17 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა - კვირის პალიტრა

17 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა

სოფო კევლიშვილი მეცნიერებით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა და ფიქრობს, რომ სფეროსადმი მისწრაფება შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ მათემატიკოსების ოჯახში დაიბადა და მის ირგვლივ თითქმის ყველა მეცნიერია. ახლა უკვე 17 წლისაა, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში დამამთავრებელ კლასში სწავლობს და საკუთარ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ნათელი წარმოდგენა, არამედ კონკრეტული შედეგებიც აქვს.

რამდენიმე დღის წინ გამთენიისას ელექტრონული წერილი მიიღო, რომელშიც ამერიკაში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ატყობინებდა, რომ ბიო-სამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე მიიღეს და თანაც სრული დაფინანსებით.

"ძალიან აღელვებული ვიყავი. ვიცოდი, რომ გამთენიის 4 საათზე ჩამოვიდოდა და ვერაფრით დავიძინე. ბოლომდე ველოდებოდი. რამდენად გამიხარდა ეგ რთული სათქმელია. თავიდან ცოტა გამიჭირდა გააზრება, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა" - იხსენებს სოფო კევლიშვილი განცდებით სავსე ღამეს Ambebi.ge-სთან საუბარში.

თანატოლებისთვის გამოცდილების გაზიარებისას სოფო ამბობს, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნა ყველას შეუძლია, მაგრამ გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, სკოლაში კარგი ქულები ჰყავდეს და მისაღები გამოცდა კარგად დაწეროს.

"ზოგადად ამერიკულ უნივერსიტეტებს სტუდენტის მიღების კომპლექსური სისტემა აქვთ. არის SAT-ის გამოცდები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მაღალი ქულები უნდა ავიღოთ. ეს გამოცდა უნარებს გავს, მაგრამ მთლად უნარების გამოცდები არ არის. არის ზოგადი ტესტი, რომელშიც შედის ინგლისური და მათემატიკა, არის კიდევ საგნობრივი ტესტი, სადაც შედის უშუალოდ კონკრეტული საგნები. მაგალითად, მე ჩავაბარე ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა და ლათინური ენა. რეალურად, 2-3 საგანს ითხოვენ ხოლმე, მაგრამ მე გადავწყვიტე ცოტა მეტი ჩამებარებინა" - ამბობს სოფო.

თუმცა ყველაფერი გამოცდებით არ სრულდება, ამას მოყვება ორი თემის დაწერა, რომელთაგან ერთ-ერთში საკუთარი თავი უნდა დაახასიათო, მეორეში კი უნივერსიტეტის კითხვებს უპასუხო. ასევე უნდა დაწერო სამოტივაციო წერილი, სკოლამ კი სხვადასხვა საგანში მიღებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია უნდა გაგზავნოს. კომპლექსური სისტემის ბოლო ეტაპი გასაუბრებაა, რომელსაც სოფოს განმარტებით ყოველთვის არ ნიშნავენ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "საქართველოს, აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!" - მომავლის თვითმფრინავის ქართველი გამომგონებელი