ანაკლიის პორტი შენდება... ჩუმად
ანაკლიის პორტი შენდება... ჩუმად
ამ ქვეყანაში გასაკეთებელი რომ ბევრია, ყველა რეგიონში აღმო­აჩ­ენთ, ამაში ცოტა ხნის წინ ანაკლიაში სტუმრობის დროსაც დავრწმუნდი. სამეგ­რელოს რეგიონის ამ ულამა­ზეს დაბაში ჩასვლა ერთი ცნობილი ადამიანის სოციალურ ქსელში გამოფენილმა ფოტოებმა­ გადამა­წყვეტინა. კად­რების მიხედვით, ანაკლიაში ზაფ­ხული იდგა, როცა თბილისში უკვე დეკემბერი დამდგარიყო. მინდოდა საკუ­თარი თვალით მენახა, იყენებს თუ არა ამ არაჩვეულებრივ პოტენციალს სახელმწიფო­, ასევე მინდოდა მენახა­ მშენებარე ანაკლიის ღრმაწყლოვანი­ პორტი, რომლის შესახებაც მავანთაგან პირად საუბრებში ხშირად მსმენია, რომ ეს პორტი არ აშენდება.
მიზეზს არაერთხელ ჩავძიებივარ, მაგრამ ამაოდ... მოკლედ, ერთ დღეს ანაკლიაში ასე იყო:

სააკაშვილი ამ პორტის თემას ტელეეკრანებიდან არ ჩამოხსნიდა

ანაკლიაში 12 საათზე ჩავედი. მზე აცხუნებდა, მაგრამ ქარი გვსუსხავდა. მასპინძ­ე­ლმა დამაიმედა, ორი საათისთვის ჩადგება­ და მზე ისე დააჭერს, ზღვაში შეც­ურვა მოგინდებაო. ასეც მოხდა. თუმცა, სანამ ქარი ჩადგებოდა,
გეზი იქით­ ავიღე,­ სადაც ახლა გამალებით შენდება­ პორტი. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ამ პორტის თემას ტელეეკრანებიდან არ ჩამოხსნიდა და ყველა განცხადებას ამ მშენებლობის ფონზე გააკეთებდა. დღეს კი პორტი ჩუმად შენდება და სხვათა შორის, ბათუმისა და ფოთის პორტებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს საკუთრებაა და მხოლოდ მართვის­ უფლებით, იჯარით­ და არა სამუდამოდ გადაეცემა კერძო კომპანიას. თუმცა ხალხს თბილისსა­ და ანაკლიაშიც ჰგონიათ, რომ პორტს ერთი კონკრეტული პირი და ბიზნესჯგუფი­ საკუთრად იშენებს...
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი­ სიამოვნებით დამთანხმდა ექსკურსიაზე. უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ უზარმაზარ სამშენებლო მოედანზე­ გავედით. ზღვიდან ნაპირზე გადმოქაჩულ სი­ლაში, რომელიც ერთი შეხედვით უსაფ­რთხო ჩანს, შესაძლოა უცებ ჩაიძირო.­ სწრაფად უკან უნდა გადაწვე, რომ მაშველმა გართულების გარეშე ამოგიყვანოს.

სადაც პორტი შენდება, ჯერ მხოლოდ სილის დიდი ველია. აქ მანამდე ზღვისპირა ლანდშაფტი იყო. ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების ასაცილებლად, გადაადგილდა მელიორაციის სისტემა, ჭაობის ბინადრები კი საგანგებოდ­ შექმნილ ახალ გარემოში სათითაოდ გადაიყვანეს... სანაპიროს გრუნტი სუსტი, მცოცავი და ქვიშიანია, ამიტომ გამაგრებას ითხოვს.­ ანაკლიის პორტის გასამაგრებლად და სამი მეტრით ასამაღლებლადაც სპეციალური სამუშაოები ჩატარდა. სადრენაჟო სისტემით ზღვიდან ამოქაჩული სილა ჩემ თვალწინ ვეებერთელა ფართობზე იშლებოდა. მომავალი წლის ზაფხულამდე სილა დაიწურება, დაიტკეპნება და მზად იქნება ზედაპირზე გადასაგებად. ჩემი იქ ყოფნის დროს ზღვაში ჯერ კიდევ დამაღრმავებელ სამუშაოებს ასრულებდა მსოფ­ლიოში ყველაზე დიდი დამაღრმავებელი გემი "ათენა", რომლის დავალებაც, ნაპირზე გადმოეტვირთა 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა, დასასრულს უახლოვდებოდა. ტერიტორიაზე ამ რაოდენობის ქვიშის მანქანებით შეტანას­, ოპტიმისტური გათვლებით, თურმე 2 წელი დასჭირდებოდა, "ათენას" კი ორი თვეც ეყო.

ამ ეტაპზე პორტის მშენებლობის პირველი ფაზის სამუშაოები მიმდინარეობს. 120 ჰექტარზე რკინიგზის ჩიხები, საკონტეინერო­ ეზო და ნაყარი ტვირთის ტერმინალი უნდა მოეწყოს. დაიდგმება 150 მ სიმაღლის­ ამწეები. ასეთი შავ ზღვაზე მხოლოდ კონსტანცას პორტს ჰქონია... 2020 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტი პირველ გემებს მიიღებს. საკონტეინერო ნავმისადგომი ერთდროულად მიიღებს ორი პანამაქსის­ ტიპის გემს, მესამე კი, ნაყარი ტვირთის ტერმინალთან, კილომეტრის სიგრძეზე გაჭიმულ ტალღებმტეხთან განთავსდება. ანაკლიის პორტმა ისტორიულ"აბრეშუმის გზაზე საქართველოს ძველი ფუნქცია უნდა აღუდგინოს და დასავლეთისა და აღმოსავ­ლეთის უალტერნატივო შემაერთებელი გახდეს.

მიზანი იდეალურია და იდეალურად ხორცშესხმას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ანაკლიის პორტმაც ისეთივე მიტოვებულის შთაბეჭდილება დატოვოს, როგორიც თვითონ ამ საკურორტო დაბამ შემოდგომისთვის უჩვეულოდ თბილ დღეებში. აბრეშუმის გზაზე მხოლოდ უმაღლესი კლასის პორტი არ კმარა, გზებიც, საავტომობილოც და სარკინიგზოც, იმავე სტანდარტის უნდა იყოს, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. თბილისიდან ანაკლიამდე კი გზებზე ჩანს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ხიდზე ალაგ-ალაგ ამოყრილია ფიცრები

უზარმაზარ საფეხმავლო ხიდს განმუხურისკენ გავყევი. შესანიშნავი­ ჩანაფიქრია ენგურისა და შავი ზღვის შენა­კადთან ამ ხიდის, სასტუმროებისა და დას­ა­სვენებელი კომპლექსის მოწყობა, მაგრამ რო­გორც კი პირველი აღტაცება გაგივ­ლ­ის­,­­ ყველაფერს აჩქარების კვალს შეამ­ჩ­ნ­ევ, იმ აჩქარების, ანაკლიის მშენებლობის­ იდეის ავტორს, სააკაშვილს რომ სჭირდა­ - როგ­ორმე მაგიურ თარიღებს­ დამთხვეოდა­ მშენე­ბლობის დასრულება. ხიდზე ალაგ-ალაგ­ ამოყრილა ფიცრები, თუ არ შეკეთდა, გავლა სახიფათო გახდება.­ წარმოვიდგინე­, ანაკლია თურქეთში რომ იყოს, ან სულაც სომხეთში, დასასვენებელ გარემოს იდეალურად გამოიყენებდნენ ოთხივე სეზონზე სტუმრების მოსაზიდად და ანაკლიაში არ იარსებებდა სეზონური ბიზნესის ცნება. ახლა კი, შემო­დგომა-ზამთრის პერიოდში, ულამა­ზესი კურორტი­ თითქმის გაუკაცრიელებულია და საღამოობით სქელი, შავი და მყრალი კვამლი აწვება. ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რახან ანაკლიაში ბუნე­ბრივი აირის ქსელი არ არსებობს (რატომ არ უნდა არსებობდეს?!), სასტუმროებში წყლის გასაცხელებლად თხილის ნაჭუჭს ვწვავთ, ნაჭუჭი ეკოლოგიურად სუფთაა და არაფერს აზიანებსო, მიმტკიცებდა, თუმცა ისეთი სუნი იდგა, თავი ელექტროდეპოში მეგონა­. ისევ თურქეთის კურორტები გამახსენდა, სადაც ელექტროენერგიის მისაღებად იდეალურად იყენებენ მზის ენერგიას. ჩვენთან ამ მიმართულებით გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია...
"ხალხს ამ ქვეყნის საკუთრების შეგრძნება უნდა გაუჩნდეს"

ზღვისა და ენგურის შესართავთან მეთევზეები ანკესებით მწკრივზე გაჭიმულიყვნენ. სიტყვაძუნწები სატყუარაზე მოზიდ­ულ მსხვერპლს ელოდნენ. ერთი თავიდან ცალყბად, მაგრამ საინტერესოდ მეპასუხებოდა.
მეთევზე: - ზაფხულში აქ ბევრი ხალ­ხია, მაგრამ ჯერაც "კოიკის" გაქირავების დონ­ეზეა ბიზნესი. ეკონომიკურმა და პოლ­იტ­იკურმა პრობლემებმა ისე დააშინა ხალხი, რომ დახარბებულია, პირველსავე ჯერზე ბევრი იშოვოს. ამ ხალხისთვის არავის უსწავლებია ბიზნესის სწორად კეთება. ჩემმა მეზობელმა ზაფხულში­ ტურ­იზმიდან შემოსული ფულით შვილი­ უცხ­ო­ეთში სასწავლებლად გაუშვა და უთხრა, იქ მოეწყვე, უკან დაბრუნებაზე არ იფიქ­როო. გავბრაზდი! ასეთი ხალხი სახელმწიფოს კი არა, სახლს ვერ ააშენებს. მათ ვიღაცამ უნდა მიახვედროს, რას ნიშნავს სწორად აზროვნება, თორემ ნახავდით, აგერ შენდება პორტი, მოვა უცხოელი და საზღვარ­გარეთ გადაბარგებული ჩვენი შვილ­ების ადგილს დაიკავებს. იცით, ასეთი მიდგომა­ რისი ბრალია? ხალხს თავისად არ მიაჩნია­ ეს ქვეყანა. თუ ხალხს­ ამ ქვეყნის,­ როგორც საკუთრების შეგრძნება არ დაუბრუნდა, 25 წლის შემდეგ აქ სხვები იცხოვრებენ, ქვეყანას­ ისევ საქართველო­ ერქმევა, მაგ­რამ უქართველებოდ. აღარც აფხაზეთის პრობლემა იარს­ებებს, რადგან ის სხვები შემოიერთებენ... ჩვენ სახელმწიფოს ზედაპირულად ვაშენებთ და არა ადამიანების გონებაში.

- რა გქვიათ?
- არაფერში გჭირდებათ ჩემი ვინაობა, ბევრჯერ მომხვედრია ჩემი სახელის გამო...

- ზამთარი ანაკლიაშიც დგება?
- თქვენ ვერ ხედავთ, თორემ ჩვენ უკვე ზამთრის რეჟიმში ვცხოვრობთ. რისი შოვნაც ზაფხულში შეიძლებოდა, იშოვეს და ზაფხულამდე ვიძინებთ...

P.S. თბილისამდე გზაში უდროოდ დაძინებული კურორტის სევდა მომდევდა და თავს იმით ვინუგეშებდი, როგორც კი პორტი დაიწყებს მუშაობას, ანაკლიაში­ განვითარების ახალი ტალღა მოვარდება, განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდობა უკან დაბრუნდება, ანაკლიის პორტი კი აუცილებლად გახდება აზიისა და ევროპის უალტერნატივო შემაერთებელი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები