"მეტეხის ხიდიდან ქალი გადახტა, რა გამაჩერებდა, დავყარე ეს ჩემი თევზები და..." - კვირის პალიტრა

"მეტეხის ხიდიდან ქალი გადახტა, რა გამაჩერებდა, დავყარე ეს ჩემი თევზები და..."

"...მაშინ რომ გადავეყუდე მტკვარში, მას შემდეგ თავი აღარ ამიწევია"

"ოჰ, შენ გაგახარა ღმერთმა, რა კარგი ფეხი გქონია, ქალბატონო!" - ისე შემომძახა მეტეხის ხიდთან მეთევზემ, რომ მოულოდნელობისაგან მუხლები მომეკვეთა. თუმცა, როდესაც მის ანკესზე ტალახიანი მტკვრიდან ამოშხუილებული თევზი დავინახე, მივხვდი, რასაც გულისხმობდა და გავეხუმრე, თუ შენ ასე უყურებ ამვლელ-ჩამვლელების "ფეხებს", თევზს როგორღა იჭერ-მეთქი! მერე ამხელა თევზით გაკვირვებული მასთან შევჩერდი, ეს რა თევზია, ნუთუ ამ დაბინძურებულ მტკვარში თევზი კიდევ მოიპოვება და თანაც ხალხიც ჭამს-მეთქი. ჩემმა მეთევზემ ოდნავ გაბრაზებულმა შემომხედა, მაგრამ

მაინც თავშეკავებულად მითხრა: - აბა, რას ამბობთ, მტკვრის თევზს ხალხი რომ არ ჭამდეს, მეთევზეები თავს როგორ ვირჩენთო, მერე კი დასძინა, სანაძლეოს ჩამოვალ, შენ თუ აქ 10 წუთს მაინც დადგები, სულ ცოტა, კილო თევზს მაინც დავიჭერო. მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე, გავჩერდი და გავოცდი - წყალში ანკესის მეორე გადაგდებაზე ერთი კი არა, ორი თევზი ამოაფრიალა და მომაძახა, აი, თუ არაო! მოკლედ, იმდენი ქნა, საუბარი გავუბი, ბოლოს კი მას თევზი დარჩა, მე კი დილის სიამოვნება: მტკვარმა, სადაც, ჩემდა გასაკვირად, თევზი კიდევ ბლომად ყოფილა, იმდილანდელი ყველა ტვირთი "ჩამომრეცხა" და დამამშვიდა. მეთევზე კი იმდენად საინტერესო ადამიანი გამოდგა, დეტალურად აღწერა, როგორ ირჩენს თავს მტკვრის მეთევზეების არმია.

- გაგრელი ვარ, ბავშვობაში ზღვაში ყვინთვით ვიჭერდი თევზს და მტკვარზე თევზაობაში წინ ვინ დამიდგებოდა! რომ არა მტკვარი, გაგრიდან რომ ჩამოვედი, მშიერი მოვკვდებოდი. მტკვარი მანამდე არ მენახა, მაგრამ წყალს რომ შევხედე, ჩემი გაგრა გამახსენდა - აქედან ვერსად წავალ, ამის ხმა უნდა მესმოდეს-მეთქი, ავდექი და ორთაჭალაში, დანგრეულ გარაჟში დავსახლდი. ამ გარაჟს კარიც მე შევაბი და ფანჯარაც. მერე ცოლიც მოვიყვანე, ვისაც უყვარხარ, შენთან ცულის ტარზეც დაეტევა.

- მერე ცოლმა არ დაგიშალა, სათევზაოდ სიარულს რამე ხეირიანი სამსახური იშოვეო? - სხვა რა ვიცოდი, რო? ჰოდა, მაშინ რომ გადავეყუდე მტკვარში, მას შემდეგ თავი აღარ ამიწევია. თევზი კარგად მომდის, მისი გაყიდვით კვირაში 600 ლარამდეც მიშოვია. განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდ თევზებს ვიჭერ, ასე, ხუთ კილომდე.

- უფრო ხშირად რომელი თევზი მოდის? - ხრამული, წვერა, ცოცხალი, ნაფოტა. მე ხრამულზე ვთევზაობ, ნაფოტაზე ხელს არ ვისვრი. თუმცა ნაფოტას ბევრი იჭერს, კონსერვებს აკეთებენ და ყიდიან.

- ჭუჭყიან მტკვარში დაჭერილ თევზს როგორ უნდა ენდო. - თქვენ კი ეგრე ფიქრობთ, მაგრამ მე არა. სულ ამ თევზს რომ ვჭამ, მოწამვლის მეტყობა რამე? მტკვრის თევზი რომ არ იყიდებოდეს, აქ მეთევზეებს რა ჯანდაბა გვინდა! ლამის ნახევარი თბილისი თევზაობს, ღამე იმდენი ხალხი მოდის, მთელი მეტეხი დაფენილია მეთევზეებით, მეტეხიდან დიდუბემდე, სადაც მოხერხდება, სულ მეთევზეები დგანან.

- ღამით რატომ? - ღამე თევზი არ ფრთხება, დილით კატერები რომ დაიძვრებიან, ცუდადაა საქმე, იმალება.

- მიკვირს, თევზი ასეთ ჭუჭყიან წყალში როგორ სუნთქავს, ალბათ, განგებას შეეცოდეთ მეთევზეები და სარჩოს არ გილევთ. - თქვენ ხუმრობთ და, ეგ ცამდე მართალი ამბავი უნდა იყოს, ეს ჩემი ტალახიანი მტკვარი მაგიტომაც მიყვარს გაგრასავით. ერთი ეგ არის, ნერვებს წყალში დასახრჩობად გადამხტარი ხალხი მიშლის. ბევრჯერ გამამწარა ცხოვრებამ, მაგრამ მაინც არ მესმის, თავი რატომ უნდა მოიკლა?!

- ბევრი გინახავს ასეთი? - რამდენიც გინდა... შარშან ზამთარში მეტეხის ხიდიდან 50 წლის ქალი გადახტა და მეც რა გამაჩერებდა, დავყარე ეს ჩემი თევზები და... ქალო, ან შენ რატომ იკლავ თავს, ან მე რას მკლავ, ამ ზამთარში წყალში რომ გადამახტუნე-მეთქი. ამოვიყვანე, შემომყურებდა თევზის თვალებით, ეგ მეორედ წყალში აღარ გადახტება.

- გაიხარე! - შენც გაიხარე. აბა, ნახე, თუ მართლა კარგი ფეხი არა გაქვს, რამდენი თევზი დამაჭერინე! - მითხრა მეთევზემ, ბადიან ვედროს თავი ახადა და ათ წუთში შეგროვებული მოფართხალე ხრამულები მიჩვენა. მერე, ღმერთმა მშვიდობით გატაროსო, მითხრა და ხელის აწევით დამემშვიდობა - არც სახელი მითხრა, არც გვარი. თუმცა მე მაინც დამამახსოვრდა, როგორც მეთევზეთა არმიის რიგითი წარმომადგენელი, რომელსაც მტკვარი დაუყვედრებლად არჩენს.