ვინ არის მასწავლებელი გურიიდან, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა - კვირის პალიტრა

ვინ არის მასწავლებელი გურიიდან, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორის მოხვდა.

ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, ამასთანავე არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია. 2012 წლიდან  არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

"მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი "დემოკრატიული რევოლუცია", რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს "ეთნორძლები" საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად," – აღნიშნულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან გაიცემა. მისი დამაარსებელი Varkey-ს ფონდია და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფონდისგან 1 მლნ დოლარს იღებს პრიზის სახით.