"დეპუტატად აღარ ვიყრი კენჭს" - კვირის პალიტრა

"დეპუტატად აღარ ვიყრი კენჭს"

"მთავარი შენობების გაყიდვა კი არა, სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნება უნდა იყოს"

"ქართველებს ჭკუა რომ გვეხმარა, საქართველო დღეს ბევრად წინ იქნებოდა"

"ნაჩქარევი იყო ინსტიტუტების გაყვანა მეცნიერებათა აკადემიიდან"

"იმის გამო, რომ შენობის გაყიდვა გინდა, რატომ ანადგურებ უნიკალურ ლაბორატორიას"

2 წლის წინ, აგვისტოს ომამდე ორი კვირით ადრე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრიდონ თოდუამ მითხრა, რაკი რუსეთსა და საქართველოს შორის ვითარება ასე დაიძაბა, ვისაც რუსეთთან კავშირი გვაქვს, სახალხო დიპლომატის მისია უნდა ვიტვირთოთ, რათა როგორმე საქართველოსა და რუსეთის ლიდერები შევახვედროთო, მაგრამ შეხვედრა არ შედგა და ომი დაიწყო. ბატონ ფრიდონს ეს ამბავი გავახსენე:

ეს ომი შეცდომა იყო. ქართველებმა ახლა კი არა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დავუშვით არაერთი შეცდომა. არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდება, სამოქალაქო ომი, შევარდნაძის მოსვლა და მისი ვადაზე ადრე გადაყენება. ქართველებს ჭკუა რომ გვეხმარა, საქართველო დღეს ბევრად წინ იქნებოდა. თუ ცივილიზებული ერი ვართ, არჩეულ პრეზიდენტს, კარგია თუ ავი, საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე მიყვანა უნდა ვაცალოთ.

თითქმის 25 წელიწადი ვიცხოვრე მოსკოვში და როდესაც გამსახურდიამ მოგვიწოდა ქართველებს, საქართველოში დაბრუნდითო, რუსეთიდან 21 კაცი ჩამოვედით. იმ 21 კაცისგან მარტო მე დავრჩი საქართველოში, სხვები უკან გაბრუნდნენ. არადა, რუსეთში საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა. მოსკოვში პოპულარული კაცი ვიყავი, კარგი ბინა მქონდა, კარგად ვცხოვრობდი.

მეოთხე სამმართველოს (პრეზიდენტთან არსებული ე.წ. ,,კრემლიოვკის" სამედიცინო დაწესებულება) მთავარი კონსულტანტი ვიყავი ჩემს დარგში. ეს ყველაფერი მივატოვე და დავბრუნდი. მეგონა, საქართველო მეორე შვეიცარია გახდებოდა. საამისო პირობები მართლაც გვქონდა, მაგრამ აყვავების ნაცვლად ქვეყანაში საშინელება დატრიალდა. ამ ყველაფერს გავუძელი, უკან დაბრუნება არც მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ერთი წელი მინახავდნენ ადგილს.

სამტრედიასთან რკინიგზა რომ გადაკეტეს, დაიკარგა მილიონზე მეტი ღირებულების სამედიცინო აპარატურა, რომელიც მოსკოვის გავლით მოდიოდა. ნელ-ნელა დავიწყე ყველაფრის  შეკოწიწება და შედეგიც მივიღე. პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ მოსკოვშია სამი ტესლა სიმძლავრის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი და მეორე ჩვენ გვექნება სექტემბრის ბოლოს.

ინსტიტუტში ასევე გვაქვს 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ადგილის გამოკვლევას 0,5 წამი სჭირდება. მახსოვს, მოსკოვში პაციენტს 40 წუთი მაინც ვიკვლევდით.

ცნობილმა ექიმმა ლეო ბოკერიამ არაერთხელ მითხრა, შენი მშურს, რადგან საქართველოში ხარო.

ვუთხარი, აქ პრობლემები მეტი მაქვს-მეთქი და ეგ პრობლემები გერჩიოსო.

ჩემი მოწაფეები დღეს მინისტრები, კლინიკის დირექტორები და კათედრის გამგეები არიან არა მარტო აქ, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

- ხელისუფლებას ხშირად უთქვამს, მეცნიერებათა აკადემია საბჭოთა გადმონაშთია და უნდა დაინგრესო.

- მეცნიერებათა აკადემია გადმონაშთი არ არის. ამას წინათ ავსტრიის მეციერებათა აკადემიაში ვიყავი. იქ მეცნიერებათა აკადემია მეცნიერების განვითარების გენერალური შტაბია. მეცნიერებათა აკადემიები შექმნეს ირანმა და თურქეთმაც. ხომ ვერავინ იტყვის, რომ ეს საბჭოთა ქვეყნებია? ჩვენთანაც მეცნიერების განვითარების გენერალურ შტაბად უნდა იქცეს მეცნიერებათა აკადემია.

- ხშირად ჩივიან, განათლების დონე დაეცა, მეცნიერება განადგურდაო. როგორც მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, როგორ შეაფასებთ იმ მდგომარეობას, რაც სამეცნიერო სფეროშია?

- დასანანია, რომ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რომლის აკადემიური საბჭოს წევრიც ვარ) ფიზიკის ფაკულტეტზე ასე ცოტა სტუდენტი სწავლობს. კატასტროფაა, რომ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ასე შემცირდა სტუდენტების რაოდენობა.

ვფიქრობ, რეფორმა, რომელიც თავის დროზე განათლების სისტემასა და მეცნიერებათა აკადემიაში გატარდა, ნაადრევი იყო. ნაჩქარევი იყო ინსტიტუტების გაყვანა მეცნიერებათა აკადემიიდან. საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ სამეცნიერო ინსტიტუტების შენარჩუნება, მაშინ როდესაც სახელმწიფო დაფინანსება ფაქტობრივად არ არსებობდა, გმირობა იყო.

საბედნიეროდ, მეცნიერებას ისევ შერჩა ინტელექტუალური პოტენციალი, ტრადიციები და ეს ცალკეულმა  ინსტიტუტმა შემოინახა. საქართველოს არც ოქრო აქვს და არც ბუნებრივი აირი. ჩვენ  ინტელექტუალურმა პოტენციალმა მოგვიყვანა დღემდე. ეს არის ჩვენი სიმდიდრე,  რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

- ბატონო ფრიდონ, თქვენ მაინც არ გექნებოდათ კომუნიკაციის პრობლემა მაშინდელ განათლების მინისტრ ბატონ ლომაიასთან, რომელიც თქვენი ნათესავია.

- ნათესავი ყველას გვყავს, მაგრამ ვერ მოხერხდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან. ჩვენი ზოგი შეფასება გაიზიარეს, უმეტესობა კი - არა. ახალგაზრდები ბევრ საკითხს სხვანაირად უყურებენ.

არც იმის დაუნახაობა იქნება, რომ თუ უწინ აკადემიკოსებს 200 ლარი ჰქონდათ დანიშნული, დღეს ამ წოდებისათვის 1.000 დოლარის ეკვივალენტს იღებენ. 8-10-ჯერ გაიზარდა გრანტული დაფინანსება.

ვფიქრობ, აკადემიას მეტი აქტიურობა მართებს. ქვეყანა წინ ვერ წავა, თუ მეცნიერება არ შევინარჩუნეთ. მეტი ყურადღება სჭირდებათ მეცნიერებს. წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რაც უნივერსიტეტში მოხდა. რა მოხდა, თუ კაცი დაბერდა? რატომ უშვებენ უბოდიშოდ?

რატომ არ ფიქრობენ, ჰყავთ თუ არა მისი შემცვლელი? ზოგი დარგი ისეთია, ერთხელ თუ დაანგრიე, მისი აღორძინება შეუძლებელია. იმის გამო, რომ შენობის გაყიდვა გინდა, რატომ ანადგურებ უნიკალურ ლაბორატორიას, რომლის არათუ გადატანა, დაძვრაც არ შეიძლება. მთავარი შენობების გაყიდვა კი არა, სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნება უნდა იყოს და ეს მეცნიერებათა აკადემიამ უნდა ითავოს.

მეცნიერებათა აკადემიამ დროის მოთხოვნებს უნდა აუწყოს ფეხი. ამას წინათ ტაქსი გავაჩერე, მეცნიერებათა აკადემიასთან მიმიყვანეთ-მეთქი და მძღოლმა მკითხა, ეგ სად არისო. ერთხელ კი მეცნიერებათა აკადემიიდან 10 მეტრის დაშორებით დავდექი და ახალგაზრდებს ვკითხე, ხომ არ იცით მეცნიერებათა აკადემია სად არის-მეთქი და ვერ მიპასუხეს. გული დამწყდა.

- ხშირად ლაპარაკობენ ჯანდაცვის რეფორმის მარცხზე და საყვედურობენ სანდრო კვიტაშვილს, რომლის თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასაც მხარი დაუჭირეთ.

- 20 წელია საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარეობს და სისტემა მაინც რთულ მდგომარეობაშია. წინააღმდეგი ვიყავი 100 საავადმყოფოს იდეისა. თავიდანვე განვაცხადე, რომ ეს იყო უტოპია, რომელსაც ხორცს ვერ შევასხამდით.

ობიექტური უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ  ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა კვიტაშვილის ბრალი არ არის. ჩვენს ჯანდაცვაში ისეთი მდგომარეობაა,  ხუთი კვიტაშვილი და ხუთი თოდუაც ვერ გამოასწორებენ.

რაც შეეხება სანდრო კვიტაშვილის თსუ-ის რექტორად მიწვევას, ის კარგი ორგანიზატორია, ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის ინსტიტუტებთან და ვნახოთ, რას გააკეთებს. ვინც უნდა დანიშნონ ამა თუ იმ თანამდებობაზე, ერთ თვეში ვითარებას ვერავინ გამოასწორებს. არ შეიძლება ადამიანის საქმიანობის შეფასება ხანმოკლე მოღვაწეობით. ძალიან არ მომწონს, როდესაც ზოგიერთი ტელეეთერში მკვახე შეფასებებს აკეთებს. ჩემზეც გამიგია არაობიექტური შეფასებები.

- სამედიცინო საქმიანობით საკმაოდ დატვირთული ხართ და დეპუტატობა რამ გაფიქრებინათ?

- ხშირად მეუბნებიან, რა გინდოდა პარლამენტშიო.

ბევრი პოლიტიკური გაერთიანება მთავაზობდა პოლიტიკაში ჩართვას, მაგრამ ერთ დღეს შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და მან დამარწმუნა, მაჟორიტარად მეყარა კენჭი, არადა მაშინ სრული წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა მაჟორიტარი დეპუტატი. რომ მცოდნოდა, არ ვიყრიდი კენჭს. იმაზე ძნელი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა.

- ე.ი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

- მაჟორიტარ დეპუტატად აღარ ვიყრი კენჭს. ჩემს კლინიკას დავუბრუნდები. ეს კლინიკა ჩემი სიამაყეა. მთელ ენერგიას მას მოვახმარ და არასოდეს გადავუხვევ ჩემთვის უმთავრეს სამ პრინციპს: ცუდი არავის გავუკეთო, ვისაც შევძლებ, დავემხმარო და პატივი ვცე მოხუცებს. ჩვენ გვყავს უდიდესი მეცნიერები და იმის გამო ხომ არ უნდა ვაქციოთ ზურგი, რომ მოხუცდნენ. ჭაღარა მეც კი  ვარ, მაგრამ ახლა ვიწყებ მუშაობას.