„ბიძინას დედა საოცრად მშრომელი გახლდათ, შვილებიც სულ "პარიადკაში" ჰყავდა“ - კვირის პალიტრა

„ბიძინას დედა საოცრად მშრომელი გახლდათ, შვილებიც სულ "პარიადკაში" ჰყავდა“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია "კვირის პალიტრას" "ქართული ოცნების" პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ექსპრემიერის დედა საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ცხოვრობდა. როგორც ამბობენ ის ძალიან დამოუკიდებელი და ძლიერი ქალბატონი გახლდათ, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.

გთავაზობთ ამონარიდს ექსპრემიერის კლასელის თინათინ გამგებლის საარქივო ინტერვიუდან, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის მშობლებზეც საუბრობს:

- როგორც ვიცი, ივანიშვილიც შეჭირვებულ ოჯახში გაიზარდა?

- დიახ, ძალიან უჭირდათ... იანვარში კონცერტი გავმართეთ კლუბში, რომელსაც ბიძინას უფროსი ძმა ადიკო ესწრებოდა. ის მაშინ სტუდენტი გახლდათ და კურსელები ჰყავდა თბილისიდან ჩამოყვანილი. კონცერტზე მათ "იანვარში ვის უნახავს გაზაფხული" იმღერეს. მამაჩემს ვკითხე, რას მღერიან, იანვარში გაზაფხული როგორ შეიძლება იყოს-მეთქი? მითხრა, შვილო, იანვარში გაზაფხული ისეთ ხალხს აქვს, ვისაც არ შია, არ სწყურია და სასიმინდე სავსე აქვსო... მაშინ ბიძინას ოჯახსაც უჭირდა და ყველას, დღეს კი ჩემს ჭორვილაში ბიძინას წყალობით იანვარშიც გაზაფხულია. მეამაყება, ასეთი კაცის გვერდით რომ გავიზარდე. ყველგან თავაწეული დავდივარ მისი და ჩემი ძმის გამო.

- სკოლაში ხშირია სასიყვარულო ისტორიები, რასაც შემდეგ იუმორით იხსენებენ...

- ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს... მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ჰყვებიან, ყველაფერი სიმართლეა. ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა... ბერა ივანიშვილი ბებიასთან ერთად

მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც. ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო. მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო... ჭორვილაში რვაწლიანი სკოლა გვქონდა და სწავლის გასაგრძელებლად საირხის სკოლაში რომ გადავედით, ვიღაც უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ბიძინა მისგან მიცავდა, რამდენჯერ შინ მივუცილებივარ. ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო...

ერთხელ შატალოზე წავედით. მახსოვს, მე არ მივდიოდი, როგორც პედაგოგის შვილს, მეთაკილებოდა. ჩემმა კლასელმა რეზო მჭედლიშვილმა მითხრა, ბიძინა დავიყოლიეთ და შენ არ მოდიხარო და გაბრაზებულმა ნაწნავი მომაჭრა. წავედით შატალოზე, მაგრამ იმ ღამეს ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. მეორე დღეს მშობლები დაიბარეს და მაშინ ვნახე პირველად ბიძინას დედა. ძალიან სათნო და ლამაზი ქალბატონი. იმდენად მშრომელი გახლდათ, შვილები სულ "პარიადკაში" ჰყავდა. ბიძინას ყოველთვის გატკიცინებული ყელსახვევი ეკეთა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ჯიბეში იკუჭავდა.

ერთხელ მე და ნუგზარი ვიყავით ჭორვილაში მის სახლში, მაგრამ მაშინ ბიძინა იქ არ იყო. ციცინო დეიდამ და გრიშა ბიძიამ (მისმა მშობლებმა) არაჩვეულებრივად მიგვიღეს... იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "დედამისის გამომცხვარი ხმელი ყველის ხაჭაპური ყველაფერს ურჩევნია" - რას გვიყვება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი შეფმზარეული