28 მეტრი თოვლის ქვეშ - კვირის პალიტრა

28 მეტრი თოვლის ქვეშ

"ეს ფოტო გოდერძის უღელტეხილზე მაისშია გადაღებული, ამიტომაც მასზე შედარებით მოკრძალებული, 12-15-მეტრიანი თოვლის გვირაბია... მაისში თოვლი წყლიანია და შეიძლება გვირაბი ადვილად ჩამოინგრეს, მაგრამ ბატონი შალვა ამას არ შეუშინდა და მაინც წავიდა გადასაღებად, მაგრამ მანქანა გვირაბში გაუფუჭდა და იქ მანამდე იდგა, სანამ თოვლი არ გადნა"

სანამ ისეთი თოვლი მოვა, ჩვენ რომ გაგვიხარდება, არც ისე დიდი ხნის წინანდელი თოვლის გვირაბები გავიხსენოთ ზემო აჭარაში. მით უფრო, რომ ამის ამსახველი ფოტოც გვაქვს - ფოტო, სადაც გოდერძის უღელტეხილზე 12-15-მეტრიან თოვლის გვირაბში საბჭოთა "ჟიგულია" გაჩხერილი და ვეღარ გამოდის. განა იმიტომ, რომ მძღოლს გვირაბში გამოვლის ეშინია, უბრალოდ, მანქანა გამოვიდა მწყობრიდან. სხვათა შორის,F ფოტოც და მანქანაც თურმე ჩვენი კოლეგის, გაზეთ "ხულოს" აწ გარდაცვლილი ფოტოგრაფის, ბატონ შალვა ართმელიძის გადაღებულია, რომელსაც ფოტოაპარატითა და მანქანით არაერთი საშიში გვირაბი დაულაშქრავს. ეს საინტერესო კაცი ხულოში ყველას ახსოვს, ამიტომაც მის შესახებ სიამოვნებით გვიამბო ხულოელმა ნანა ფაიქიძემ, რომელსაც ის წელი და ის თოვაც არ დავიწყებია.

- ეს ფოტო გოდერძის უღელტეხილზე მაისშია გადაღებული, ამიტომაც მასზე შედარებით მოკრძალებული, 12-15-მეტრიანი თოვლის გვირაბია. კარგად მახსოვს, იმ წელიწადს, 1985 წელს, გოდერძის უღელტეხილზე 28 მეტრი სიმაღლის თოვლი იდო. მაისში თოვლი წყლიანია და შეიძლება გვირაბი ადვილად ჩამოინგრეს, მაგრამ ბატონი შალვა ამას არ შეუშინდა და მაინც წავიდა გადასაღებად, მაგრამ მანქანა გვირაბში გაუფუჭდა და იქ მანამდე იდგა, სანამ თოვლი არ გადნა. მანქანის გამოსაყვანად გვირაბში მისაბმელიან მანქანას მაინც ვერ შეიყვანდა - ზედმეტ მოძრაობას შეიძლება გვირაბი ჩამოენგრია. ბატონ შალვასაც რა ექნა, დატოვა მანქანა და მაინც წავიდა გადასაღებად. ის მანქანა მანამდე იდგა იქ, სანამ თოვლი არ გადნა.

- მითხარით, იმ წელს ხულოში 28 მეტრი თოვლი მოვიდაო... ამაში ეჭვი უნდა შევიტანო...

- დიახ, ასე იყო. მხოლოდ ხულოში კი არა, შეიძლება სვანეთსა ან ყაზბეგშიც ასე ყოფილიყო. უბრალოდ, ეს ამბები დავიწყებას მიეცა. ხულოში, სადაც ზღვისა და მთის კლიმატი ერთმანეთს ერევა, თეფშისტოლა ფანტელებიც ხშირად გვინახავს. შუახნის ხალხს ისიც ახსოვს, როგორ დადიოდნენ 6-7-მეტრიანი გვირაბების გავლით სკოლაში, თანაც კილომეტრებზე. აბა, თუ ბიჭები იყვნენ, ტრაქტორებს გვირაბების გაწმენდა დაეგვიანათ! ჩვენ კი, სკოლისკენ მიმავლებს, სულაც არ გვანაღვლებდა ამხელა თოვლი და გვირაბებში დავძვრებოდით. მშობლები ნერვიულობდნენ, გვაფრთხილებდნენ, გვირაბებში გავლისას ხმამაღლა არ ილაპარაკოთო, სტვენაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი...

- ოდნავ ხმაურსაც შეიძლებოდა ზვავი დაეძრა და გვირაბი ჩამოქცეულიყო? - დიახ. არის ადგილები, სადაც ხმამაღალი ლაპარაკიც საშიშია. მახსოვს, ერთი სოფლის ახალგაზრდობა კინაღამ შეიწირა მთიდან დაძრულმა ზვავმა. 27 კაცი იყო, სოფელში სახლების გადასათოვლად დადიოდნენ და ის-ის იყო, ხიდზე გადასულან, რომ თოვლის მასივი მოწყდა და ხიდიც და გარშემო ყველაფერი ხევში ჩაიტანა. საბედნიეროდ, 27-ივე გადარჩა, მაგრამ კარგა ხანს ვერ მოდიოდნენ გონს. ახლა ის გვირაბები გაქრა, უკანასკნელი 5-6-მეტრიანი გვირაბი ორი წლის წინ გავთხარეთ ხულოში. ბოლო დროს ხეირიანი თოვლი აღარც მოსულა. ვნახოთ, წლევანდელი ზამთარი რას იზამს, თუმცა რამეს რომ აპირებდეს, უკვე უშველებელი თოვლი უნდა იდოს...

P.S. ქალბატონ ნანას გულით ვუსურვე წელს თეფშისტოლა ფანტელები. თუმცა სინოპტიკოსებმა იმედი გამიცრუეს, როდესაც წლევანდელი ზამთრის პროგნოზი გამაცნეს. ისღა დაგვრჩენია, მშვიდობიანი ზამთარი მაინც ვუსურვოთ. ისე კი, სინოპტიკოსების ვარაუდით, წლევანდელი ზამთრის ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ტრადიციულ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება - ანუ დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5-7 ცელსიუსი ტემპერატურა იქნება, მაღალ მთაში - -4 -2; აღმოსავლეთის დაბლობზე - 0 +2, მაღალ მთაში კი -5-დან -3-მდე.