"ინაუგურაციაზე კახურ "მრავალჟამიერს" პირველად ვმღერით" - ვინ შეასრულებს საქართველოს ჰიმნს ინაუგურაციაზე? - კვირის პალიტრა

"ინაუგურაციაზე კახურ "მრავალჟამიერს" პირველად ვმღერით" - ვინ შეასრულებს საქართველოს ჰიმნს ინაუგურაციაზე?

როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. თელავში უკვე დამონტაჟებულია სცენა და ტრიბუნების მოწყობა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ინაუგურციამდე ცოტა დროა დარჩენილი, საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობლი ღონისძიებების კულტურული ნაწილის შესახებ... მიიღებენ თუ არა საინაუგურაციო ღონისძიებებში მონაწილეობას, ამ კითხვით თბილისის ოპერისა და ბალეტის პრესსამსახურს და "სუხიშვილების" ანსამბლის დირექტორს, ნინო სუხიშვილს მივმართეთ. როგორც მათ ინფორმაცია მოგვაწოდეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საინაგურაციო ღონისძიებებში ჩართული არ არის, არც ანსამბლი "სუხიშვილები", რადგან ამჯერად საგასტროლოდ ბულგარეთში იმყოფებიან.

საიდუმლო არ არის, რომ მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დიდი სიმპათიით სარგებლობს ანსამბლი "ერისიონი". ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა დაგვიდასტურა, რომ საინაგურაციო ღონისძიებებში თელავსა და წინანდალში იქნებიან წარმოდგენილი.

ჯემალ ჭკუასელი:

- ანსამბლი "ერისიონი" მიწვეული ვართ მონაწილეობის მისაღებად თელავსა და წინანდალში გამართულ საინაუგურაციო ღონისძიებებში... თელავში კახურ "მრავალჟამიერს" შევასრულებთ, ხოლო წინანდალში საპატიო სტუმრების მიღებაზე რა იქნება ჩვენს მიერ შესრულებული, ამას ჯერ კიდევ ვათანხმებთ რეჟისორთან.

- კახური "მრავალჟამიერი" სხვა დროსაც შესრულდა საინაუგურაციო ღონისძიებებზე და მაშინაც ანსამბლ "ერისიონის" მიერ? - ჩვენ საქართველოში საინაუგურაციო ღონისძიებებში ყოველთვის ვიყავით ჩართული, მაგრამ კახურ "მრავალჟამიერს" პირველად ვასრულებთ. კახურ "მრავალჟამიერს" უფრო ხშირად ახალ წელს ვასრულებდით და ძალიან სასიხარულოა ამჯერად საინაუგურაციო ღონისძიებაზე რომ შევასრულებთ. ეს სიმღერა საქართველოს განძია, რომლის მსგავსიც იშვიათად არსებობს!

- თუ არის თქვენთვის ცნობილი ვნ შეასრულებს საქართველოს ჰიმნს? - დიახ... თელავში გამართულ საინაუგურაციო ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნს საპატრიარქოს გუნდი შეასრულებს. ამ მხრივ არჩევანი შესანიშნავად მოხდა და მისასალმებელია!

იხილეთ ასევე: "ბიძინა ძალიან ბედნიერი ჩანდა, ადღეგრძელა შვილი და რძალი და..."

(სპეციალურად საიტისთვის)