"ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე" - კვირის პალიტრა

"ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე"

ცნობილმა მსახიობმა კახი კავსაძემ ცოტა ხნის წინ რთული ოპერაცია გადაიტანა, თავს ჯერ კიდევ შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ ძალა მოიკრიბა და საავადმყოფოდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა...

- მეორე ოპერაცია გამიკეთეს, ახლაც კიდევ ათას რამეს მიკეთებენ, მოძრაობა მიჭირს და რა გითხრათ, კაცი რომ დაბერდება და გადასაგდებია, ხომ იცით... თუმცა ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს  კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე. ახლა ჩემი შვილი ჩამოვიდა ამერიკიდან და ძალიან გამახარა. ჩემი შვილიშვილის გამოსვლა ვერ ვნახე "ცეკვავენ ვარსკვლავებში", მაგრამ მითხრეს ძალიან კარგად იცეკვაო. კარგი გოგოა და სულ ასე მახარებს!

- ქვეყანაში პირველი ქალი პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიებებისთვის ემზადებიან, მიიღეთ საპატიო სტუმრის მოსაწვევი?

- ჯერჯერობით არანაირი მოსაწვევი არ მოუტანიათ... მოსაწვევს თუ მივიღებ, ხომ ასე სუსტად ვარ, მაგრამ აუცილებლად წავალ! მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მომხრე იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო! მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ! როგორც გავიგე, თელავში იმართება ღონისძიება და ძალიან გამეხარდა. თელავია ჩვენი ჯიგარი და ფესვი! დაე, იქედან დაიწყოს საქართველოს აღორძინება და გამთლიანება! სრულიად დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი, რომ საუკეთესო პრეზიდენტი იქნება! არ ვამბობ, რომ თამარ მეფეს უნდა შევადაროთ, თამარ მეფე სხვა იყო და სალომე ზურაბიშვილი სხვაა, უბრალოდ, რაც მე მაგ ქალბატონს წლების განმავლობაში ვაკვირდები, უაღრესად განათლებული და გამოცდილი ქალია! ამიტომ ვამყარებ ამხელა იმედებს მასზე! კახი კავსაძე

- ბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა... თუ დაურეკეთ და მიუსამძიმრეთ?

- უი, რას ამბობთ! ეგ სამწუხარო ამბავი პირველად თქვენგან გავიგე და ძალიან გული მეტკინა! ძალიან ახლოს ვიცნობდი ქალბატონ ციცინოს. იგი ჯერ კიდევ 40 წლის წინ გავიცანი და მართლაც არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო... სუფრებზე ძალიან ხშირად შევხვედრივარ. ბევრჯერ მაქვს საკუთარი თვალით ნანახი ბიძინას და დედამისის საოცარი დედა-შვილობა! ძალიან დიდ პატივს სცემდა დედას, რჩევასაც ხშირად ეკითხებოდა და დედიკოს ეძახდა... მრავალმხრივად უნარიანი ქალი იყო! მახსოვს, სუფრაზე სიმღერას რომ წამოვიწყებდით, ყოველთვის აგვყვებოდა ხოლმე.

იხილეთ ასევე: "სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს! აი, მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა ხმალი"

(სპეციალურად საიტისთვის)