ტახტითეფას იდუმალი კრატერებიდან მილიონ-ნახევარი წელიწადი გვიმზერს - კვირის პალიტრა

ტახტითეფას იდუმალი კრატერებიდან მილიონ-ნახევარი წელიწადი გვიმზერს

"ეს ტალახის ვულკანების ამოტყორცნილი აირებია, რომლებიც ბორცვებად და კრატერებად ამოიზრდება და თან ნავთობი და წყალი მოჰყვება. რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული მაღლობი ათეულობით ასეთი "სასულეთი" ორი დიდი კრატერით არის დაფარული. მათში მუდამ მდორე წყალი დგას, რომლის შუაგულში სქელი ბუშტუკები ბუყბუყებს..."

შეიძლება სიცოცხლეში დედოფლისწყაროში, ტახტითეფას ვულკანურ კრატერებზე უცნაური ვერაფერი ნახოთ. ისინი გამუდმებით ფეთქავენ და თუხთუხებენ, რუებად იშლებიან და ხევში ქრებიან - უკანვე ჩაედინებიან დედამიწის წიაღში და რა გასაკვირია, ამ სურათის შემყურე დაფიქრდე - რას გვიქადის, ან რაზე მიგვანიშნებს დედამიწა ამ ვულკანებით?

ცნობილი ფოტოხელოვანისა და ჟურნალისტის, ბადრი ვადაჭკორიას გადაღებულმა ტახტითეფას კრატერებმა შეგვძრა და ამ საფიქრალზე საუბარი იმ ადამიანთან გადავწყვიტეთ, ვინც აქაურობა ზედმიწევნით იცის - ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების რეინჯერთა სამსახურის უფროსი ვაჟა ჩერქეზიშვილი, ბავშვობიდან მოყოლებული, იმდენჯერ მდგარა ამ ვულკანების პირისპირ, რომ მათ იდუმალ ხმას დედამიწის ყველაზე ყურისწამღებ ხმაურშიც გამოარჩევს.

- ეს კრატერები დაახლოებით 55 კილომეტრით არის დაშორებული დედოფლისწყაროდან, მაგრამ მის სანახავად ადამიანები სულ დადიოდნენ. აქაურობა მაგნიტივით იზიდავს ტურისტებსაც. ყველა ამბობს, რომ ამ ულამაზესი კრატერების დანახვისას შეიძლება ისიც იფიქრო, დედამიწაზე კი არა, სხვა პლანეტაზე ხარ. ეს ტალახის ვულკანების ამოტყორცნილი აირებია, რომლებიც ბორცვებად და კრატერებად ამოიზრდება და თან ნავთობი და წყალი მოჰყვება. რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული მაღლობი ათეულობით ასეთი "სასულეთი" (სწორედ ასე ჰქვია - სასულეები!) ორი დიდი კრატერით არის დაფარული. მათში მუდამ მდორე წყალი დგას, შუაგულში კი სქელი ბუშტუკები ბუყბუყებს და ქშინავს, მასში ტალახი და ნავთობია არეული.

კრატერის ზედაპირზე ნავთობის პკე ტივტივებს, რომელიც მზეზე ლურჯად ბზინავს და ყველაფერს უფრო მისტიკურ იერს სძენს.

- მე არანაკლებ მისტიკურად მეჩვენება დაბზარული მიწა. თითქოს სიცოცხლე შეწყდაო. ახლომახლო ხეც არ დგას, მხოლოდ დაბალი ბალახია ალაგ-ალაგ და ისიც უცნაური. ალბათ, იმიტომაც ეჩვენებათ აქ მოხვედრილებს თავი სხვა პლანეტაზე. - ეს ნახევრად უდაბნოა და იმიტომაც არის აქაურობა ასე დაბზარულ-დახეთქილი. მიწის ზედაპირზე ამოსული ტალახი შრება და იბზარება. ამ ტალახში სამედიცინო სიმდიდრეა - მიწის გულიდან ამოსული ასეთი მასა სამკურნალოა. ტახტითეფასთან ახლოს არის პანტიშარას ულამაზესი გზა, რომელიც შირაქს ივრის ვაკესთან აკავშირებს და ირანისკენ მიემართება. სწორედ ამ გზაზე უნდა გაეტარებინა შაჰ- აბასს ის ქართველები, რომლებიც ფერეიდანში გადაასახლა.

- ტახტითეფას კრატერების ხილვისას შიშიც გამიჩნდა, შესაძლოა, ვულკანმა კვლავ ამოხეთქოს - კავკასია ხომ ვულკანური ზონაა. - ბუნება რას მოგვიმზადებს, ამას ვინ გაიგებს. მეცნიერებისგან ვიცით, რომ 2 მილიონი წლის წინ შავი და კასპიის ზღვები შეერთებული იყო და ის ადგილებიც, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ზღვით იყო დაფარული. ვაშლოვნის ზოგიერთ ადგილას ამ ზღვის ნაშთი და კლდეებში დარჩენილი ნიჟარები დღესაც ცხადად ჩანს. ტახტითეფას ვულკანები დაახლოებით მილიონ-ნახევარი წლის წინ უნდა იყოს წარმოშობილი. კრატერში ჩამდგარი ნავთობიანი წყალი ისე მოსწონთ ტურისტებს, ხანდახან ფეხსაც ყოფენ, ექსტრიმით ტკბებიან.

- კრატერებში ჩახრჩობის საფრთხეც ხომ არსებობს? - მათი სიღრმე ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ისე კი, საქართველოს ნავთობი დედამიწის გულიდან 2300-2500 მეტრ სიმაღლეზე ამოდის - ნაპრალს მოჰყვება, დედამიწის ზედაპირთან მივა და სადაც "გამოსასვლელს" ნახავს, იქიდან გამოედინება. ჩვენს ტახტითეფაზეც ასეთი გამოსასვლელი იპოვა, თანაც ათეულობით ადგილას... ვაშლოვნის ნაკრძალი და ტახტითეფას ვულკანები სიმდიდრეა, რომელიც ბუნებამ გვარგუნა და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.