"მიჭირს შვილების გარეშე აქ ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს მათთვის ვაკეთებთ" - კვირის პალიტრა

"მიჭირს შვილების გარეშე აქ ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს მათთვის ვაკეთებთ"

"დღეს საქართველოში არ უნდათ ქართული არაფერი, მაგრამ აქ მცხოვრები ემიგრანტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ შვილებს უყვარდეთ საქართველო"

"ერისიონის" მოცეკვავეებმა - ლაშა მუჯირმა და სალომე ბიბინეიშვილმა ერთმანეთი ბავშვობაში, ცეკვის ანსამბლში გაიცნეს. თავიდან მეგობრობდნენ და უბრალოდ პარტნიორები იყვნენ, მოგვიანებით კი მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახი შექმნეს. წყვილი დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოდან შორეულ ემიგრაციაში წავიდა და ახლა თავიანთ გამოცდილებას ამერიკაში, კერძოდ კი ფილადელფიაში მცხოვრებ ემიგრანტებს, მათ შვილებსა და თავად ამერიკელებს უზიარებენ. სალომე ბიბინეიშვილი ამერიკული ცხოვრების შესახებ ინტერნეტის მეშვეობით გვესაუბრა.

- სალომე, ვიდრე თქვენს ამერიკულ საქმიანობაზე ვისაუბრებთ, იქნებ ოჯახის შესახებ გვიამბოთ. როგორც ცნობილია, ლაშა "ერისიონში" გაიცანით...

- ნამდვილად ასეა. მე და ლაშა ბავშვობიდან ვცეკვავთ. ის ჩემზე ოთხი წლით უფროსია. თავდაპირველად "ერისიონთან" არსებულ ანსამბლ "ელეონში" ვცეკვავდით, შემდეგ კი მთავარ ანსამბლ "ერისიონში" გადავედით, სადაც 13 წელი ვიყავით. ყველაზე საინტერესო და ღირებული, რაც ჩემმა პროფესიამ შემძინა, ეს არის ჩემი ოჯახი. მე და ლაშა თავიდან ვმეგობრობდით, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევდით, სხვადასხვა კონცერტზე ერთად გამოვდიოდით და ვერც ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ეს მეგობრობა სხვა ურთიერთობაში გადაიზრდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ერთმანეთი შეგვიყვარდა, ოჯახი შევქმენით და ახლა ორი შვილი გვყავს. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები და უკვე 9 წელია, რაც დავქორწინდით. ყველაფერში ერთმანეთს ვგავართ, ერთნაირი ინტერესები გვაქვს.

- ამერიკაში რატომ წახვედით? რატომ თქვით უარი საკუთარ ქვეყანაში წარმატებულ კარიერაზე?

- საქართველოში ნამდვილად წარმატებულები ვიყავით ჩვენს საქმეში. მოგეხსენებათ, "ერისიონი" ჩვენი ქვეყნის სიამაყეა, მაგრამ მე და ლაშას გვინდოდა, ე.წ. ამერიკული ოცნება აგვეხდინა და დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ წამოვედით ფილადელფიაში. ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ საქმე, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვაკეთებდით, აქაც გაგვეკეთებინა და პოპულარიზაცია გაგვეწია ქართული ცეკვებისთვის. საბედნიეროდ გაგვიმართლა და მამა საბას კურთხევით მოვხვდით Dancing crane-ში, რომელიც ქართული კულტურის ცენტრია ამერიკაში. ამ ანსამბლთან ერთად ვმუშაობთ, გვაქვს კონცერტები როგორც ფილადელფიაში, ასევე სხვა ქალაქებში. ჩვენს ცოდნას ვუზიარებთ ემიგრანტებს, მათ შვილებს, აქაურებსაც და ვცდილობთ შევქმნათ რაღაც ახალი, რაც მამა საბას კურთხევით და შეწევნით, წარმატებულად გამოგვდის.

- დიდია ქართველი ემიგრანტების მხრიდან ქართული ცეკვით დაინტერესება? - წარმოუდგენლად დიდი ინტერესი აქვთ. დასაფასებელია ყველა ემიგრანტი, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს და ცდილობს, მის შვილებს ქართული კულტურა და ენა არ დაავიწყოს. დღეს საქართველოში არ უნდათ ქართული არაფერი, მაგრამ აქ მცხოვრები ემიგრანტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ შვილებს უყვარდეთ საქართველო, ქართული ენა, კულტურა, ხელოვნება და ხალხი.

- ემიგრაციის პირველი დღეები ალბათ, ძალიან რთული იყო... - ამას მხოლოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მიუხედავად იმისა, რომ აქ უამრავი მეგობარი და ახლობელი დაგვხვდა, პირველი დღეები იყო ძალიან რთული. გაგვიჭირდა შვილებისა და ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა. თბილისში სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა, სულ ჟრიამული იყო ჩვენს სახლში და ამერიკაში როცა აღმოვჩნდით, ამ სითბოსა და სიყვარულის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა. სამ თვეში ყველაფერი დალაგდა, Dancing crane-ში დავიწყეთ მუშაობა და წარმატებით ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს. ჩვენც ვცეკვავთ და სხვასაც ვასწავლით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იქნებ ამერიკის საზღვრებსაც გავცდეთ ჩვენი კონცერტებით. ჩვენი შვილები ისე მენატრება, ვერ გადმოგცემთ, რთულია მათ გარეშე ცხოვრება...

- მატერიალური პრობლემების გამო წახვედით საქართველოდან?

- აქ უფრო მაღალია შემოსავალი და უფრო დაფასებულია ნებისმიერი შრომა. თავდაპირველად მე და ლაშა არ ვაპირებდით დიდი ხნით აქ დარჩენას, მაგრამ სამ თვეში მივიღეთ შემოთავაზება ქართული კულტურის ცენტრისგან და ჩვენი მომავლისთვის, ამ ეტაპზე დარჩენა გადავწყვიტეთ. მიჭირს შვილების გარეშე ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს მათთვის ვაკეთებთ.

თამარ ბოჭორიშვილი ჟურნალი "გზა"