"ქეთი დაპატიჟეს, მაგრამ ჩამოსვლას ვერ ახერხებს" - უცხოეთში მოღვაწე კიდევ რომელი ვარსკვლავები მოიწვიეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე?
"ქეთი დაპატიჟეს, მაგრამ ჩამოსვლას ვერ ახერხებს" - უცხოეთში მოღვაწე კიდევ რომელი ვარსკვლავები მოიწვიეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე?
უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება და ის სამი ნაწილისგან შედგება, ქალბატონი სალომე ჯერ თბილისში გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს დაღუპულ ჯარისკაცებს, შემდეგ კი - მთაწმინდის პანთეონში  წმინდა ილია მართლის საფლავს. ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება ქალაქ თელავში, რომელზეც უკვე ცნობილია, რომ მიწვეული არიან უცხოური დელეგაციები და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ცერემონია ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე იგეგმება. ღონისძიების რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე იქნებიან,
მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი. მიღება გაიმართება წინანდელში ჭავჭავაძეების სასახლეში.

როგორი იქნება ინაუგურაცია? - ამ კითხვით გაზეთმა "კვირის პალიტრამ" რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს მიმართა:
- ეს იქნება კლასიკური ინაუგურაციის ცერემონია, დახვეწილი და გემოვნებიანი. შეიქმნება ისეთი დეკორაცია, რომელიც მაქსიმალურად მოერგება გარემოს. რა თქმა უნდა, შესრულდება საქართველოს ჰიმნი და
"მრავალჟამიერი".

- ქალბატონ სალომეს თუ ჰქონდა რაიმე მითითება, რომ გაგეთვალისწინებინათ?
- მისი სურვილია ღონისძიება იყოს ნაკლებად პომპეზური და ლამაზი.

- საქართველოს ისტორიას რამდენიმე პრეზიდენტის ინაუგურაცია ახსოვს. რით იქნება ეს გამორჩეული?
- სივრცე, გაშლა განსხვავებულია და გაიმართება ისტორიულ, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას. ინაუგურაციას აქვს თავისი კანონები, წესები და სტილიდან ძალიან ამოვარდნა არ შეიძლება. ამიტომ ღონისძიება ჩაივლის ყველა წესის დაცვით.

- ქალბატონმა თამრიკომ ბრძანა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე შესაძლოა პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთო...
- თამრიკომ ის იგულისხმა, საქართველოს ისტორიაში პირველი მმართველი ქალი არ არის ქალბატონი სალომეო და დაამატა "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო". საქართველო იმითაც გამორჩეული, განვითარებული და ევროპული ქვეყანაა, რომ განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის არ არის. იხილეთ სრულად

ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ აღიარებული ქართველი მუსიკოსების შესახებ, რომლებიც საპატიო სტუმრებად თელავში არიან მიწვეული. როგორც ქეთი მელუას ბაბუამ ამირან მელუამ გვითხრა, ქეთი მელუა საპატიო სტუმრად მშობლებთან ერთად დაპატიჟეს, მაგრამ თავად ქართველი მეგავარსკვლავი ვერ ახერხებს ჩამოსვლას. "ქეთი ჩამოსვლას ვერ ახერხებს, რადგან ევროპაში საკონცერტო ტურნე აქვს, სამწუხაროდ, ინაუგურაციას მოუცლელობის გამო ვერც მისი მშობლები დაესწრებიან", - გვითხრა ამირან მელუამ. მისი თქმით, ქეთის და მის მშობლებს ახლო მეგობრობა აკავშირებთ ლონდონში მოღვაწე სალომე ზურაბიშვილის ვაჟთან - თეიმურაზ გორჯესტანთან. ისინი ხშირად ერთმანეთს სახლებშიც სტუმრობენ.

ინაუგურაციაზე მიწვეულია მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე. ის ამჯერად პარიზში იმყოფებოდა და კითხვის ნიშნის ქვეშ არის საკითხი, მოახერხებს თუ არა ჩამოსვლას...
გიორგი ლაცო
ქართველ პიანისტს და კომპოზიტორს, მუსიკალური ხელოვნების დოქტორს, ვენის კონსერვატორიის პროფესორს - გიორგი ლაცოს კარგად იცნობს მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში საუკეთესო პიანისტთა ათეულში ელისო ვირსალაძე და გიორგი ლაცაბიძე მოხვდნენ... გიორგი ლაცაბიძე ლიხტენშტეინის პრინცესას პატრონაჟით ვენაში მოღვაწეობდა... მან მოსაწვევი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა და ინაუგურაციაზე დასასწრებად უკვე ეწვია საქართველოს.
ჩვენს კითხვაზე პირადად იცნობს თუ არა სალომე ზურაბიშვილს, გვიპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია ადევნებს თვალყურს მის პროფესიულ წინსვლას, ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

(სპეციალურად საიტისთვის)