მძღოლების საყურადღებოდ როგორ მოვემზადოთ ტექდათვალიერებისთვის - კვირის პალიტრა

მძღოლების საყურადღებოდ როგორ მოვემზადოთ ტექდათვალიერებისთვის

2019 წლიდან ტექდათვალიერება მსუბუქი ავტომობილებისთვისაც სავალდებულო ხდება, რაც ნიშნავს, რომ ავტოინსპექტირება ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას მოუწევს. მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირების ფასი 60 ლარია. მძღოლს შეუძლია, ინსპექტირების ცენტრი თვითონ აირჩიოს. თუ პირველ ეტაპზე ინსპექტირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეთ, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთი თვე გეძლევათ, რის შემდეგაც განმეორებითი ინსპექტირება უფასო იქნება. ინსპექტირების ბოლო ვადად განისაზღვრება ავტომანქანის რეგისტრაციის თვე და რიცხვი, მაგალითად, თუ თქვენი მანქანა რეგისტრირებულია 2012 წლის 20 თებერვალს, 2019 წლის 20 თებერვალს ტექინსპექტირება გავლილი უნდა გქონდეთ.

მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

- ყველაზე ხშირად გაბზარული საქარე მინა ხდება პრობლემა, რაც ხელს უშლის ხილვადობას. ამიტომ შეგიძლიათ, თადარიგი ახლავე დაიჭიროთ. საქარე მინები ე.წ. დაშლილებში იაფია, თუ არადა, არც ახალია ძალიან ძვირი.

მოწმდება საბურავებიც. შეიძლება მეორადი საბურავების შეძენა და გამოყენებაც, მთავარია, პროტექტორის სიღრმე 1,6 მმ-ზე ნაკლები არ იყოს. ამის შემოწმება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, საბურავის ზედაპირზე, ღრმულში სახაზავს თუ მოათავსებთ.

მნიშვნელოვანია ტექინსპექტირებამდე სავალი ნაწილის შემოწმებაც, რადგან ინსპექტირებისას სპეციალური დანადგარი დეტალურად ამოწმებს მანქანას. თუ სავალი ნაწილი გაუმართავია, მანქანას ვიბრაცია აქვს, ხმას გამოსცემს.

შემდეგი პუნქტი არის ფარები, რომლებიც სწორად უნდა აშუქებდეს. ესეც სპეციალური დანადგარით მოწმდება. როცა ავტომობილი ქარხნულია, პრობლემა არ იჩენს თავს, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მანქანა იაპონური არ არის - იაპონურ ავტომანქანებს, იმის მიუხედავად, მარჯვნვ აქვს საჭე თუ მარცხნივ, ფარები პირიქით აქვს, იმიტომ, რომ იქ ავტომანქანები პირიქით მოძრაობენ. ფარების გამოცვლა ძვირია, მაგრამ მძღოლებმა მოიფიქრეს გამოსავალი და უკვე ბევრ სერვისცენტრში აკეთებენ - შიგნით, ფარში აკრავენ სპეციალურ სტიკერს და ახშობენ იმ კუთხის ნათებას, რომელიც ჩვენი წესით არ უნდა ანათებდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი არის მანქანის გამონაბოლქვი. თუ ძრავაა დაზიანებული, პრობლემის მოგვარება ძვირი დაგიჯდებათ. თუ ავტომობილს ზეთს რეგულარულად უცვლით, შეიძლება ძრავა ისეთი იყოს, რომ მანქანამ ტექნიკური ინსპექტირება გაიაროს.

კატალიზატორის თემა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის. თუ გაქვთ კატალიზატორი, ძალიან კარგი - ტექდათვალიერებას იოლად გაივლით, რადგან გამონაბოლქვი ევრონორმით არ მოწმდება. საქართველოში ჯერ არ ვართ მზად, ტექინსპექტირება ევროსტანდარტით გავიაროთ. ნორმა ასეთია: ოდნავაც თუ იკლებს ძრავაში ზეთი, თქვენი მანქანა მაინც გაივლის ინსპექტირებას.

- ამბობენ არსებობს სითხე, რომელსაც ტექდათვალიერების წინ ძრავაში ჩაასხამ და ტექინსპექტირების დროს გამონაბოლქვის მაჩვენებელი სასურველ ციფრს აჩვენებს. ეს მითია თუ რეალობა? - თქვენს ნათქვამს ვერ დავადასტურებ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ასეთი სითხე არსებობდეს - ქიმია ძალიან განვითარდა...

ტექინსპექტირებამდე არ უნდა გამოგვრჩეს არც სამუხრუჭე სისტემის მოწესრიგება. მუხრუჭებსაც სპეციალური დანადგარი ამოწმებს.

ვაჟა იორდანიშვილი: ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე:

- ბატონო ვაჟა, რა სანქციებია დაწესებული იმ შემთხვევაში, თუ ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობთ? - მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებისთვის ჯარიმა 50 ლარია.

- საკითხზე მუშაობისას საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვე, ჟანრიდან "ქართველები ნიჭიერები ვართ და ყველა სიტუაციაში ვპოულობთ გამოსავალს". ერთმა საზრიანმა მითხრა, რადგან ტექდათვალიერებისთვის მანქანის მომზადება ძვირი დამიჯდება, ეს პროცესი ერთი წლით რომ გადავწიო, ჩემს მანქანას სხვას გავუფორმებ და იმას ტექდათვალიერების ვადა 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე ექნებაო... - მაგრამ გაფორმებასაც რომ ხარჯი აქვს? თუ უღირს ამ თანხის გადახდა, მართლაც ერთი წლის შემდეგ მოუწევს ტექდათვალიერების გავლა.

- მოსულთა რა რაოდენობა გადის ტექდათვალიერებას პირველივე ჯერზე? - დაახლოებით 50%, ანუ ყოველი მეორე ავტომობილი პირველი მოსვლისთანავე ხარვეზდება. განმეორებით ინსპექტირებაზე კი მესამედი აღარ მოდის. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს - ან ვერ აკეთებენ, ან იმედი აქვთ, რომ ეს ინფორმაცია პატრულის თანამშრომელს გამორჩება...

- რას ურჩევთ მათ, ვინც ტექდათვალიერებას ვერ გადის?

- ასეთი მანქანები დაგროვდება და გაჩნდება ალტერნატიული მომხმარებელი, რომელიც შეიძლება საზღვარგარეთაც ცხოვრობდეს, თუმცა, როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ათ წელზე მეტი ასაკის მანქანას საზღვარზე არ უშვებენ. რჩება სომხეთი, ან "დაშლილები".

- რას ეტყვით მათ, ვინც ახლა აპირებს, გაიაროს ინსპექტირება? - არ უნდა ვიაროთ ისეთი მანქანით, რომელიც არა მარტო სახიფათოა, არამედ გარემოსაც აზიანებს. ასაკს ნუ მიიჩნევენ გადამწყვეტად - ყველა ასაკის ავტომობილი შეიძლება იყოს გამართული - და ნუ შეეშინდებათ, მით უმეტეს, რომ განმეორებითი ინსპექტირება უფასოა.

ეკა სალაღაია