"20 წლის მანძილზე სულ ორჯერ ვიყავით საქართველოში" - ვინ არის რუსული რინგის "ქართველი მგელი" ქალი - კვირის პალიტრა

"20 წლის მანძილზე სულ ორჯერ ვიყავით საქართველოში" - ვინ არის რუსული რინგის "ქართველი მგელი" ქალი

"ბევრი მწერს, შენნაირ ცოლს არ მოვიყვან, რა კარგია, რომ არ გიცნობ, თორემ ათჯერ გამლახავდიო"

23 წლის ლიანა ჯოჯუა მოსკოვში შერეული ორთაბრძოლების საჩემპიონო ქამრის მფლობელი, პირველი ჩემპიონი ქალია. ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში - MMA-ში მოხვედრის შემდეგ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლა. რინგზე "ღამის კოშმარი" მარინა მახნატკინა გამოიწვია და დაამარცხა კიდეც. "ქართველი მგელი" - ასე ეძახიან ლიანას და მასაც მოსწონს ეს მეტსახელი. ყოველი ბრძოლის წინ პირჯვარს იწერს, გამარჯვების შემდეგ კი - საქართველოს გაუმარჯოსო, ომახიანად დასძახებს ხოლმე.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"20 წლის მანძილზე სულ ორჯერ ვიყავით საქართველოში, მაგრამ ქართული მაინც ვიცი. ანბანი დედამ მასწავლა. მამას დამსახურებაა უფრო მეტად, რადგან გვთხოვდა, სახლში ყოველთვის ქართულად გველაპარაკა. მამაჩემი მეგრელია, მარტვილის რაიონიდან, დედა კი ღამბაშიძეა გვარად, სურამიდან..."

"ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყავი და თუ ვინმეს აწყენინებდნენ, ვეხმარებოდი. ამხანაგს დედამისზე რაღაც არასასიამოვნო უთხრეს, მე გამოვესარჩლე და კამათის დროს საჭიდაო ილეთის გამოყენებით ძირს დავაგდე. იმათ საჩივარი დაწერეს... თავიდან ჩემი გადაწყვეტილების გამო მშობლები გაგიჟებულები იყვნენ, უარს მეუბნებოდნენ, ახლა კი მგულშემმატკივრობენ და ამაყობენ კიდეც..."

"ზოგჯერ კი მეცოდებიან ხოლმე, მაგრამ ჩხუბში ვერავის დაინდობ. თუ შეიცოდებ, აქეთ გაგლახავენ და დაიმტვრევი. ერთხელ დედამ მითხრა, - ვაიმე, ცოდოა, როგორ ურტყამდიო. დედიკო, მე გამლახავდა, რომ შემცოდებოდა-მეთქი. აი, მწარედ რომ მხვდება, მაგ დროს უფრო ვბრაზდები, თითქოს "ვიქოქები", ძალა მემატება. ბიჭის გამბედაობა მაქვს, მებრძოლი ხასიათის ვარ..."

"შევხვდი ძალიან მაგარ გოგოს - მარინა მახნატკინას. მარინა მსოფლიო ჩემპიონია ექვსჯერ სამბოში, რუსეთის კი - 11-ჯერ. ერთი სიტყვით, ყველაზე ტიტულოვანი და ძლიერი სპორტსმენია ქალებში. პირველ რაუნდშივე უგებდა ყველას და დამაინტერესა, ვინ იყო. გამოვიძახე ჩხუბში... მახნატკინასი იმდენად ეშინოდათ, რომ ვიდრე ბრძოლას დაიწყებდნენ, ფსიქოლოგიურად უკვე დამარცხებულები იყვნენ. ძალიან მტკივნეული დარტყმები ჰქონდა, პარტერში კარგად ჭიდაობდა და ვიდრე მეტოქეები რამე ილეთს გააკეთებდნენ, უკვე წაგებული ჰქონდათ. ბოლომდე მაინც იბრძოლონ-მეთქი, მიკვირდა. ამიტომაც გაუკვირდა, თვითონ რომ გამოვიწვიე, - ყველას ეშინია და როგორ გამიბედაო?.."

"ხუმრობით ყველა ბიჭი მეუბნება, გვეშინიაო, მაგრამ არ შემიმჩნევია რომ ამის გამო ერიდებოდნენ ჩემთან ურთიერთობას. ბევრი მწერს, შენნაირ ცოლს არ მოვიყვან, რა კარგია, რომ არ გიცნობ, თორემ ათჯერ გამლახავდიო და ა.შ. ბევრს გაცნობა უნდა. ამას ყველაფერს ხუმრობით მწერენ, თორემ კაცი მაინც ძლიერია, როგორ ვაჯობებ? თუმცა, ერთხელ კი ვცემე ვიღაც რუსეთში..."

ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 14 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

იხილეთ ასევე: "შევეცდები, საქართველოს დავეხმარო" - რუსული რინგის ქართველი "მგელი"

ნინო ჯავახიშვილი