"სულზე მისწრება იყო თქვენი წიგნები" - კვირის პალიტრა

"სულზე მისწრება იყო თქვენი წიგნები"

მედიასახლ "პალიტრის" პროექტის - "ქართული პროზის საგანძურის" სერიით ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების 3 ლარად გავრცელება ძალიან პოპულარული გახდა ქართველ საზოგადოებაში.

განა მარტო მკითხველ საზოგადოებას ვგულისხმობ! იმათზეც ვამბობ, ვინც წიგნს ამ პროექტით დაუმეგობრდა და მათზეც, ვინც კარგმა მაგალითმა - ჟურნალებთან ერთად წიგნების გამოცემამ, ისე აიტაცა და გაიტაცა, თვითონაც ამ საქმეს მიჰყო ხელი.

ჩვენს წიგნს მოწყურებულ ხალხს გამომცემლობების ასეთი გააქტიურება მხოლოდ შვებასა და სიხარულს თუ მოუტანს. "ქართული პროზის საგანძური" კი ამ ხუმრობა-ხუმრობაში გაიზარდა, გაიზარდა და 28-29 ტომსაც მიაღწია. "სიგრძეში" გაზრდას ვინ ჩივის, 5000-ით დაწყებული ტირაჟი ხანდახან 30000-საც აჭარბებს და ეს იმ ქვეყანაში, სადაც მანამდე 2-3 ათასი ცალი წიგნის გამოცემა და გაყიდვა დიდ წარმატებად ითვლებოდა.

"რა კარგი გამოცემაა!"

როდესაც "პროზის" 23-ე ტომად მწერალ გურამ ფანჯიკიძის რომანი "თვალი პატიოსანი" გამოვიდა, ბატონი გურამის მეუღლე, ცნობილი მთარგმნელი და პედაგოგი, ქალბატონი დალი ფანჯიკიძე დასასვენებლად გახლდათ და მხოლოდ ახლახან მივაწოდეთ ჩვენი მედიასახლის ტრადიციული საჩუქარი - "პროზის" 23-ე ტომის 10 წიგნი.

დალი ფანჯიკიძე: - რა კარგი გამოცემაა! ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ, თანაც ასე კარგად - ხარისხს, ფასსა და გავრცელების საშუალებას ვგულისხმობ, - გამოეცით გურამის გახმაურებული ნაწარმოები, რითაც ის შემოვიდა და საბოლოოდ დაიმკვიდრა კიდეც ადგილი ქართულ ლიტერატურაში.

თვითონ პროექტზე ვარ ძალიან მაღალი აზრის (იღიმის). ამ წიგნების გამოცემა აუცილებელი და საჭიროა ახალგაზრდა თაობისთვის, რომელმაც არ იცის, არცთუ დიდი ხნის წინ რა ლიტერატურა გვქონდა და რომელი მწერლები მოღვაწეობდნენ. საოცრად კარგი ფორმაა ახალგაზრდებისთვის, რომ წიგნს ხელი მოჰკიდონ, მიეჩვიონ. გულწრფელად გილოცავთ პროექტს, რომელიც, ვფიქრობ, წარმატებით მიმდინარეობს.

KvirisPalitra.Ge"თანაც რა იაფია!"

მკითხველის დაინტერესებამ და მომრავლებამ ტირაჟის გაზრდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე გამოცემული წიგნების დამატებითი ტირაჟიც მოითხოვა. დამატებითი ტირაჟი, რასაკვირველია, დამატებით ჰონორარსაც გულისხმობს, რაც სიურპრიზი აღმოჩნდა ჩვენი მწერლებისთვისა და მათი მემკვიდრეებისთვის. ბევრისთვის უსაყვარლესი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის დამ, ქალბატონმა მარინე რჩეულიშვილმა შეგვაქო კიდეც:

თქვენი მედიასახლის მსგავსი მოწესრიგებული გადამხდელი დღეს იშვიათად შეხვდება ადამიანსო. არანაკლებ გაიხარა ასევე უსაყვარლესი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნანული დუმბაძემ: - ძალიან გამიხარდა, რომ ტირაჟი გაიმეორეთ და დამატებითი ჰონორარიც მომიტანეთ! სასიამოვნო იქნება, მესამეჯერაც თუ გამოსცემთ (იცინის).

სხვათა შორის, ამ გამოცემის გამო ბევრი მირეკავს. პირველად ხომ არ დაუბეჭდავთ ნოდარის წიგნი, მაგრამ იმან გაახარათ, რომ ჟურნალთან ერთად გამოვიდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, თანაც რა იაფი იყო! ხალხს წიგნის კი არა, პურის ფული არა აქვს! სხვებს კი არა, მე მიჭირს, შვილო! ძალიან კმაყოფილი ვარ, ედიშერ ყიფიანის წიგნიც რომ გამოეცით. იცით, ედიკო სულ დაივიწყეს. ყველა გამომცემელს ვეკითხებოდი, რატომ არ ბეჭდავთ-მეთქი.

"ხომ ხედავთ, სხვა გამომცემლობებმაც მოგბაძეს!"

ბატონი რეზო ჭეიშვილიც ახლახან დაბრუნდა აგარაკიდან და მოკითხვისთანავე კითხვაზე გადავიდა: - ახალი სერიებიც რომ დაწყებულა? ხომ ხედავთ, მოგბაძეს სხვა გამომცემლობებმაც. სწორად იყო თქვენი პროექტი გათვლილი: მცირე ფასი დაადეთ, წიგნი კი მოსახერხებელი და კარგი გამოუშვით. როდესაც წიგნს სერიის სახე აქვს და ინომრება, რამდენიმეს რომ შეიძენს კაცი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ის არც ერთ ტომს აღარ გამოტოვებს. აგერ, ჩემი მეუღლეც არ უშვებს ხელიდან და ყოველ ხუთშაბათს ყიდულობს ჟურნალ "გზასთან" ერთად (იცინის).

"ეს წიგნები მოსწავლეებთან მუშაობისას ძალიან მეხმარება"

გვარიანი აჟიოტაჟია თბილისს გარეთაც - საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში უამრავი მკითხველი შევიძინეთ. ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზევინარ მჟავანაძე ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პირველი და აქტიური გულშემატკივარია: - ჩვენთვის სულზე მისწრება იყო თქვენი წიგნები, რომელიც ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენს. მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი და ჩემს მოსწავლეებთან მუშაობისას ძალიან მეხმარება ეს ტომეული.

უმრავლესობამ შეიძინა და მეც იოლად ვავალებ ქართველი მწერლების იმ ნაწარმოებების წაკითხვას, რაც მეტ განათლებას მისცემს თითოეულს. ჩემი 15 წლის ვაჟიც დიდი გატაცებით კითხულობს, უკვე ოტია იოსელიანისა და არჩილ სულაკაურის სხვა ნაწარმოებების მოძიება დაიწყო. სხვათა შორის, ახალციხეში თუ დილითვე არ მიაკითხე ჯიხურს, ან წინასწარ არ გააფრთხილე გამყიდველი, წიგნი შეგინახოს, უეჭველად ხელცარიელი დარჩები.

ვიცი, რომ ტირაჟი გაზარდეთ, მაგრამ ჩანს, ახალციხელებს მაინც არ გვყოფნის - ფაქტია, რომ მეორე დღეს წიგნს ვეღარსად იშოვი. ისიც შევიტყვეთ, რომ გამოწერა შეგვიძლია, მით უმეტეს, სკოლებისთვის შეღავათი დაგიწესებიათ და სამ ლარად უკვე გამოცემული ტომების შეძენასაც შევძლებთ. სწავლის დაწყებას ველოდებით, რომ სკოლაში მსურველთა სიები დავაზუსტოთ, მერე თქვენს გამავრცელებელს (ქალბატონმა მზევინარმა პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა.ჯი" იგულისხმა - ი.ხ.) დავუკავშირდებით და, ალბათ, ყველაფერს მოვაგვარებთ.

"ქართული პროზის საგანძურის" უკვე გამოცემული თუ მიმდინარე ტომების გამოსაწერად პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა.ჯი"-სთან დაკავშირება ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ. სკოლებისთვის კი მართლაც გვაქვს განსაკუთრებული პირობა, ასე რომ, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 38-26-73, "საგანძურთან" დაკავშირებული შენიშვნებისა და წინადადებების გასაზიარებლად კი დაუკავშირდით მედიასახლ "პალიტრის" ცხელ ხაზს: 383-384.

ირმა ხარშილაძემ