"უმაღლესი სასწავლებელი თვითნებურად ვეღარ გაზრდის სწავლის საფასურს" - კვირის პალიტრა

"უმაღლესი სასწავლებელი თვითნებურად ვეღარ გაზრდის სწავლის საფასურს"

წელს, ახალი სასწავლო წლიდან, იცვლება საათობრივი ბადე. საბუნებისმეტყველო საგნებს გაეზარდა საათობრივი დატვირთვა, გაუქმდა ტრიმესტრული სწავლება, რაც შეცდომა იყო. ბავშვები ერთ საგანს ერთ ტრიმესტრში სწავლობდნენ, მეორე და მესამეში კი - არა. რა ინიციატივებსა და სიახლეებს  გვთავაზობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო სეზონზე, მინისტრი დიმიტრი შაშკინი გვესაუბრება:

- ბატონო დიმიტრი, როგორც გაირკვა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უამრავმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამის მიზეზი გამოცდების გამკაცრება გახდა თუ აბიტურიენტთა მომზადების დონე იყო დაბალი?

- ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფა მოხდა და ერთ წელიწადში სკოლებში მდგომარეობა გაუარესდა. მიზეზი, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი სტუდენტი ვერ გახდა, მეოთხე გამოცდის დამატება შეიქნა.

X, XI, XII კლასელები არ დადიოდნენ სკოლაში და ემზადებოდნენ მხოლოდ იმ სამ საგანში, რაც უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად  სჭირდებოდათ. მივიღეთ კიდეც შედეგი, აბიტურიენტებმა წელს შარშანდელზე უკეთ ჩააბარეს ქართულის, უნარ-ჩვევებისა და უცხო ენის გამოცდები, მაგრამ გაუჭირდათ მეოთხე, არჩევითი საგნის ჩაბარება, განსაკუთრებით - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.

ეს მართლაც რთული საგნებია და როდესაც მოსწავლე სკოლაში არ დადის, ცხადია, ამ საგნების ჩაბარება უძნელდება. ექსტერნატის გამოცდები მოსწავლეების მხოლოდ 5%-მა ჩააბარა. აი, ეს არის შინ მიღებული განათლების შედეგი.

- ასევე სავალალო შედეგი აჩვენა პედაგოგების სერტიფიცირებამაც. სერტიფიცირების გავლა პედაგოგების მხოლოდ 12%-მა შეძლო.

-   2014 წლამდე სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. წელს სერტიფიცირებას ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და მათემატიკის მასწავლებლები გადიოდნენ. გამოცდაზე გასვლა მხოლოდ 20 ათას პედაგოგს შეეძლო. 20-დან 10 ათასი (რაც მაღალი მაჩვენებელია) პედაგოგი ნებაყოფლობით გამოვიდა გამოცდაზე, რომ თავისი ცოდნა შეემოწმებინა.

სერტიფიცირების ამოცანა არა ნიშნის მიღება, არამედ პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლებაა და ეს სწორად გაიგეს მასწავლებლებმა. 10 ათასი მასწავლებლისგან უმრავლესობამ მხოლოდ ერთი, უნარების გამოცდა ჩააბარა (პედაგოგები ორ გამოცდას აბარებდნენ - საგნობრივსა და უნარებს). რადგან პროცესი ოთხწლიანია, გადაწყვიტეს, წელს ერთ საგანში მომზადებულიყვნენ, გაისად კი - მეორეში. მათ იცოდნენ, რომ ერთ გამოცდაში სერტიფიკატს ვერ მიიღებდნენ.

ასე რომ, სერტიფიცირების რეალურ შედეგს გაისად ვნახავთ, როდესაც პედაგოგები მეორე გამოცდას ჩააბარებენ. რომელი პედაგოგიც  ვერ ჩააბარებს გამოცდას, 2014 წლის შემდეგ სკოლაში აღარ იმუშავებს.

წელს, ახალი სასწავლო წლიდან, იცვლება საათობრივი ბადე. საბუნებისმეტყველო საგნებს გაეზარდა საათობრივი დატვირთვა, გაუქმდა ტრიმესტრული სწავლება, რაც შეცდომა იყო. ბავშვები ერთ საგანს ერთ ტრიმესტრში სწავლობდნენ, მეორე და მესამეში კი - არა. მე-12 კლასში შემოვიღეთ აბიტურიენტის კურსი, - სკოლა მოსწავლეს კვირაში რამდენიმე საათის გამოყოფას სთავაზობს რვა საგანში საატესტატო გამოცდისთვის მოსამზადებლად.

მოსწავლეებს ყველაფერს გაამეორებინებენ. სკოლაში შემოვიღეთ ახალი საგანიც - "სისკოს" სტანდარტის მიხედვით კომპიუტერის სამდონიანი სწავლება. თუ მოსწავლეს სურვილი ექნება, პროგრამისტის პროფესიას დაეუფლება. წელს დავიწყეთ მსოფლიო კულტურის სწავლების პილოტირება. ეს საგანი მომავალი წლიდან ყველა სკოლაში შევა.

სავალდებულო იქნება სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებაც. 3000 პირველკლასელს კომპიუტერები დავურიგეთ. ინგლისური ენის სწავლება ამ ბავშვებისთვის 1-ელი კლასიდან დაიწყება. იანვრიდან თბილისის ყველა სკოლაში მუსიკის გაკვეთილებთან ინტეგრირებული იქნება ცეკვის გაკვეთილი.

სწავლა ამიერიდან 15 სექტემბერს დაიწყება და პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დამთავრდება. 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე დიდი საახალწლო არდადეგები იქნება. მეორე სემესტრი 20 იანვარს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება, ხოლო პირველი და მეთორმეტეკლასელები სწავლას 20 მაისს დაამთავრებენ. სააღდგომოდ იქნება მცოცავი არდადეგები, რომელიც დიდ ხუთშაბათს დაიწყება და აღდგომის შემდეგ ოთხშაბათს დასრულდება.

გარდა ამისა, ჩვენ ვიზრუნეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებზეც. მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოებს  I-XII კლასების ჩათვლით.

- აკრიტიკებენ უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ სწავლების დონესაც, ადრე უკეთეს სპეციალისტებს ამზადებდნენ უნივერსიტეტებიო.

- დღეს საქართველოში 270 უმაღლესი სასწავლებელია, რომელთაგან 200 ლიცენზირებულია და 70 -  აკრედიტებული. ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს სახელმწიფო არ აღიარებს. ასეთ სასწავლებლებში 20 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სასწავლებლის ხელმძღვანელობა ატყუებს სტუდენტებს, რომ მათი დიპლომი აღიარებული იქნება. რეალურად, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი გასცემს.

1-ელი სექტებრიდან დაწყებულია პროგრამული და არა ინსტიტუციური აკრედიტაცია. თუ უმაღლესი სასწავლებელი აკრედიტაციას იმის მიხედვით იღებდა, რამდენი ფართი და კომპიუტერი ჰქონდა, ახლა მიიღებს იმის მიხედვით, თუ როგორი  ინტელექტუალური ბაზა და რესურსი აქვს, რომ ესა თუ ის სპეციალობა ასწავლოს.

ასევე მივიღეთ კანონი, რომლის თანახმადაც, უმაღლესი სასწავლებელი თვითნებურად ვეღარ გაზრდის სწავლის საფასურს. იმისათვის, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა სწავლის ფასი გაზარდოს, მთავრობის დადგენილება იქნება საჭირო.

- სამინისტროში განიხილებოდა საკითხი, რომ სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდები ერთად ჩატარებულიყო. რა გადაწყდა?

- გამოსაშვები და მისაღები გამოცდები ცალ-ცალკე ჩატარდება. პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში აპრობირებული იქნება მსოფლიოში აღიარებული ე. წ. კატის სისტემა. ეს საშუალებას იძლევა, საატესტატო ცოდნა ობიექტურად შეფასდეს. დათქმულ დროს ყველა სკოლაში ჩატარდება საატესტატო გამოცდა (ეს შეეხებათ მათ, ვისაც ატესტატის აღება და ინსტიტუტში სწავლის გაგრძელება უნდათ, ვისაც ატესტატი არ უნდა, სერტიფიკატს მიიღებს).

სასკოლო გამოცდები რვა საგანში ჩატარდება. მოსწავლე მივა სკოლაში, დაჯდება კომპიუტერთან და მეთვალყურის თანდასწრებით უპასუხებს კომპიუტერის მიერ დასმულ კითხვებს.

თუ მოსწავლე პირველად დასმულ რამდენიმე კითხვას სწორად უპასუხებს, შემდგომი კითხვები გართულდება, ხოლო  თუ მოსწავლე სწორად ვერ უპასუხებს, კითხვები გაიოლდება, ანუ პროგრამა ტალღობრივად ამოწმებს ცოდნას და მოსწავლე იქვე იღებს პასუხს, ჩააბარა თუ არა გამოცდა. საატესტატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

- საზოგადოება ვერ გარკვეულა, ინგლისური ენის რამდენი მასწავლებელი ჩამოდის საქართველოში - ათასი თუ ათი ათასი. ასევე კითხვას ბადებს მათი კვალიფიკაცია, ისინი  პედაგოგები არიან?

- საქართველოს პრეზიდენტმა დაგვავალა, წლის ბოლოსთვის საქართველოში ათასი ინგლისურის მასწავლებელი ჩამოსულიყო და ეს დავალება შევასრულეთ. დაგვევალა, რომ ეს რაოდენობა მომავალი წლისთვის გავზარდოთ. დარჩენილი 3 თვე გვაჩვენებს, რამდენი პედაგოგი დაგვჭირდება კიდევ.

ეს პედაგოგები სერტიფიცირებული პედაგოგები არიან. მეორე კატეგორიაა პენსიაზე გასული პედაგოგები, რომელთაც აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა და მესამე ჯგუფია მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტები და პირები, რომლებიც მშვიდობის კორპუსში მუშაობდნენ.

პედაგოგები, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურთ, აშშ-სა და კანადაში რეგისტრირდებიან. რეგისტრაციის დროს ვალდებული არიან გაიარონ ჯანმრთელობის ტესტიც. საჭიროა მათი ქვეყნების შს სამინისტროს ცნობაც, რომ არ არიან ნასამართლევი.

- უსათუოდ მინდა გკითხოთ, სამინისტროში პროკურატურის მოწვევის მიზეზზე.

- სამინისტროს გენინსპექცია არავის მისცემს საშუალებას, კანონი დაარღვიოს. იმის გამო, რომ გენინსპექციას გაუჩნდა კითხვები, სამინისტროში შემოვიდა პროკურატურა და ამოწმებს  2005-2009 წლის პერიოდს. ვინმეს რომ არ ეთქვა, წინამორბედების საქმიანობას ამოწმებსო, სამინისტროში მუშაობს კონტროლის პალატაც, რომელიც ჩემი მინისტრობის პერიოდში სამინისტროს საქმიანობას სწავლობს.

- რა გახდა უნივერსიტეტის რექტორის, გია ხუბუას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი?

- მე, როგორც მინისტრს, არანაირი ბერკეტი არა მაქვს, რომელიმე უმაღლეს სასწავლებელზე მოვახდინო ზემოქმედება. ყველა უნივერსიტეტი ავტონომიურია. რექტორის არც დანიშვნისა და არც მოხსნის უფლება არა მაქვს. მხოლოდ ის მინდა ვისურვო, რომ ბატონი სანდრო კვიტაშვილი ყველაზე კარგი რექტორი იყოს საქართველოში.

- ბატონო დიმიტრი, იქნებ მითხრათ, რას გერჩიან თეა თუთბერიძე და თავისუფლების ინსტიტუტი?

- მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ორგანიზაციას, რომელსაც არა აქვს კავშირი განათლების სისტემასთან, გავლენა არ უნდა ჰქონდეს განათლების სისტემაზე.