vali.ge - როდის ჩაირთვება სპეციალური საიტი, რომელზეც დარეგისტრირდებით და ნახავთ ინფორმაციას თქვენი დავალიანების თაობაზე - კვირის პალიტრა

vali.ge - როდის ჩაირთვება სპეციალური საიტი, რომელზეც დარეგისტრირდებით და ნახავთ ინფორმაციას თქვენი დავალიანების თაობაზე

სპეციალური საიტი - vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, დღეს ამოქმედდება. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პირველი ორი დღის განმავლობაში საიტზე ჩაეშვება „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ბაზები.

„მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს, 18:00 საათზე ჩაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეძლებს დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ კერძო ორგანიზაციაზე, კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები. მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. ინფორმაცია არის ძალიან მასშტაბური და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების ამოღება მოხდება ე.წ. შავი სიიდან და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე“, - განაცხადა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"