"მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" - კვირის პალიტრა

"მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი"

ალიანსი

არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმე ულევი იყო. საქართველოში არაქართველი მოსახლეობა თითქმის მილიონ კაცს ითვლის, პრობლემებიც თავსაყრელად აქვთ და ადვილი წარმოსადგენია, რა რეჟიმში გვიწევდა მუშაობა.

- გილოცავ, გილოცავ, მაგარ საქმეს დაადგი თავი! ტელეგადაცემა ვნახე! - მომესმა ტელეფონში ასე ნაცნობი და მივიწყებული მიხეილ სააკაშვილის ხმა.

- მიშ, შენა ხარ? სად დამეკარგე? შენს ოფისში მოვატანინე მოსაწვევი, ვიღაც ბაჩო ახალაიამ დაიტოვა, არ გადმოუციათ?

- როგორ არა, მაგრამ თბილისში არ ვიყავი. მოჰყევი, როგორ ხარ? ნუკრი რას შვრება? - სხაპასხუპით მომაყარა მიშამ.

- კარგა ხანია დავშორდით, მე მეორეჯერ გავთხოვდი, - ვუპასუხე მე.

- არ ვიცოდი, მე ვიცნობ? - იკითხა მიშამ.

- არა, ვაკელია, თანაც სხვა სფეროდან, არა მგონია, იცნობდე. კარგი, თავი დაანებე ჩემს აბდაუბდა ცხოვრებას, შენს ამბებს მოჰყევი.

- ხვალ ორ საათზე ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე ოფისში გამოდი და მოგიყვები ყველაფერს. მოკლედ, შეხვედრამდე, - უცებ ლაპარაკის შეწყვეტა მიშას სტილი იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ყვითელი ფერი ჭარბობდა. ცენტრალურ ოთახს დიდი თეთრი ბუხარი ამშვენებდა. ოთახებში ხალხი ქაოსურად იყო გაფანტული. მე მოკლედ ვუამბე მიშას ჩემი ბოლო წლების ცხოვრების შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის მიზანიც ჩამოვუყალიბე. როგორც ყოველთვის, მან ყველაზე რაციონალური მარცვალი ამოარჩია.

- ძალიან კარგი, არჩევნები ახლოვდება, არაქართველებთან მუშაობა ძალიან დროულია, მათ ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისე, რას გეტყვი, იცი, მოდი, დღეს ბრიფინგი მოვაწყოთ, "ნაციონალური მოძრაობისა" და შენი არასამთავრობო ორგანიზაციის ალიანსი გავაფორმოთ და საქმეს დაუყოვნებლივ შევუდგეთ, დრო არ ითმენს, - თქმა და დარეკვა ერთი იყო, მიშა ტელეფონით განკარგულებებს იძლეოდა, ადრესატი "რუსთავი 2" იყო.

- კარგი ბიჭია ეროსი, პრობლემებს არ მიქმნის, ერთი თქმით ხვდება, რა მინდა. მოკლედ, საღამოს 5 საათზე გელოდები, ისე, რომ ექვსსაათიან "კურიერში" უკვე ნიუსი გავიდეს... საღამოს ეთერსაც გავჭრი. გეყოფა მარტო მოქმედება.

- მიშა, მოიცა, რა უნდა ვთქვათ? - შევეკითხე ოდნავ დაბნეულმა.

- ეს მე ვიცი, მოკლედ, გელოდები, მარიკა, ყავა შემომიტანე, - ქოთქოთებდა მიშა და, სულ ცოტა, სამ კაცს ერთდროულად ელაპარაკებოდა.

საღამოს, დათქმულ დროს, ნაციონალების ოფისში მივედი.

მწკრივად ჩარიგებული ტელეკამერები განკარგულებას ელოდნენ. საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნასთან კორესპონდენტები სხვადასხვალოგოიან მიკროფონებს ასწორებდნენ და ერთმანეთს საუკეთესო ადგილების დაკავებაში ეჯიბრებოდნენ.

- დღეიდან ჩემი დიდი ხნის მეგობარი და თანამებრძოლი "ნაციონალურ მოძრაობას" უერთდება. ამიერიდან "ნაციონალური მოძრაობა"" და "ჩემი საქართველო" ერთად გავაგრძელებთ გზას საქართველოს გამარჯვებისათვის.

გაოგნებული ვუსმენდი და ვფიქრობდი: "რა პარტია, რის პარტია. ეგღა მაკლია, პარტიულ ბოსებს შევუთანხმო ჩემი გრაფიკი!"

- ქალბატონო ლალი, თქვენი კომენტარი, - მომიტრიალდნენ ჟურნალისტები.

- ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ პირადად მე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობას ვამჯობინებ, რაც არ გამორიცხავს ურთიერთთანამშრომლობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

ჩემი პასუხი მისაღები აღმოჩნდა. ნახევარ საათში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა დამირეკა და ეკა ხოფერიას ტოქშოუში მიმიპატიჟა. "ზურგის ქარი", - გამიელვა გონებაში და დავეთანხმე.

- სად წახვედი? ისეთივე მოუსვენარი ხარ, როგორიც სკოლაში, - მომესმა ტელეფონში მიშას ხმა, - მე მანქანა არა მყავს, გამომიარე და დიღომში მილიციის სამმართველოსთან კარგი მეგრელების რესტორანი "შუაცეცხლი" რომ არის, იქ წავიდეთ. ვანო ძალიან აქებს, ჰოდა, გავუშვი რაღაცების მოსამზადებლად.

- ვინ ვანო? მერაბიშვილი? - ვკითხე მე.

- ჰო, ჩემიანია, თან ბარემ ყველას გაგაცნობ, ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ.

მიშას მანქანაში ჩაჯდომა და ბუზღუნი ერთი იყო.

- არა, "როვერი" კი კარგი მანქანაა, მაგრამ ჯერ ერთი, არალიკვიდურია, რამე რომ გაუფუჭდეს, სად უნდა ეძებო, მეორეც, ლამაზ-ლამაზი ნივთების სიყვარულს ვერ გადაეჩვიე, არა?

- რატომ უნდა გადავეჩვიო, ქალი ვარ, ბოლოს და ბოლოს! ახლა მანქანას შენი თვალი არ ეცეს, თორემ აღარ ჩაგსვამ, - ვუთხარი მიშას და გაზს ფეხი მივაჭირე.

- მგლის თავზე სახარებას ვკითხულობ, - ჩაიქნია ხელი მიშამ.

"შუაცეცხლში" მიშას თანაპარტიელები გველოდებოდნენ. განსაკუთრებით ძმები ახალაიები აქტიურობდნენ.

- ეს ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთაა, - მიხსნიდა გზადაგზა მიშა, - ვანო მერაბიშვილს ხომ იცნობ, ვანო, ეს ლალი მოროშკინაა, ჩვენი რუსი, თუმცა ეს ისეთი რუსია, როგორიც მე ჰოლანდიელი, - თქვა მიშამ ჩვეული სისხარტით და გადაიხარხარა.

- ლალი, გაიცანი, ზურა ადეიშვილი, ამიერიდან ერთად მოგვიწევს ბევრი საქმის გაკეთება. ბიჭებო, ლალის იდეები აქვს და მოვუსმინოთ.

- ძალიან სასიამოვნოა, - ვთქვი მე და მიუხედავად იმისა, რომ წინ უკვე ცხელ-ცხელი ელარჯი მედგა, პირდაპირ საქმეზე გადავედი.

- საქართველოში არაქართველი მოსახლეობა სოციალურადაც საკმაოდ დაუცველია, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართული ტელეარხების მიღება ტექნიკურად ვერ ხერხდება, სიგნალი ან ძალიან სუსტია, ან საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, რისი სიგნალიც მიეწოდებათ, იმას უყურებენ.

- მართალს ამბობს, - თქვა ვანომ, - მეც იქიდან ვარ და ვიცი, რაც ხდება, სომხები სომხურ არხებს უყურებენ, აზერბაიჯანელები - აზერბაიჯანულს, რადგან ქართული არ ესმით.

- ჰოდა, წარმოიდგინეთ, ადამიანი ვერ გარკვეულა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, - ლაპარაკობს რუსულად და უყურებს ან "არმენს", ან "აზტივის". რამე უნდა ვიღონოთ, დავაბრუნოთ ქართულ რეალობაში, ვისაც როგორ შეგვიძლია, მისხალ-მისხალ. დასაკარგი არც ერთი მოქალაქე არ არის, ისედაც რაღა დავრჩით? მე ჟურნალ "რეიტინგში" ყოველკვირა ვბეჭდავ სტატიებს სწორ კვებასა და თავის მოვლაზე. ხელშეკრულების თანახმად, ჰონორარს არ ვიღებ, სამაგიეროდ, გაყიდვიდან დარჩენილი ტირაჟი მთლიანად ჩემია.

- მერე რას უშვრები ამ მაკულატურას? - გაეცინა მიშას.

- რას ვუშვრები და მიმაქვს არაქართველებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებსა და რეგიონებში, კლუბებში შეხვედრებს ვმართავ და ჟურნალს, რომელიც ლარი ღირს, უფასოდ ვარიგებ. იცით, რამხელა შეღავათია მათთვის? ჯერ ერთი ის, რომ ვიღაც მათზე ზრუნავს, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, მე ხომ "ვესტნიკი" მიმყავდა, ამიტომ არაქართველებისათვის ოჯახის წევრივით ვარ და მესამე, - ყველა ქალისათვის თავის მოვლა პირველ ადგილზეა და ჩემი რეცეპტები, დასურათებული ვარჯიშები და რჩევები ძალზე საინტერესოა.

- უყურე ამას, რა ფორმისათვის მიუგნია, მარტივი და გენიალურია! ელექტორატზე პირდაპირი ზემოქმედება! არა რა, ჩვენი სკოლა გენიოსებს ზრდიდა! - თქვა აშკარად კმაყოფილმა მიშამ და კონიაკი შემივსო, - ჩვენს საერთო საქმეს გაუმარჯოს, დალიე ცოტა, - თქვა და ჭიქა გამომიწოდა.

- არა, ახლა ვერ დავლევ, ეკა ხოფერიასთან ვარ მიწვეული. ჰო, მართლა, რა გინდა, რომ ვთქვა?

- საწყალი, არ იცის, რა თქვას, - მიშამ თავი გადააქნია, - როდის აქეთ არ იცი, რა უნდა ილაპარაკო? აგერ, ეთნიკურ უმცირესობებს შენი ფანკლუბი გაუხსნიათ და მე მეკითხები, რა ვთქვაო? შენ ეს არასოდეს გეშლებოდა, - თქვა მიშამ და ქათმის მოზრდილი ბარკალი მოიგდო ხელში, - ესე იგი, თუ ისე მოხდა, რომ მე თბილისში არ ვიქნები, დათა, პირადად შენ გავალებ, გაუფრთხილდე ლალის და თუ რამე დასჭირდა, დაეხმარო. შენ კიდევ, ისე ჩაცმული ნუ ივლი, რომ ეს ბავშვები გამიგიჟო, - თქვა მიშამ და გულიანად გაიცინა.

ვანოს არჩეულ რესტორანში მართლაც გემრიელი კერძები მივირთვით, მადას არც ერთი არ ვუჩიოდით, ამიტომ მიმტანი ელვის სისწრაფით გვიცვლიდა თეფშებს და სუფრას აახლებდა. * * *

ეკა ხოფერიას ტოქშოუ საღამოს თერთმეტ საათზე იწყებოდა. სტუდიაში შესვლისთანავე საკუთარი თავი კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ტელევიზიიდან დროზე წამოვედი და აწ უკვე რესპონდენტის სტატუსით მომიწევდა გამოჩენა. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ თუ ერთხელ შედგი ამ დაწესებულებაში ფეხი, ცხოვრების ბოლომდე მონუსხული რჩები, და თუ დროულად არ მიიღე წასვლის გადაწყვეტილება, სამუდამოდ დაგიმონებს და საკუთარ აჩრდილად გაქცევს. მერე ვერც გაქცეულ წლებს დაეწევი და ვერც დაქცეულ ცხოვრებას. რას იზამ, აუწყობელი პირადი ცხოვრება თითქმის ყოველი მეორე "ტელევიზიონშჩიკის" ბედია. "კიდევ კარგი, ამ რიცხვში არა ვარ", - გავიფიქრე მე და ხის მაგიდაზე მალულად სამჯერ დავაკაკუნე.

ცრურწმენამ არ გაჭრა...

...თემა დღის ტოპნიუსიდან გამომდინარე, ცხადი იყო, - ჩემი და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსი. მე დავადასტურე ჩემი პოლიტიკური სიმპათიები ამ პარტიისა და კერძოდ, მისი ლიდერის მიმართ, და ვილაპარაკე პირადად ჩემი თავისუფლების ხარისხზე, პარტიულ მიუკერძოებლობაზე. წარმოიდგინეთ, როგორია ყველა გადადგმულ ნაბიჯზე თანხმობა ან უარყოფა. წნეხის ქვეშ რომ შემძლებოდა ცხოვრება, ბევრი რამ ხომ სხვაგვარად წარიმართებოდა?

- აშკარად გაზრდილი ხარ პოლიტიკურად, - დამირეკა კმაყოფილმა მიშამ, - ბიჭებსაც მოეწონე. ისე, მაინცდამაინც ნუ ამბობ უარს პარტიაში შემოსვლაზე, ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და შენ მისი ნაწილი ხარ. ისე, როგორ ახერხებ ყველასთან საერთო ენის გამონახვას?

- მარტივად, თავიანთ ენაზე ველაპარაკები.

- ოკეი, მერე ამიხსენი და ვიმუშაოთ ამ საკითხზე, - მითხრა მიშამ და დამემშვიდობა.

მძიმე და დატვირთული დღის მერე, სახლისაკენ გავემართე.

- კარგი იყო? - ვიკითხე ზღურბლიდან.

- რა? - გაიკვირვა ჩემმა ქმარმა.

- კარგი რა, მიშკა, ნუთუ არ უყურე, ხომ გაგაფრთხილე, დღეს მნიშვნელოვანი დღე მაქვს-მეთქი, მე და მიშა სააკაშვილმა ალიანსს ხელი მოვაწერეთ, - ვჯაჯღანებდი მე.

ჩემი ქმარი მერამდენედ ტოვებდა ჩემთვის მნიშვნელოვან მოვლენას უყურადღებოდ.

- აა, ფეხბურთს ვუყურებდი და სულ დამავიწყდა. კარგი, რას იბუზები, შენც ახლა ბერლინის კედლის დანგრევის რეზოლუციას მოაწერე რა ხელი...

ჩემთვის ეს ალიანსი ბერლინის კედელზე მნიშვნელოვანი იყო.