"ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტებას ჩემი ოჯახი დიდი იმედით შეხვდა" - კვირის პალიტრა

"ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტებას ჩემი ოჯახი დიდი იმედით შეხვდა"

"ყველას კარგად გვახსოვს, ზოგჯერ რა არაადეკვატური იყო მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, რომელიც მისი ანტიპოდი გახლდათ"

დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის, ცხარე დებატებისა და დაპირისპირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. დამოკიდებულება ახალი პრეზიდენტის მიმართ არაერთგვაროვანია: მომხრეები მის გაპრეზიდენტებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქალბატონმა სალომემ გაყალბების შედეგად გაიმარჯვა, ხოლო ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში ისე იცხოვრებს, როგორც ალისა - საოცრებათა ქვეყანაში... და მაინც, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება ახალ პრეზიდენტზე, რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში ან რა პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს? - ამ შეკითხვით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს მივმართეთ:

მამუკა არეშიძე, პოლიტოლოგი:

- მე მგონი, ქალბატონ სალომეს ცოტა გაუჭირდება იმ მოლოდინის გამართლება, რაც მის მიმართ ქართულ საზოგადოებას აქვს. ამჟამად, მისი ფუნქციებიდან ყურადღება ორ რამეზე უნდა შევაჩერო: ერთი - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი და ამ თვალსაზრისით რუსეთთან და ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის ფორმატის შექმნა, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მივიწყებული ჰქონდა - ეს არის კომუნიკაცია საზოგადოებასთან - ამას პოლიტიკოსისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკოსების მიმართ დიდი უნდობლობა და იმედგაცრუება იგრძნობა, პრეზიდენტს შეუძლია ხალხის განწყობა შეცვალოს, ის საზოგადოების მაჯისცემას უნდა გრძნობდეს და ერთგვარი შუამავალი, მედიატორი უნდა იყოს ხალხსა და მთავრობას შორის. ვნახოთ, როგორ შეძლებს ქალბატონი სალომე ამ მისიის შესრულებას.

ეკა მამალაძე, მომღერალი:

- ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტებას ჩემი ოჯახი დიდი იმედით შეხვდა. ის პირველი ქალია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ეს ძალიან სასიამოვნო პრეცედენტია. ყველანი ვხვდებით, რომ ახალ პრეზიდენტს ძალიან ბევრი პრობლემა ექნება გადასაწყვეტი. სულ რამდენიმე დღეა, რაც ავირჩიეთ, ამიტომ, ჯერ უნდა ვადროვოთ, ალბათ ხალხიც უნდა დამშვიდდეს და ყველამ თავის საქმეს მიხედოს - ასე უფრო მივაღწევთ ქვეყნის წინსვლას. ქალბატონ სალომეს კი, გამძლეობას და სიმშვიდეს ვუსურვებ. ძალიან მინდა კარგი პრეზიდენტი იყოს და ჩვენს ქვეყანას სათანადოდ მოუაროს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი:

- ბოლო წლებში ჩვენ გადავეჩვიეთ აქტიურ პრეზიდენტს, რომელიც მუდმივად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყოფილი პრეზიდენტი - ბატონი მარგველაშვილი მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა რომელიმე კანონს ვეტოს ადებდა, ალბათ ქალბატონი სალომე უფრო აქტიური პრეზიდენტი იქნება. ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს ერთგვარი გამტარი, კრიზისის დროს დაპირისპირებულ მხარეებთან დიალოგი უნდა შეძლოს და "ოქროს შუალედი" დაიცვას. აუცილებლად უნდა შევეხო არჩევნებამდე მის წინააღმდეგ აგორებულ "შავ პიარსაც": მე აღფრთოვანებული ვარ ამ ქალბატონის მოთმინებით - მისგან ერთი არაეთიკური რეპლიკაც არ მახსენდება ოპონენტების საპასუხოდ. ყველას კარგად გვახსოვს, ზოგჯერ რა არაადეკვატური იყო მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, რომელიც მისი ანტიპოდი გახლდათ. იმედია, ქალბატონი სალომე შეძლებს ამ ორ უკიდურესობას შორის "ოქროს შუალედი" დაიცვას და ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი უზრუნველყოს. რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში ახალმა პრეზიდენტმა? - სასურველია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეამციროს. არ არის საჭირო ამ უწყებას 300-400 თანამშრომელი ჰყავდეს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გაცილებით ნაკლები ხალხით აღასრულოს თავისი ფუნქციები. ეს ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის კარგი მაგალითი იქნება. გაგრძელება