"ჩემი შვილი ბოლო დროს ძილში­ ტიროდა, ოთახში მარტო არ დამ­ტო­ვოო,­- მთხოვდა... მშობლებო, გაფრთხილდით" - შემზარავ თამაშებში მცირეწლოვნებიც ჩაერთვნენ - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი ბოლო დროს ძილში­ ტიროდა, ოთახში მარტო არ დამ­ტო­ვოო,­- მთხოვდა... მშობლებო, გაფრთხილდით" - შემზარავ თამაშებში მცირეწლოვნებიც ჩაერთვნენ

"მოგესალმებით, დღეს ჩვენს კლასში ბავშვებმა ინტერნეტში გავრცელებული "გრენი" ითამაშეს და რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანეს - დღეს სკოლაში განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდნენ. ეს არის საშიში თამაში, რომელიც ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს ბავშვზე. გთხოვთ გააკონტროლეთ ბავშვის მობილური ტელეფონები. თავად გადმოვწერე და პირველი ტური რომ ვითამაშე, ძალიან ცუდად გავხდი. ამას რომ 7 წლის ბავშვი ნახავს, მის ფსიქიკას რა დაემართება?! 50 მილიონი ჩამოტვირთვა აქვს და 6-დან 10 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. თამაშის მიზანია ბავშვი თამაშდამოკიდებული გახადოს, ბოლოს კი დავალებებს აძლევენ, "ლურჯი ვეშაპის" მსგავსად".

ეს შეტყობინება მშობლებმა ერთ-ერთი სკოლის პირველი კლასის დამრიგებლისგან მიიღეს. თამაშს "ბებია", ანუ ინგლისურად Granny ჰქვია და აპლიკაციის ჩამოტვირთვა ყველასთვის ხელმისაწვდომია. მშობლებს სწორედ მისი სახელი აბნევს, წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ თამაში, სახელწოდებით "ბებია", შეიძლება ფსიქოლოგიურად ატერორებდეს მათ შვილებს. ზომბის ტანსაცმელში გადაცმული ბებია სახლში გატყვევებთ, თამაშის მთელი არსი სახლიდან თავის დაღწევაში მდგომარეობს, თუ გიპოვათ, გკლავთ. ეკრანზე სისხლის შხეფები, გრენის ნაბიჯების ხმა, შიში, დამთრგუნველი მუსიკა - ეს თამაში შემზარავია.

ნინო ინასარიძე, მშობელი: "წყნარი შვილი მყავს, არადა, ბოლო დროს ძილში ტიროდა. რომ ვეკითხებოდი მიზეზს, ვერ მპასუხობდა, ოთახში მარტო არ დამტოვოო, მთხოვდა. ერთ დღეს დამრიგებელმა მშობლები დაგვიბარა, თქვენი შვილები ძალიან აგრესიულები არიან და ხშირად ახსენებენ "გრენისო". ამის შემდეგ გადმოვიწერე ეს თამაში და ცუდად გავხდი... მშობლებო, გაფრთხილდით - "გრენი", "ფრედი" და "სლენდერმენი" საშიში თამაშებია. სანამ ბავშვი თამაშის ბოლო ეტაპამდე გავა, შესაძლოა, ფსიქიკურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს".

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით, ადამიანები, რომლებიც ვიდეოთამაშებს თამაშობენ, სამყაროს უფრო საშიშად აღიქვამენ, რასაც ჭარბი აგრესია განაპირობებს. კვლევაში 70 სტუდენტი მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში ნაწილი აგრესიულ ვიდეოთამაშებს თამაშობდა, ნაწილი - უფრო მშვიდს. შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს გამოგონილი სიუჟეტის დაბოლოება. სტუდენტების იმ ნაწილმა, რომლებიც საშიშ თამაშებში იყვნენ ჩართული, აგრესიული და ტრაგიკული ფინალი შექმნეს...

ბავშვების ჩართულობა ვირტუალურ სამყაროში თანდათან უკონტროლო ხდება, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. "ყოველდღიურად დასტურდება, რომ ბავშვები სულ უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ ინტერნეტით სარგებლობას და ეს უფრო და უფრო პირადული სივრცე ხდება ბავშვებისთვის", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის ანგარიშში "ბავშვები ციფრულ სამყაროში".

P.S. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კანონი "ინტერნეტის შესახებ". დღეს მხოლოდ მშობლები და სკოლაა ბავშვების დაცვის მექანიზმი კომპიუტერული თამაშებისგან.

უცხოურმა მედიამ მცირეწლოვანი ბავშვების 3 ყველაზე საშიში თამაში დაასახელა

Five nights at Freddys - ხუთი ღამე ფრედისთან

თამაშის გმირები თითქოს უწყინარი სათამაშოები არიან, მაგრამ შემდეგ მონსტრებად გადაიქცევიან. მათი მიზანი მოთამაშის დაშინებაა. შინაარსი ასეთია: პიცერიაში შევიდა მანიაკი, რომელმაც იქ მყოფი ბავშვები დახოცა. ბავშვების სულები კი ანიმატორებს ჩაუსახლდნენ და შურისძიება დაიწყეს. ნელი ნაბიჯების ხმა, ბნელი ოთახები თამაშს უფრო დაძაბულს ხდის.

Granny - მონსტრი ბებია

ბავშვი უკაცრიელ სახლში ხვდება, სადაც ბებია-ზომბი ცხოვრობს და ბეისბოლის ჯოხით დაეძებს მოსაკლავად. თამაშში უკვე დახოცილი ბავშვებიც ჩანან, რაც უფრო ზაფრავს მოთამაშეს.

The Slender Man - გამხდარი კაცი

"სლენდერმენი" - პარანორმალური არსება ბავშვებს იტაცებს და მათ გონებას აკონტროლებს, მოთამაშე კი ემალება, რომ "სლენდერმენმა" არ იპოვოს. მას გრძელი ხელ-ფეხი და წაშლილი სახე აქვს.