ შევიყვაროთ, კაცო?

როგორ ვნახოთ სარდალი, რომელიც ჩვენს სამშობლოს გამოადგება? კი ბატონო, გაიარეთ თქვენს დაგებულ ასფალტზე, მაგრამ ეს ქართლი რომ აგვატყავეს? სომეხსა და ოსს ვეკითხები: სახელები გიწოდეთ, თქვენი ნათლიები ვართ - ოსს ოსი დაგარქვით და სომეხს - სომეხი. თუ გძულდათ, რას მოდიოდით ჩვენთან? ეჰ, იმდენი ნაგავია ირგვლივ, შვილო, მე, ალბათ, ამას ვერ გავხვეტავ. რაც დავწერე, ის წიგნები იქნება გზამკვლევი ჩემს მკითხველთან, ჩემსავით დაბერებულთან, მოხუცებულთან ან იქნებ ახალგაზრდასთანაც...

მწერლის პირველი მოთხრობა "ბებერი მეზურნეები", რომელიც ჩვენს ტომეულშიც დავბეჭდეთ, წლების წინ სპექტაკლად და ფილმად აქციეს. არადა, ვიღას ახსოვს ის მოხუცები - მედოლე თედო, მეზურნე ბუთხუზა და მეგარმონე სოსა?

- პირველად სოფელ ნიქოზში რომ მოვუსმინე ამ მეზურნეების დაკრულს, ტირილი დავიწყე. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი. ეს ის ნიქოზია, დღეს რომ სამაჩაბლოს აათალეს. იქ ხომ ჩამომაჭრეს ეს კუზივით პატარა სამაჩაბლო, ახლა აქაც მომაჭრეს, თბილისში, ასევე პატარა ქუჩაზე, მაჩაბლის სახელს რომ ატარებს და მწერალთა კავშირი რომ იყო ადრე. სად წავიდე-მეთქი, - ვკითხულობ.

20 წლის წინ ჰკითხეს და დღესაც ვეკითხები: მართლაც, რა უნდა დაწეროს მწერალმა წლების განმავლობაში ისეთი, "ჯებირად რომ აღაყენოს ხალხი წარღვნის წინააღმდეგ"?

- პირველ რიგში, თვითონ უნდა გაკეთილშობილდეს მწერალი. კაცთმოყვარე, სიყვარულით სავსე უნდა იყოს. თუ ასეთი გულით დაწერს, ხალხამდე აუცილებლად მივა მისი ნათქვამი.

წერთ, სკოლაში სწავლის განმავლობაში იაკობ გოგებაშვილის "დედაენაზე", მის "ბუნების კარზე" უსაყვარლესი  და დედური წიგნი მე არა მჭერიაო. დღეს "ახალი დედაენები" აქვთ პატარებს, გათანამედროვებული, ანაბანის შესასწავლად კომპიუტერებსაც ჩუქნიან...

- ვფიქრობ, მხატვრულად როგორ მოგახსენოთ: კაცს რომ ცოლი გაუბოზდება და მერე იმავე ოთახში მეორესა და მესამეს მოიყვანს, ეგეთი გნიასი და წრიალია ახლა ჩვენთან. ძალიან დიდი ხანია, ათასნაირი ბრძოლა დაიწყო ქართული მეტყველების წასაქცევად...

დღეს ოქროშიც რომ გავავლო ჩემი შემოქმედების "თეთრი ქარავანი", თავის "დიდედებ-შვილიშვილებიანად", ქუჩაში გადაყრა და მტვრად ქცევა ერთი იქნება. აღარ ვყიდი, თუ ვეღარ ვყიდი ჩემს პროზაულ სიყვარულს, ვერ გეტყვით.  აფსუს, ჩემო ნოველებო, მოთხრობებო, პიესებო, კინოსცენარებო!.. ტაბუ მადევს, ტაბუ...

დაახლოებით, ოც წელიწადზე მეტი იქნება, მერაბ ელიოზიშვილის წიგნები არ დაუბეჭდავთ. მხოლოდ 10-15 წლის წინ გამოსცეს მისი "ანდერძი" და "აღემართენით".

- მიხარია, რომ ახლა თქვენ დაბეჭდავთ ჩემს წიგნს კარგი სურათით. კარგი ფოტოც რამეა, უფასოდ რომ გამოჩნდები ახლად აღმოჩენილი, დაკარგული სამშობლოს ხელახლა მაძიებელი.

არა მგონია, ასე იოლად ვინმემ დაგიბრუნოს ბავშვობა, ხილის ბაღები. დღეს, ერთბაშად... ან, საერთოდ, გვეღირსება? შვილიშვილებს მაინც შევუნახავ სამშობლოს მოგონებებს ფურცლებზე...

ირმა ხარშილაძე