4 წელი აფეთქებიდან - როგორი იქნება საყდრისის მუზეუმი (ექსკლუზიური ფოტოები) - კვირის პალიტრა

4 წელი აფეთქებიდან - როგორი იქნება საყდრისის მუზეუმი (ექსკლუზიური ფოტოები)

2018 წლის 13 დეკემბერს საყდრისის აფეთქებიდან 4 წელი გავიდა. უძველესი პრეისტორიული ოქროს მაღარო (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.) 2014 წელს ოქროს მომპოვებელმა კომპანია "არემჯი გოლდმა" ააფეთქა. საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, ძეგლი ადრეული ბრინჯაოს ხანას განეკუთვნებოდა, ის ანალოგიურ ეგვიპტურ ძეგლებზე 1000 წლით ძველი იყო. საყდრისის კომიტეტის აქტიურობით ბოლნისის მუზეუმის მშენებლობა 2016 წლიდან მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გაზაფხულზე მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება საყდრისის უძველესი მაღაროს ექსპოზიცია იხილოს, ასევე ის არტეფაქტები დაათვალიეროს, რაც აფეთქების შემდეგ გადარჩა.

ნინო ბურჭულაძე, ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისათვის" წარმომადგენელი: - იმ პერიოდში, როცა საყდრისს ვიცავდით და აფეთქების შემდეგ, როცა ნგრევის შეჩერებას ვცდილობდით, მუზეუმის არსებობის საკითხი არ იყო დღის წესრიგში, რადგან ჩვენი ერთადერთი საფიქრალი ძეგლის გადარჩენა იყო, ამისთვის, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ. მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, "საყდრისის კომიტეტი" ცდილობდა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გაეტანა პარლამენტში, რაშიც პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიები დაგვეხმარნენ.

2015 წლის მაისში ქართული სასამართლოს ისტორიაში ვფიქრობ უპრეცედენტო ფაქტი მოხდა - საყდრისის საქმის მოსამართლე თავად ჩავიდა ძეგლის მდგომარეობის სანახავად, თუმცა დათვალიერების შემდეგ არქეოლოგებმა აღიარეს, რომ ძეგლი, ფაქტობრივად, განადგურებული იყო და სამუშაოების შეჩერებას აზრი აღარ ჰქონდა.

სწორედ ამიტომ საყდრისის გადარჩენილი არტეფაქტები და თავად ძეგლი მივიწყებული, რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მოვთხოვეთ ჯერ კომპანიას და შემდგომ უკვე ხელისუფლებას შეესრულებინა აღებული ვალდებულება და დაეწყო საყდრისის მუზეუმის მშენებლობა. აქვე გეტყვით, რომ კომპანია "არემჯი გოლდს" საერთოდაც არ უფიქრია მუზეუმის მშენებლობაზე, ხოლო ხელისუფლებას საყდრისის გაგონებაც კი არ უნდოდა. საყდრისის გორა აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ

აქედან დაიწყო ჩვენი კიდევ ერთი ბრძოლა, ამჯერად საყდრისის მუზეუმისთვის. ამისთვის საპროტესტო აქციების ჩატარებაც კი მოგვიწია, აღარაფერს ვამბობ ხმაურიან შეხვედრებზე კულტურის სამინისტროში, ასევე კონსულტაციებს ეროვნულ მუზეუმში. სხვათა შორის, ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები გვსაყვედურობდნენ, ხანდახან საჯაროთაც, რომ რა საჭირო იყო მუზეუმი, როდესაც ხელისუფლებამ ძეგლი ააფეთქა?

ჩვენს აქტივობას მუზეუმის მიმართულებით ხელისუფლებასთან ერთგვარ კომპრომისადაც კი მიიჩნევდნენ, ამ განწყობამ მე პირადად არაერთხელ ჩამაგდო სასოწარკვეთაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო ნამდვილად იმსახურებდა ადგილს, სადაც ის იქნებოდა წარმოჩენილი მთელი თავისი სიდიადით და ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა მისი ნახვა და გააზრება თუ რა მასშტაბის ძეგლს ვფლობდით და რა დავკარგეთ.

დღეს, როცა საყდრისზე, როგორც ძეგლზე აღარავინ დაობს, მეტიც, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საყდრისის ექსპოზიციაც კი იყო წარმოდგენილი, როგორც უძველესი ოქროს კერა საქართველოში. საყდრისის აფეთქების 4 წლისთავზე ბოლნისში თქვენ ხედავთ უკვე დასრულებულ ბოლნისის მუზეუმს, რომელიც, მერწმუნეთ, ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი იქნება ევროპაში". ამ თაროებზე მალე უნიკალური არტეფაქტები განთავსდება

ბოლნისის რეგიონალური მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ნინო ოქრუაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორი:

- მუზეუმი შეასრულებს რეგიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს ბიბლიოთეკა/მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი. ბოლნისის მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მდიდარი მასალა მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი არქეოლოგიური ძეგლებიდან როგორებიცაა დმანისი, არუხლო, საყდრისი. დამთვალიერებელი იხილავს საყდრისის მოდელს; შუა საუკუნეების ძეგლებს, ქართული დამწერლობის ადრეულ ნიმუშს; ბოლნისში მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლებულ გერმანელთა (ე.წ. კოლონისტების) ყოფა-ცხოვრების ამსახველ მასალას".

მუზეოგრაფიის პროექტზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ფრანგი დიზაინერი ლინა ლოპესი მუშაობდა. ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია შემუშავებულია ეროვნული მუზეუმის გენერელური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე.

(სპეციალურად საიტისთვის)