"ამერიკის სამი პრეზიდ­ენტის ინაუგურაცია მითარგმნია პირდაპირ ეთერში" - კვირის პალიტრა

"ამერიკის სამი პრეზიდ­ენტის ინაუგურაცია მითარგმნია პირდაპირ ეთერში"

"სინქრონული თარგმანისას თარჯიმანი ჯიხურში ზის... ხმით ხშირად მცნობენ და ეს ძალიან მსიამოვნებს. ერთხელ ბაზარში გამყიდველმა მიცნო ხმაზე, გუშინ თქვენ არ ლაპარაკობდითო?"

ივანე მენთეშაშვილს ბევრი მხოლოდ ხმით ცნობს. ის სინქრონისტი თარჯიმანია, ამიტომაც ბევრ ცნობილ პირს შეხვედრია. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, სამხედრო თუ სასულიერო პირებს.

- ისტორიკოსი გახლავართ, 1990 წლიდან ვმუშაობ თარჯიმნად და ეს საქმიანობა სამეცნიერო და პედაგოგიურს შევუთავსე.

მახსოვს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს ვთარჯიმნობდი და ჩემი აზრით, ერთობ უტაქტო შეკითხვა დაუსვეს ძალზე ფაქიზ საკითხზე. ცოტა არ იყოს, შევცბი, თან ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, რას უპასუხებდა, ყოველთვის ვგულშემატკივრობ მოპასუხეს და საბედნიეროდ, იმ კაცმა მშვიდად, ტაქტიანად გააცამტვერა უტაქტო შეკითხვა.

- თარჯიმნობისას როგორ აყალიბებთ ურთიერთობას მომხსენებელთან?

- სინქრონული თარგმანისას თარჯიმანი ჯიხურში ზის, განსხვავებით თანადროული თარგმანისგან, როდესაც გვერდში უზიხარ მომხსენებელს... ერთხელ ერთმა ნატოელმა, მაღალი რანგის ოფიცერმა მკითხა, როგორ ამყარებთ ჩვენთან, მომხსენებლებთან უხილავად ურთიერთობას, ყველას ხომ ჩვენ-ჩვენი სიტყვის წარმოთქმის მანერა და ტემპი გვაქვსო. დავფიქრდი და ვუთხარი, დაახლოებით ისე, როგორც მომთვინიერებელი მხეცთან-მეთქი. გულწრფელად გაეცინა.

- ბევრი ქვეყნის პრეზიდენტებს შეხვედრიხართ?

- შევხვედრივარ ლორდთა პალატის წევრებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს... ამერიკის სამი პრეზიდენტის ინაუგურაცია მითარგმნია პირდაპირ ეთერში. ბოლოს ბატონი ტრამპი ვთარგმნე. თუკი ობამა განზოგადებულად, სიმბოლოებით საუბრობდა, ტრამპი უფრო კონკრეტული იყო, ყველაფერს თავ-თავის სახელს არქმევდა მოხსენებაში... სადამ ჰუსეინიც მითარგმნია, როდესაც კოალიცია ამზადებდა სამხედრო დარტყმას სპარსეთის ყურეში ერაყზე. ჰუსეინის ომისკენ მოწოდების სიტყვის თარგმნამ მომიწია. მერე ამ გამოსვლიდან რამდენიმე ფრაზას პოლიტმიმომხილველები ხშირად მოიხსენიებდნენ: "იშიშვლეთ მახვილი, ურწმუნოები დამარცხდებიან".

- როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანს არ ეთანხმებით და მაინც რიხიანად თარგმნით. - საერთაშორისო დებულებით, თარჯიმანმა ზუსტად უნდა თარგმნოს ყველაფერი. დაუშვებელია პირადი გრძნობების გამოხატვა. როგორც ისტორიკოსს, ჩემი პოზიცია შემიძლია ჩემს წიგნებში გამოვხატო.

- ქართველ პრეზიდენტებთან თუ გითანამშრომლიათ? - ყველასთან. შევარდნაძე თავისი იუმორით, დინჯი საუბრით, ყოველთვის გააზრებული და მიზანმიმართული იყო. ასეთი საუბრის თარგმანი ძალიან ადვილია. ტემპს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს თარჯიმნისათვის, მთავარია, მომხსენებელი გააზრებულად ლაპარაკობდეს.

ზვიად გამსახურდია ინგლისური ენის ჩინებული მცოდნე, დახვეწილი მოსაუბრე გახლდათ. ასეთი პიროვნების ნალაპარაკევის თარგმნა ადვილია და სასიამოვნოც. მიხეილ სააკაშვილმა ჩინებულად იცის ინგლისური ენა, დიდი ტემპერამენტის ადამიანია, რიხიანი, თარგმნისას უნდა მისდიო, ტემპი არ დააგდო. გიორგი მარგველაშვილი დინჯი კაცია, მისი საუბარიც ასეთივეა. ბიძინა ივანიშვილიც მითარგმნია - იმერულად ფაქიზი, მშვიდი, თან მიზანმიმართული, როგორც თარჯიმანი, ასე დავახასიათებდი.

სალომე ზურაბიშვილი დიდი ხნის წინ ვთარგმნე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო - პროფესიონალი დიპლომატია. დიპლომატიური ასპარეზი ადამიანს ბევრ რამეს ასწავლის, მათ შორის იმას, რომ ტრიბუნასთან წარმოჩნდეს მხოლოდ სიტყვა და არა პიროვნება.

გავიხსენოთ ლორდ ჩესტერფილდის ცნობილი წერილები შვილისადმი, რომელსაც დიპლომატად ამზადებდა. ერთ წერილში სწერს, ხომ იცი, შვილო, დიპლომატი უნდა გამოხვიდე და არ დაივიწყო ერთი რამ - დიპლომატი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს ტყუის, მაგრამ არც არასოდეს ამბობს სიმართლესო.

- გადაბმულად რამდენ ხანს გითარგმნიათ, როგორია თქვენი რეკორდი?

- რეკორდებს თარჯიმნები არ უნდა ვესწრაფოდეთ. მე და ჩემი კოლეგა რომ წარგვადგინეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ მესვეურთან, გაიკვირვა, ჩვენ დღეში სამ თარჯიმანს ვამუშავებთო. მაშინ ვიხუმრე, ქართველები განსაკუთრებულები ვართ-მეთქი. ვმუშაობთ ცვლებში, 20-20 წუთი, მაქსიმუმ, 30 წუთი. მქონია "სარეკორდო" მომენტები - 90-იანებში სამჯერ მომიწია მთელი დღე თარგმნამ.

ხშირად მცნობენ ხმით არა მარტო უცხოელები, არამედ თანამემამულეებიც და ეს ძალიან მსიამოვნებს. ერთხელ ბაზარში გამყიდველმა მიცნო ხმაზე, გუშინ თქვენ არ ლაპარაკობდითო?

- სტუდენტებზეც მესაუბრეთ... - მყავს ნიგერიელი, ეგვიპტელი, ერაყელი, სპარსი, თურქი სტუდენტები. არ დამავიწყდება: როდესაც ერეკლე მეორეს გავდიოდით პროგრამით, ვკითხე: მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ობელისკია აღმართული, თუ იცით, ვის ეძღვნება-მეთქი? უცებ სპარსმა მაჰმუდმა ქართულად მითხრა, 300 არაგველსო. სიამოვნებისგან ცრემლები მომადგა, ცხონებულ ერეკლეს ეს რომ გაეგონა-მეთქი. ალბათ, ეს არის გლობალიზაციის შედეგი.