ამაყი და მოუსყიდავი მცველივით დგას ასკილი საქართველოს სადარაჯოზე, მავთულხლართებს შორის - კვირის პალიტრა

ამაყი და მოუსყიდავი მცველივით დგას ასკილი საქართველოს სადარაჯოზე, მავთულხლართებს შორის

"მავთულხლართთან მანქანა გაჩერდა და ქართველი ცოლ-ქმარი მოგვესალმა. თურმე რუსეთის მოქალაქეები ყოფილან, აფხაზეთიდან დევნილები, მოსკოვში ცხოვრობენ. წყვილი დაბადების დღის აღნიშვნას ატოცში გეგმავდა. იყო წითელი ტორტი წარწერით "ოკუპაცია". ფეიერვერკის ნაცვლად, აგიზგიზებულ კოცონში ჩაიწვა ორი ქართველის რუსული პასპორტები. ეს იყო მშვიდობიანი, თუმცა ყველაზე ემოციური ანტირუსული პროტესტი"

შიდა ქართლის რაიონის სოფელი ატოცი უკვე მერამდენედ იქცა საზოგადოების ყურადღების საგნად - რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს. ახლა იქ მუდმივად პატრულირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.

ასკილის იმედად დარჩენილები...

4 დეკემბერი, ატოცი, მავთულხლართებთან. სანამ სოფელში ავიდოდით, 30-კილომეტრიანი გზა ნელ-ნელა გავიარეთ. გზა პირობითად ეთქმის, რადგან ერთ მონაკვეთზე მოასფალტებული სავალიდან ოღროჩოღრო სამანქანე ბილიკი იწყება. სოფელში სულ რაღაც კილომეტრიდანვე მოჩანს მწვანე ძელები, მავთულხლართები და ერთმანეთის პირისპირ მდგომი ოკუპანტებისა და ქართველი პატრიოტების საგუშაგოები. ოკუპირებულ ტერიტორიამდე ანტისაოკუპაციო მოძრაობის"წევრმა აგვიყვანა. ორხიდიანი ყველგანმავალი ანტისაოკუპაციო მოძრაობას მეგობრებმა, თანამოაზრეებმა და პატრიოტმა ქართველებმა აჩუქეს. ადგილზე მისულებს ოთხნი დაგვიხვდნენ, ქართული მიწის მცველები.

მავთულხლართების შორიახლოს ასკილი ხარობს და აქაურები კრეფენ ნაყოფს. ეს მათი შემოსავლის წყაროდ აგვისტოს ომის შემდეგ იქცა, სახნავ-სათესი მიწები ანექსირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ატოცელებს აღარც ბოსტნები აქვთ, აღარც ყანები და აღარც საძოვრები. ამიტომაც მოსახლეობის იმედი რეალიზაციისთვის გამზადებული ასკილია. ახლა ქალაქის რამდენიმე ბარსა და რესტორანში ლამაზად დაფასოებული, ეტიკეტირებული ატოცური ასკილი იყიდება. ზამთრის ცივ დღეს ცხელი ჩაისთვის კაფეში შესულმა გავიგე ატოცელების ასკილის ისტორია.

"ვპირდებით რუსებს,  რომ ფეხს არ მოვიცვლით აქედან"

დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია": "17 თვეა, ყოველდღიურად ვპატრულირებთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ. ატოცში 7 ნოემბრიდან გადმოვედით და არსად წასვლას არ ვაპირებთ. მცოცავი ოკუპაცია 330-ე მეტრზე შეჩერდა. ვპირდებით რუსებს, რომ ფეხს არ მოვიცვლით აქედან. არ გვაქვს უფლება, თუნდაც ერთი სანტიმეტრი მიწა დავუთმოთ. შესაძლოა რუსების გაყვანას ათწლეულები დასჭირდეს, ამიტომაც დავდგებით ყველგან, სადაც მავთულხლართების გაბმას დააპირებენ. მოძრაობის ძირითადი ბირთვი, 20-მდე კაცი, ფაქტობრივად, აქ ვცხოვრობთ. ატოცში მუდმივად პატრულირებს ოთხი ჩვენგანი. კიდევ გვემატებიან და უფრო მრავალრიცხოვანი ხდება ჩვენი მოძრაობა".

ჩვენ არ ვთვლით მავთულხლართებს საზღვრად

რუსების საგუშაგოდან რამდენიმე მეტრში ფოტოკამერამომარჯვებული დამპყრობლები ჩვენი სახეების გადაღებას ცდილობდნენ. "კვირის პალიტრის" კამერას თავიანთ საგუშაგოში დაემალნენ, ფანჯარას დროშა ჩამოაფარეს. სათვალთვალოებიდან ვუყურებდით ერთმანეთს - ჩვენ ოკუპანტებს ქართულ მიწაზე და ოკუპანტები ჩვენ, ქართველებს... ასკილი კი იდგა საქართველოს სადარაჯოზე, მავთულხლართებს შორის, ამაყი და მოუსყიდავი მცველივით.

წითელი ტორტი წარწერით "ოკუპაცია"

მავთულხლართთან საოცარი სანახაობის მომსწრეები გავხდით. მანქანა გაჩერდა და ქართველი ცოლ-ქმარი მოგვესალმა. რუსეთის მოქალაქეები ყოფილან, აფხაზეთიდან დევნილები, მოსკოვში ცხოვრობენ. წყვილი დაბადების დღის აღნიშვნას ატოცში გეგმავდა. იყო წითელი ტორტი წარწერით "ოკუპაცია". ფეიერვერკის ნაცვლად, აგიზგიზებულ კოცონში ჩაიწვა ორი ქართველის რუსული პასპორტები. ეს იყო ყველაზე ემოციური ანტირუსული პროტესტი.

ირაკლი კაჭარავა: "სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, აფხაზეთი 1992-1993 წლების მოვლენების გამო დავტოვე. 1998 წელს რუსეთში წავედით მე და ჩემი მეუღლე და მოქალაქეობა მივიღეთ. ვფიქრობდით, რომ ჩვენი ოჯახისთვის მატერიალურად მომძლავრება იქ იყო შესაძლებელი. 2014 წლამდე დავრჩით, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობდით და ერთ დღესაც წამოვედით. მინდა ჩემს ერს ვუთხრა - როცა საქართველო ოკუპირებულია, მატერიალური მხარე პრიორიტეტული არ არის. თითოეულ ქართველს შეგვიძლია იოტისოდენა წვლილი მაინც შევიტანოთ ერთიანობისთვის ბრძოლაში".

"მხოლოდ არჩევნებზე გაგვიხსენეს და წყალს აკეთებენ"

ატოცში მცხოვრები ოსი ქალი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფლის დარაჯად დარჩა. ქართველებმა გახიზვნამდე ოს რძალს სახლ-კარი, პირუტყვი და ღირებული ნივთები ჩააბარეს. თუმცა ისიც, ომიდან მრავალი წლის შემდეგ, ასკილის კრეფისას ოკუპანტებმა ცხინვალის საპყრობილეში გადაიყვანეს.

ზეფირა ბლიევა: "47 წლის ვარ, ცხინვალში დავიბადე. ატოცში 22 წელია, ვცხოვრობ. ძალიან მძიმე ცხოვრება გვაქვს. მინდორში საქონელსაც კი ვერ ვუშვებთ. სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს, ასკილს ვკრეფ და ვყიდი. ორი ძროხა მყავს. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ეს არის. ზაფხულში რძის პროდუქტებით ვახერხებდი დენის დავალიანების გადახდას და წამლის ყიდვას. ახლა პირუტყვიც აღარ იწველება. ოჯახში შვიდნი ვიყავით, ჩემი ვაჟი და მისი ცოლ-შვილი რძლის სოფელში წავიდნენ, ჩემი ვაჟი იქ დღიურად მუშაობს. დავრჩით მეუღლე, მე, ჩვენი შვილი და პატარა მაზლიშვილი. ერთ დღეს ოკუპანტები წამომადგნენ თავზე, რუსეთის ტერიტორიაზე გადმოხვედიო და წამიყვანეს ცხინვალში. მკითხეს, ვინმე ხომ არ გყავს ჩვენკენო. ჩემი დები ცხოვრობენ ორჯონიკიძეში, იმათ გადაიხადეს გამოსასყიდი 2.000 რუსულ რუბლი. 2008 წლის შემდეგ პირველად მაშინ შევხვდი ჩემს დებს. რომ არა ისინი, ალბათ, დღემდე იქ ვიქნებოდი... წინა ხელისუფლების შემდეგ, მხოლოდ არჩევნებზე გაგვიხსენეს და წყალს აკეთებენ".

"ერთი კილომეტრია აქედან ოკუპანტებამდე"

84 წლის მამაკაცი ატოცში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სოფლის თავიდან ურიკით ეზიდება წყალს და ეზოში მოყვანილ ბოსტნეულს შვილიშვილებისთვის ინახავს.

გულო კარაპეტოვი: "ჩემი ნაკვეთი, 2 ჰექტარი, მავთულხლართების იქით მოჰყვა. ოჯახში შვიდი სული ვცხოვრობთ. შემოსავალი ჩემი პენსიაა. აგვისტოს ომის შემდეგ მთელი სახლი დარბეული დაგვხვდა, ფარდებიც კი ჩამოუხსნიათ. წაიღეს ღვინო, კარტოფილი და კომპოტები. ერთი კილომეტრია აქედან ოკუპანტებამდე. ახალი წელი მოდის, პენსიიდან ცოტას გადავინახავ და კანფეტს ვუყიდი შვილიშვილებს".

P.S. იმ დღესაც ასკილს კრეფდნენ ქალები, მამაკაცები სავსე ტომრებს აწყობენ, ბავშვები კი ახალ წელს კანფეტებს ელოდებიან. მათ უსაფრთხოებაზე "ძალა ერთობაშია" ზრუნავს. საღამო ხანს თბილისში წამოვედით. საქართველოს მცველები იქ დარჩნენ, ხვალაც იქ იქნებიან და ზეგაც... სანამ არ დასრულდება ოკუპაცია!

სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე"