ვისია, ვისია... - კვირის პალიტრა

ვისია, ვისია...

ორი კვირის წინ უკრაინული თუ ქართული პრესა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის გატაცების ამბით აჭრელდა. უკრაინული პრესა ჩხარტიშვილს კიევის აეროპორტიდან ქალიშვილის, ნათიას გატაცებაში სდებდა ბრალს.

მამის მითითებით, ნათია ჩხარტიშვილი აეროპორტიდან მოსტაცეს სასიძოს, დავით ტაბუცაძეს და ლონდონში, მამასთან გაამგზავრეს.

ჭორია თუ მართალი, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, ვანო ჩხარტიშვილი  შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან დავით ტაბუცაძეს ქალიშვილის ქვეყნიდან ამ გზით გაყვანაზე მოურიგდა, - ბიზნესმენის საქართველოდან გაქცევის შემდეგ ნათია ხელისუფლებას "მძევლად" ჰყავდა.

მისი ქვეყნიდან გაყვანის სანაცვლოდ კი შერისხული ბიზნესმენისგან ტაბუცაძე 20 მილიონ დოლარს ითხოვდა. რის შემდეგაც მან ნათია ჩხარტიშვილთან სიყვარულის, მოგვიანებით კი საცოლის აეროპორტიდან გატაცების სცენა გაითამაშა...

გაჩნდა სხვა, ჩხარტიშვილის გარემოცვისგან გავრცელებული ინფორმაციაც: არანაირი გარიგება არ ყოფილა, ნათია ჩხარტიშვილი მამას ლონდონიდან უბრალოდ გამოექცა და წყვილი უახლოეს მომავალში ჯვარს დაიწერს.

გავრცელებული ინფორმაციებიდან რომელია მართალი, ამის დაზუსტება შეუძლებელია, რადგან თვით ვანო ჩხარტიშვილი ახლა ლონდონშია ჩაკეტილი და ბიზნესისა და ნაშოვნი ქონების გადასარჩენ გზებს ეძებს. ასეთი გზა კი საქართველოში ერთადერთია - პოლიტიკაში ჩაბმა.

არ არის გამორიცხული, ჩხარტიშვილმა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყაროს კენჭი ან ძველ მეგობრებთან, ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ნოღაიდელთან გააგრძელოს პოლიტიკური კარიერა.

სავარაუდოდ, ჩხარტიშვილს დეპუტატის მანდატი ხელშეუხებლობის გარანტად და ბიზნესის დასაცავად სჭირდება. საკითხავი ის არის, ხელისუფლება რა გარიგებაზე წავა და რის სანაცვლოდ დათანხმდება ჩხარტიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებაზე.

გამორიცხული არაფერია. მოგეხსენებათ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დასაჭერთა სიის სათავეში ერთ-ერთი ვანო ჩხარტიშვილიც იდგა, მაგრამ  ჩხარტიშვილი "ზედმეტად" არავის შეუწუხებია, არაოფიციალურ ხარკს კი, როგორც ჩანს, ხშირ-ხშირად სთხოვდა ხელისუფლება ძველ ცოდვებზე თვალის დახუჭვის სანაცვლოდ.