"სტალინ, გაგიმარჯოს!" - ვინ არიან ქართველები, ვინც პიკასომ დახატა? - კვირის პალიტრა

"სტალინ, გაგიმარჯოს!" - ვინ არიან ქართველები, ვინც პიკასომ დახატა?

როგორც ირკვევა, ცნობილ მხატვარ პაბლო პიკასოს ქართველებიც დაუხატავს.  პიკასოს შემოქმედების "ქართულ" დეტალებზე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი გვესაუბრება:

"სტალინ, გაგიმარჯოს!"

- რა საერთო უნდა ჰქონოდა პიკასოს სტალინთან. რაც უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, მხატვარი 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1973 წლამდე, კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ. 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალებისთანავე, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ლუი არაგონმა პიკასოს

იოსებ სტალინი

სტალინის პორტრეტის დახატვა სთხოვა. პორტრეტი ფრანგი კომუნისტების გაზეთ "ფრანგული წერილების" ბელადის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ნომერში უნდა გამოქვეყნებულიყო. პიკასო ამ დროს ვალორისში იყო და მხოლოდ ბოლო წუთებში, ფოსტით მოვიდა მისი ნახატი. ნამუშევარი მაშინვე სტამბაში გაიგზავნა. რედაქციისთვის მოულოდნელად ნახატმა კომუნისტური პარტიის წევრები აღაშფოთა. პიკასოს ნახატი ბელადის დაცინვად

მიიჩნიეს და საყვედურებით მიმართეს გაზეთის რედაქციას. ამ "გაუგებრობის" გამო ლუი არაგონს ახსნა-განმარტება დასჭირდა.

- რა რეაქცია ჰქონდა ამაზე პიკასოს?

- განაცხადა, რომ სრულიადაც არ ჰქონდა მიზნად სტალინის პიროვნების დაკნინება, პირიქით, ამ ნახატით მისდამი პატივისცემის გამოხატვა სურდა, თუმცა, რაც უფრო მატულობდა აურზაური, პიკასო შეკითხვებზე მკვახე პასუხებს იძლეოდა, რა უნდოდათ, ბებერი გამომესახა, დანაოჭებული თუ შიშველიო. ეს არის გრაფიკული ნამუშევარი, შესრულებული პიკასოსთვის დამახასიათებელი სტილით. სოცრეალიზმიდან, ცხადია, შორს დგას, არც ნატურალისტური მსგავსებაა და მით უმეტეს, არაფერი განდიდების და გაიდეალების მსგავსი. ამგვარი ნახატი საბჭოთა მოხელეებისთვის შარჟად აღიქმებოდა. ამბობდნენ, რომ სტალინი არ ჰგავდა ბელადს, არ იყო გამოსახული მისი ინტელექტი და ის გლეხს უფრო მოგაგონებდათ. საბჭოთა კავშირში ამ გაზეთის ტირაჟი მოიხსნა და თავის მართლების აუცილებლობა გაჩნდა.

ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, სტალინის 70 წლისთავთან დაკავშირებით, არაგონს ასევე უთხოვია პიკასოსთვის, სტალინისთვის დაბადების დღის მისალოცი ბარათი დაეხატა. პიკასომ დახატა ხელი სასმლით შევსებული ჭიქით და მიაწერა: "სტალინ, გაგიმარჯოს!" ამ მისალოცმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ, როგორც ჩანს, არაგონს ეს გამოცდილება არ გაუთვალისწინებია, როდესაც ბელადის გარდაცვალების გამო პიკასოს სტალინის პორტრეტის შექმნა სთხოვა.

პიკასოს „ფიროსმანი“

- კიდევ ერთი ქართველი რომელიც პიკასომ დახატა ფიროსმანია, რომლის პორტრეტიც ილია ზდანევიჩის თხოვნით შექმნა. ნიკო ფიროსმანი ის მშრალი ნემსის ტექნიკით არის შესრულებული. სად ინახება საფუძველი - ლითონის დაფა, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ორი ანაბეჭდი საქართველოშია: ერთი შ. ამირანაშვილის მუზეუმში, მეორე მირზაანის მუზეუმშია და ის ელენ დიოურის საჩუქარია.

„არაერთი მხატვრის მუზა გამხდარა და რა გასაკვირია, რომ პიკასოსაც დაეხატა..."

- ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ პიკასომ თბილისელი ქალი ლუდმილა პიტოევა (სმანოვა) დახატა... ლუდმილა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ისევე როგორც მისი მეუღლე, ცნობილი თეატრალური მოღვაწე ჟორჟ პიტოევი. ერთმანეთი პარიზში გაიცნეს და იქ დაქორწინდნენ. ჟორჟი 10 წლით უფროსი იყო მეუღლეზე. ლუდმილას კარგი განათლება ჰქონდა, მამამ წმინდა ნინოს პანსიონში მიაბარა... უცხო ენებისა და ცეკვის შესასწავლად ლუდმილა დედასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. გოგონას მსახიობობა სურდა, მაგრამ დრამის ფაკულტეტზე ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, შეხვდა ჟორჟ პიტოევს, რომელიც უკვე პარიზულ თეატრალურ საზოგადოებაში

ცნობილი იყო.

ლუდმილა პიტოევა (სმანოვა

ჟორჟი სოლოლაკში, შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. მამამისმა რუსთაველის თეატრის მშენებლობისთვის დიდი თანხა გაიღო. შვილს მრავალმხრივი განათლება მისცა - კარგად იცოდა მათემატიკა, საგზაო ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვში, იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა თეატრით იყო გატაცებული... დედის გარდაცვალების შემდეგ, შვილისთვის დარდი რომ შეემსუბუქებინა, მამამ ჟორჟი პარიზში გაგზავნა... თავდაპირველად საქველმოქმედო სპექტაკლებს დგამდა და სწორედ მაშინ შეხვდა ლუდმილა სმანოვას და შეუყვარდა. ერთად უამრავი სპექტაკლი დადგეს. მალე სახელიც გაითქვეს...

ჰაეროვანი გოგონა, მეტყველი თვალებით, არაერთი მხატვრის მუზა გამხდარა და რა გასაკვირია, რომ პიკასოსაც დაეხატა... პიკასო ხშირად სერგეი დიაგილევის საბალეტო დადგმებს აფორმებდა, მისი ცოლიც დიაგილევის ბალერინა იყო. თეატრალურ წრეში ყველა ერთმანეთს იცნობდა, ლუდმილა და ჟორჟი კი იმდენად გამორჩეულები იყვნენ, რომ ცნობილ წყვილთა ჩამონათვალში ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც ძალიან მოსიყვარულე და წარმატებულ ცოლ-ქმარს.

  • თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. დაამშვენეთ თქვენი სახლი ვან გოგის, კლიმტის, მოდილიანის, მონესა და სხვა უდიდესი მხატვრების შედევრებით! თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კავასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
  • გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, პირადად შეარჩიეთ თქვენი სასურველი 12 მხატვარი, მათი ტილოები და შექმენით საკუთარი კოლექცია.
  • მალე ! "კვირის პალიტრის" მკითხველს ექნება შესაძლებლობა სპეციალურ ფასად შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი ნახატები და შექმნას შედევრების საკუთარი კოლექცია.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html?lang=ka-GE