"ჩვენ არ ვეძებთ თუთაშხიასნაირ გმირებს, პოპულისტები უფრო მოგვწონს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ ვეძებთ თუთაშხიასნაირ გმირებს, პოპულისტები უფრო მოგვწონს"

მამუკა ყუფარაძეს ქართველი მაყურებელი დღეს სხვა ამპლუაში ხედავს და ალბათ, უმრავლესობამ არ იცის, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც ფილმში "დათა თუთაშხია" გუდუნა განასახიერა.

- გუდუნას როლს ორი შემსრულებელი ჰყავდა. მე ბავშვობა ვითამაშე, მოზრდილ გუდუნას კი თემურ წიქორიძე ასახიერებდა.

- როგორ აღმოჩნდით "დათა თუთაშხიას" გადასაღებ მოედანზე? - ჩემი ძმის კლასელი იყო გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილი ნანა. მას უთქვამს მამისთვის, ჩემს კლასელს ჰყავს, თქვენ რომ გინდათ, ისეთი გარეგნობის ძმაო. 9 წლის ვიყავი. იმხანად სკოლაში დავდგით სპექტაკლი "შაითან ხიხო". მე შაითან ხიხოს როლს ვთამაშობდი, ამ სპექტაკლის წყალობით მთელი 102-ე სკოლა მიცნობდა. დაგვირეკეს და მე და ჩემი ძმა მივედით ლორთქიფანიძეებთან სახლში. კარი ბატონი გიგას მეუღლემ, ქეთევან კიკნაძემ გაგვიღო, რომელიც ფილმში გუდუნას დედას თამაშობს, რომ შემომხედა, ყვირილი ატეხა - გიგა, ნახე, როგორ ჰგავს ოთარსო. მე არ ვიცოდი, ან ოთარი ვინ იყო, ან დათა თუთაშხია და გაკვირვებული შევცქეროდი.

მეორე თუ მესამე დღეს უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავი. მე მესამე სერიაში ვთამაშობ. ერთ ეპიზოდში, სკოლაში რომ მაცილებენ, ბარდღუნია გიჟი ბავშვებს შემოგვისევს ეზოში და მას ვეჩხუბები, რადგან დედაჩემ ბეჩუნის კახპას ეძახის, მეორე ეპიზოდში კი დათა ციხეში წასვლამდე საყვარელ ადამიანებს ემშვიდობება და შვილს მიაკითხავს, რომელიც ბავშვებთან ერთად მდინარეში თამაშობს.

ამ ორი ეპიზოდის შემდეგ ჩემთვის თეატრალური სამყაროს კარი გაიხსნა - გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანა და სპექტაკლში "ეზოში ავი ძაღლია" ოთხი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. მერე ვითამაშე კიდევ ორ სპექტაკლში - "ურელ აკოსტა" და "ბარონი მიუნჰაუზენი" და კიდევ ერთ ტელესპექტაკლში.

- ოთარ მეღვინეთუხუცესმა რა თქვა, რომ გნახათ? - როგორ კურიოზულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენ გადასაღებ მოედანზე არ შევხვედრივართ. ის ეპიზოდი, როდესაც ერთმანეთს ვუსწორებთ მზერას, ცალ-ცალკე გადაიღეს. მითხრეს, აი, აქეთ იყურე და წარმოიდგინე, რომ იქ მამაშენი დგასო.

ფილმი ეკრანებზე რომ გამოვიდა, ჩემ მიმართ ყურადღება ერთიორად გაიზარდა. რომ გავივლიდი, მომაძახებდნენ ხოლმე - თუთაშხიაო; ერთი-ორმა გაბედა და თუთაშხიას ნაბიჭვარიც მიწოდა, ზოგი კი ღიმილით ამბობდა, ეს ხომ გუდუნააო...

ძალიან საინტერესო ფილმი იყო. არ ვიცი, ახალ თაობას მოსწონს თუ არა, მაგრამ ჩვენ ძალიან მოგვწონდა. ახალი სიტყვა იყო - გმირი, რომელიც არც რევოლუციონერია, არც კომუნისტი, არც რაიკომის მდივანი. სამართლიანობისთვის მებრძოლი აბრაგი, ღირსებით აღსავსე ადამიანი, რომელიც, ამავე დროს, ჩვენს ეპოქასაც უკავშირდებოდა. მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ საბჭოეთში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ამ ფილმმა.

- სკოლის შემდეგ რა პროფესია აირჩიეთ?

- გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. კარგა ხანს პროფესიით ვმუშაობდი, მერე კი, ყველაფერი რომ"აირია, ჩემი სამსახურიც დაიკეტა, რადგან მოსკოვიდან ფინანსდებოდა. ამის შემდეგ პროფესია შევიცვალე - ჟურნალისტი გავხდი, სხვადასხვა არხზე ვმუშაობდი კორესპონდენტად. ახლა დოკუმენტურ ფილმებს ვიღებ. დროგამოშვებით სტუდია "რეში" მიმყავს პოლიტიკური გადაცემები, ვმართავ დისკუსიებს კონფლიქტის თემაზე.

- თქვენი ფილმი "ნების არქონა" აფხაზურმა ტელევიზიამაც აჩვენა. - ამას აფხაზეთში ვნებათაღელვა და პოლიტიკური დაპირისპირებები მოჰყვა. ეს ფილმი დიდი გამოწვევა იყო აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. ექვსჯერ ვარ ნამყოფი აფხაზეთში. სამჯერ აფხაზების მიწვევით ფილმის პრეზენტაცია გავმართე, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

- თუთაშხია და დღევანდელობა... - ალბათ, დღევანდელ საზოგადოებას აკლია ღირსებით სავსე გმირები. სიძულვილი, აკრძალული ხერხების გამოყენება, უპასუხისმგებლობა... დროა, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკუთარ თავსაც, საზოგადოებასაც... სამწუხაროდ, ჩვენ არ ვეძებთ თუთაშხიასნაირ გმირებს, პოპულისტები უფრო მოგვწონს.