თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა - დღევანდელ რეპეტიციას ზურაბიშვილი არ დასწრებია - კვირის პალიტრა

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა - დღევანდელ რეპეტიციას ზურაბიშვილი არ დასწრებია

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა. რეპეტიცია დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს გამართულ რეპეტიციას არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია.

ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფები და სპეცრაზმის წრმომადგენლები. ასევე ანსამბლები, რომლებიც ხვალ მთავარ ღონისძიებაზე ჰიმნს შეასრულებენ.

როგორც ღონისძიების რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განაცხადა, კახური მრავალჟამიერი რამდენიმე ანსამბლის მონაწილეობით შესრულდება, მათ შორის იქნება ანსამბლი "ერისიონი", "ქართული ხმები" და "რუსთავი".

საორგანიზაციო ჯგუფი ბოლო ეტაპს გადის. ცოტა ხანში ერეკლე მეფის სასახლის კარი დაიკეტება და ეზოში წითელ ხალიჩებს დააგებენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებს თელავის თეატრში უმასპინძლებს.

"ინტერპრესნიუსი"