ფიქრია ექიმის კურიოზები, რომელმაც უკვე ოთხ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე - კვირის პალიტრა

ფიქრია ექიმის კურიოზები, რომელმაც უკვე ოთხ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე

ბავშვობაში ექიმად თავი ვერ წარმოედგინა, ყველაზე მეტად წერა უყვარდა.

მოზარდობისას კი ამ პროფესიისადმი ინტერესი გაუჩნდა და ამიტომ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. როგორც თავად ამბობს, აქვს პატივი, იყოს ექიმი. სრულიად ახალგაზრდამ უკვე ოთხჯერ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე - გაჩერებული გული აამუშავა. ენდოკრინოლოგი ფიქრია შიომღვდლიშვილი ამჯერად სახალისო ამბებს გაიხსენებს, რომლებიც მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

კურიოზები სპეციალობიდან

პაციენტს ვუწერ ტაბლეტებს და ვეუბნები, უნდა მიიღოთ ერთი მეორედი - აბი. მომეჩვენა, რომ ვერ მიხვდა, "ერთი მეორედი" რას ნიშნავს და მეტი დაკონკრეტებაა საჭირო. ფურცელზე დავხატე წრე, მერე შუაზე გავყავი, ერთი ნახევარი გავამუქე და ვუთხარი: ეს არ დალიოთ, მეორე ნაწილი მიიღეთ. მირეკავს და მეკითხება: ვერ მივხვდი, მუქი ფერის ნაწილი უნდა დავლიო თუ მეორეო?

მამა-შვილი დადიოდა ჩემთან. შვილი იყო პაციენტი, რომელიც ანალიზების ჩასაბარებლად გავგზავნე. რაღაც დროის შემდეგ, განმეორებითი ანალიზი დასჭირდა. როცა ვნახე მეორე ანალიზი და პირველს შევადარე, იმდენად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. პაციენტს ჩავეძიე, როდის და როგორ აიღო განმეორებითი ანალიზი? აღმოჩნდა, რომ როდესაც ლაბორატორიაში შესასვლელად გვარი გამოაცხადეს, შვილის ნაცვლად მამა შესულა და იცით, რატომ? ჩემი შვილი რაღაც საქმეზე გავიდა და რიგი რომ არ დამეკარგა, მე შევედი და ანალიზი ჩავაბარეო, - მიპასუხა მამამ.

რიკოთს გამოსცდნენ

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მორიგეობის დროს, გამორიცხულია, დღე ისე გავიდეს, რომ კურიოზული თუ არა, ღიმილის მომგვრელი რამ არ მოხდეს. მოგეხსენებათ, ზამთარში გამოძახებების რიცხვი იზრდება და შესაძლოა, პაციენტთან მისვლა დაგვიანდეს. მე და ჩემი კოლეგა მივედით გამოძახებაზე და ავადმყოფი მოვიკითხეთ. - თქვენ ჯერ ჩამოსხედით, დაბრძანდით, - გვეუბნებიან. უსაფრთხოების ყუთი სატრანსპორტო საშულებისთვის - იზრუნე შენს უსაფრთხოებაზე

პაციენტი დასავლეთიდან მოჰყავთ და ახლა, რიკოთს გამოსცდნენ. დაახლოებით ერთი საათი კიდევ შეიძლება მოგიწიოთ ლოდინმა... საქმე წინ წაიგდეს, - ავადმყოფი როცა მოვა, ექიმი უკვე ადგილზე დახვდებაო.

ვერ ვაძინებთ

ბავშვი ძალიან ტირისო, - ასეთი სახის გამოძახება შემოვიდა. მივადექით, სახლში დაგვხვდნენ ბავშვის მამა და ბაბუა (სიმამრი). ბავშვის დედა სამშობიაროშია და სიდედრიც მასთანაა. პატარა ტიროდა, მამამ და ბაბუამ ვერ დააძინეს და ამიტომ გამოგვიძახეს. ექიმი ქალი მივიდოდა თუ კაცი, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან როგორც აგვიხსნეს, ბავშვს უცხო ადამიანების ეშინოდა და ჩვენს დანახვაზე გაჩუმდებოდა. ასეც მოხდა, ბავშვი დაგვემორჩილა და დამშვიდდა.

არასამედიცინო პროფილის თხოვნები

ექიმები პაციენტისგან ჩამოვედით და სანამ ჩავსხდებით, სასწრაფო დახმარების მანქანასთან მობრძანდა ქალბატონი. გვთხოვა, თუ შეიძლება, რომ ჩემთან ბინაში ამოხვიდეთო? ვიფიქრეთ, რომ სასწრაფო გამოძახებული ჰყავდა და ალბათ, დააგვიანა. ვკითხეთ, რა პრობლემა ჰქონდა? ქალმა აგვიხსნა: - ჩამოსაკიდი ტელეფონი ვიყიდე, მეზობელს ვერ ვენდობი, თქვენ რომ ამობრძანდეთ და კედელზე დამიკიდოთ, შესაძლებელიაო?

"მე გზას ვუთმობ სასწრაფოს" - ასეთი აქცია განახორციელა ჩვენმა სამსახურმა. საბედნიეროდ, მოსახლეობამ აიტაცა ეს ლოზუნგი და საცობების დროს, შეძლებისდაგვარად გვითმობდნენ გზას. მივედით ერთ-ერთ ოჯახში, პაციენტს დახმარება რომ აღმოვუჩინოთ და გვპასუხობენ: ჩვენ არ გვჭირდება პაციენტის გასინჯვა. ვიცით, ის რომელ კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ და მანქანაც გვყავს. თქვენ იმიტომ გამოგიძახეთ, რომ წინ წახვალთ სირენებით (გზას დაგვითმობენ) და ჩვენი მანქანით კი უკან გამოგყვებითო. პიკის საათი იყო, საცობებს გვერდს ვერ აუვლიდნენ და ასე მარტივად მოძებნეს გამოსავალი.

კოლეგების მონაყოლი

2 იანვარია და გამოძახებაზე მიდის ბრიგადა. სახლში პაციენტი არ ჩანს. დახვდათ გაშლილი სუფრა და პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი. ეკითხებიან: სად არის პაციენტი? - აგერ ვარ, დაბრძანდით. მინდა, რომ უფასო ექიმი დამებედოსო!

ზარია კერძო დასახლებიდან, ადამიანს შეტევა აქვს და ჩხუბობსო. ფსიქიკური პრობლემა ეგონათ და ოპერატორმა ჩაინიშნა მისამართი. იმან, ვინც დარეკა, სანამ ყურმილს დაკიდებდა, ბოლო წამს თქვა - რომ წამოხვალთ, სიგარეტი წამომიღეთო.

სატელეფონო საუბარი მიდის და ჰკითხეს, - ავადმყოფს რა აწუხებსო? - უგონოდ არისო. ოპერატორმა სცადა დაზუსტება, - ვინ არის და რამდენი წლისაა? პასუხი: - მე ვარ უგონოდ. ეს გენიალური შემთხვევა იყო.

შენი უსაფრთხოებისთვის შეიძინე უსაფრთხოების ყუთი

ნანული ზოტიკიშვილი