"დედა, საწყალი" - ეს ფრაზა ხშირად გამიგონია... ყველას ვეცოდებოდი, რადგან მე მეცოდებოდა­ ჩემი თავი" - კვირის პალიტრა

"დედა, საწყალი" - ეს ფრაზა ხშირად გამიგონია... ყველას ვეცოდებოდი, რადგან მე მეცოდებოდა­ ჩემი თავი"

"ვილაპარაკეთ რამდენიმე დღე და მერე მწერს, არ მინდა სოცქსელით გაგრძელებული ურთიერთობა, ჯერ უნდა გნახო და მერე მოვიფიქრებო. გავბრაზდი, რას ჰქვია, მოვიფიქროო... მოკლედ, შევხვდით - მოვიდა პარაოლიმპიურ კომიტეტში, გაშალა ხელები და ჩამეხუტა პირველივე შეხვედრაზე..."

რომში პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი გახდა. პირველად პარამოფარიკავეთა შორის ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს. ამ ტიტულის მიღმა კი ერთი გოგოს სევდიანი, ტკივილიანი, ღიმილიანი და სიყვარულით სავსე ისტორია იმალება.

ირმას საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტში შევხვდი. ვარჯიშის დაწყებამდე ორი საათი ჰქონდა... ეს არის ამბავი ძლიერი ქალის შესახებ, რომლის ცხოვრებაც ფარიკაობას ჰგავს.

"არ ვიცი, რას მომცემდა უზრუნველი ცხოვრება"

"7 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთიდან წამოვედით - იძულებით, ომის გამო. ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაგვეწვა სახლი, მაგრამ ბავშვი ვიყავი და მაინც უდარდელად აღვიქვამდი ყველაფერს. ჩვენი სოფელი დღეს რუსების პოლიგონია.

ჩვენი ოჯახი აფხაზეთიდან წყალტუბოში ჩავიდა... იქ დაიწყო ძალიან მძიმე პერიოდი - გვშიოდა, გვციოდა, არაფერი გვქონდა, მაგრამ მყავდა უანგარო მეგობრები, გარშემო იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ადამიანობა ფასობდა.

მახსოვს, მე და ბებო დავდიოდით კარდაკარ და ვაგროვებდით საბანს, ბალიშს... ომმა ერთ დღეში გვაქცია ღარიბებად და საცვლების ამარა დაგვტოვა... მიუხედავად ამისა, მენატრება წყალტუბო, სკოლის პერიოდი. სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ დროში, როცა ცხოვრების აღქმა დავიწყე...

მერე დედა ემიგრაციაში წავიდა, შემდეგ მამიდა და ჩემი დაც გაჰყვნენ... არ ვიცი, რა იქნებოდა, აფხაზეთში რომ დავრჩენილიყავი, არ ვიცი, რას მომცემდა უზრუნველი ცხოვრება. მძიმე პერიოდმა სხვა ადამიანად მაქცია, ბრძოლისუნარიანი გამხადა".

"დედას დიაგნოზი დავუმალე"

"უნივერსიტეტში უცხო ენისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი კურსის დასრულებისას გამოცდა უნდა გადამებარებინა, ოთხიანი მივიღე და ხუთიანი მინდოდა, მაგრამ სასწრაფოდ საოპერაციო გავხდი... მას შემდეგ უნივერსიტეტში დაბრუნება ვეღარ შევძელი... პირველი საგანგაშო ნიშანი ჩემმა ორგანიზმმა 17 წლის ასაკში მომცა. მე და ჩემი მეგობრები ქობულეთში, ბუნგალოში ვისხედით. უცებ დაიწყო წვიმა და საშინელი ქარი ამოვარდა. ქურთუკები მოვიფარეთ და გავიქეცით, იქვე იყო ჩვენი სახლი. მე ერთი ნაბიჯი გადავდგი და ვეღარ გავინძერი, გავშეშდი, მთელ სხეულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მაწვიმდა, მაგრამ ხმაც ვერ ამოვიღე, რომ საშველად დამეძახა. სახლში მისულმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, მათთან ერთად რომ არ ვიყავი და ერთ-ერთი უკან მობრუნდა. მე ვერ ვმოძრაობდი, ამიტომ ხელში აყვანილი მიმიყვანა სახლამდე.

შემდეგ ნელ-ნელა მარცხენა ფეხი წამერთვა... ძლიერი ტკივილი, ექიმებთან ვიზიტები და ბოლოს დიაგნოზი - ზურგის ტვინიდან აღმოცენებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. ოპერაცია 8 საათი გრძელდებოდა. დედას დიაგნოზი დავუმალე, ვუთხარი, რომ მარტივ ოპერაციას ვიკეთებდი. ოპერაციის შემდეგ ეტლში ჩავჯექი და მეთექვსმეტე წელია, ვზივარ. თავიდან იყო სტრესი, ეგოიზმი... ყველაზე მიუღებელი ის იყო, რომ სხვაზე დამოკიდებული უნდა ვყოფილიყავი და ამის განცდა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ფაქტი. ყოფილა დღეები, როდესაც ძალიან ცუდი ფიქრები მიტრიალებდა, მაგრამ თავად დავეხმარე საკუთარ თავს. მახსოვს ის დღე - დედა თონის პურს ჭამდა და უცებ გადასცდა, ეს საშინელი წუთები იყო... მაშინ გადავწყვიტე, რაღაც შემეცვალა და დღიურის წერა დავიწყე, ვწერდი, რა გავაკეთე, ვის რა ვუთხარი ამა თუ იმ დღეს... შემდეგ წიგნების კითხვა დავიწყე და თანდათან შევიცვალე. სარკეში ბევრჯერ ჩამიხედავს და ჩემი თავისთვის მითქვამს: ირმა, ნუ მანიპულირებ შენი მდგომარეობით. მე აღარ ვიღებ ნეგატივს, ღმერთს მადლობა, რომ სიმსივნე დავამარცხე".

"როცა საკუთარი თავი შევიყვარე, საზოგადოებამაც შემიყვარა"

"27 წლის ვიყავი, როცა ფარიკაობით დავინტერესდი, მანამდე მთელი 9 წელი ჯარისკაცის რეჟიმით ვიცხოვრე. თბილისში რომ ჩამოვედი, 5 თვე ვეძებდი ერთოთახიან ბინას. ბოლოს ვიპოვე - პირველ სართულამდე 9 საფეხური იყო ასავლელი. იქ ორი წელი ვიცხოვრე, მაგრამ არც ერთ მეზობელს არ გასჩენია სურვილი, პანდუსი გაგვეკეთებინა. სამსახურიდან გვიან დაბრუნებული ბევრჯერ დავრჩენილვარ გარეთ ღამის პირველ-ორ საათამდე და გამვლელისთვის მითხოვია, სახლში შესვლაში დამხმარებოდა. ეს იყო მანამდე, სანამ ნატო გაჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. იქვე, სალონში მუშაობდა და რა დროსაც უნდა დამერეკა, მაშინვე ჩემთან მორბოდა. ვამბობდი, ღმერთმა გამომიგზავნა-მეთქი.

"დედა, საწყალი" - ეს ფრაზა ხშირად გამიგონია და იმდენად მთრგუნავდა, მთელ საზოგადოებაზე ვიყავი გაბრაზებული. ყველას ვეცოდებოდი, რადგან მე მეცოდებოდა ჩემი თავი. მერე იცით, რას მივხვდი? თუ ჩემს სხეულს არ მივიღებდი ისეთს, როგორიც მომეცა და არ შევიყვარებდი იმ მდგომარეობას, როგორიც დღეს მაქვს, არავინ შემიყვარებდა".

ირმა ხეცურიანი მეუღლესთან ერთად

"ძალიან ლამაზი ხარ"

"ჩვენი ურთიერთობა სოციალური ქსელით დაიწყო. საფრანგეთში ვიყავი მსოფლიო თასზე და პირველად ავიღე ოქრო ხმლით ფარიკაობაში. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ მედლის შემდეგ ათი დღე არ შემიხედავს სოციალურ ქსელში და როცა გავხსენი, უამრავი შეტყობინება დამხვდა. ერთ-ერთი იყო უცნობი ბიჭის, გიორგი დანელია მწერდა: "ძალიან ლამაზი ხარ". ძალიან დიდი მადლობა-მეთქი, მივწერე. წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა - შეტყობინებების მთელი კასკადი, წერილობითი და ხმოვანი სმს-ები. ვილაპარაკეთ რამდენიმე დღე და მერე მწერს, არ მინდა სოცქსელით გაგრძელებული ურთიერთობა, ჯერ უნდა გნახო და მერე მოვიფიქრებო. გავბრაზდი, რას ჰქვია, მოვიფიქრებო... მოკლედ, შევხვდით - მოვიდა პარაოლიმპიურ კომიტეტში, გაშალა ხელები და ჩამეხუტა პირველივე შეხვედრაზე. მერე კუს ტბაზე გავისეირნეთ და თუკი რამე ჰქონდა მოსაყოლი, ყველაფერი მიამბო თავის ცხოვრებაზე. ასე გაგრძელდა 8 თვეს. არასოდეს დამავიწყდება გიორგის დედასთან შეხვედრა. გიორგის ჰკითხა, მზად ხარ ამ პასუხისმგებლობის ასაღებადო? იმდენად სწორი კითხვა დასვა, რომ იქვე შემიყვარდა. მოგვიანებით ჩვენ დავამსხვრიეთ ყველა სტერეოტიპი, რაც რძალ-დედამთილის ურთიერთობას ეხება. ის ჩემთვის მეორე დედა გახდა".

"სანამ მოედანზე გავალ, ბოლო წამების ფიქრებია: "ირმა, შენ მაგარი გოგო ხარ!"

"ყოველდღე 6 საათს ვვარჯიშობ. როცა შეჯიბრება გვაქვს, შეიძლება დილით მივიდე დარბაზში და დაღამებამდე ვივარჯიშო. ჩემს წარმატებაში ჩემი მეუღლის წვლილი მოთმინებაა... ბევრს ჰგონია, რომ წარმატება უცებ დამეცა თავზე, არადა, ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარე. უკვე 13 მსოფლიო ოქროს თასის მფლობელი ვარ, მოგებული მაქვს მსოფლიო ჩემპიონატი. სანამ მოედანზე გავალ, ბოლო წამების ფიქრებია: "ირმა, შენ მაგარი გოგო ხარ!" ბრძოლის დაწყებამდე ფსიქოლოგიური ჭიდილი მაქვს საკუთარ თავთან, როგორ შევიყვანო არენაზე. "თუ არ იბრძოლე, წაგებული ხარ", - ეს ასპარეზობის დაწყებამდე ფიქრებია. როცა იწყებ ფარიკაობას, მაშინვე მთავრდება შიში, ფიქრები და მხოლოდ იბრძვი... რაღაცით ეს ჩემს ცხოვრებასაც ჰგავს, თუ არ დაამარცხე, იქით დაგამარცხებს. ბრძოლისუნარიანი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ასე ვერ ვილაპარაკებდი, დღეს ვერ ვიქნებოდი მსოფლიო ჩემპიონი!"