"ბავშვობაში ბებია ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემთვის..." - როგორ იხსენებს დემნა გვასალია წარსულს - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში ბებია ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემთვის..." - როგორ იხსენებს დემნა გვასალია წარსულს

თავისი ნოვატორული იდეებით მსოფლიოში სახელგანთქმულ, ქართველ დიზაინერ დემნა გვასლიას "ფეისბუკზე" ქართველი ფანების გვერდი Demna Gvasalia Daily აქვს, რომელიც დიზაინერის შესახებ სიახლეებს აცნობს მკითხველს. სწორედ აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნდა დემნას ინტერვიუს ქართული ვერსია, რომელიც მან უცხოურ გამოცემას მისცა.

ამონარიდი ინტერვიუდან:

- ბავშვობაში დედიკოს ბიჭი უფრო იყავი, თუ მამიკოსი?

(იცინის) მგონი არცერთის, უფრო საკუთარი თავის ბიჭი ვიყავი, რაც პრობლემა იყო.

სკოლაში პოპულარული ბავშვი იყავი.

არა, მაგრამ მარტოც არ ვყოფილვარ, რამდენიმე ჩემნაირი მყავდა გვერდით.

- როგორ სწავლობდი?

- საკმაოდ კარგად, სწავლის პროცესი არ მომწონდა, მაგრამ ადვილად გამომდიოდა.

- როგორი თინეიჯერი იყავი? როგორ ერთობოდი?

-  მაშინ თბილისში ვცხოვრობდი და ჰიპ-ჰოპით ვიყავით შეპყრობილი. ჩემი გმირი ნოტორიუს ბიაიჯი იყო. ქუჩაში ვიყავი, ვეწეოდი და იმ ბიჭებს ვეჩხუბებოდი, რომლებიც სნუპ დოგს უსმენდნენ. სისულელეა, მაგრამ ასე ვერთობოდი. შემდეგ უფრო მძიმე მუსიკა აღმოვაჩინე. მთელი დღეები სისთერ ოფ მერსის ვუსმენდი. ზოგადად ასოციალური თინეიჯერი ვიყავი, დეპრესიული, ყველაფერი მეზიზღებოდა.

-  როგორი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა?

- ძალიან საშინელი შედარება უნდა გავაკეთო (იცინის) წარმოიდგინეთ, კაცი ციხეშია და 20 წელია სექსი არ აქვს, გამოვა და... დაახლოებით ასეთი იყო.

- საერთაშორისო ეკონომიკაზე ჩააბარე, რატომ?

- ზოგადად ხატვა მომწონდა, კარგადაც ვხატავდი, მაგრამ როცა სახლში ვთქვი, რომ მხატვარი მინდოდა ვყოფილიყავი, რადგან დიზაინერობა პროფესია თუ არსებობდა მაშინ არც ვიცოდი, ჩემებმა დამიწყეს, 'ხატვით ფულს როგორ იშოვი?' ამიტომ იქ ჩავაბარე, სადაც ჩემს მშობლებს უნდოდათ. მაშინ საქართველოში ბიჭისთვის მოდაში იყო საერთაშორისო ეკონომიკა. სხვათაშორის კარგადაც ვისწავლე, სტიპენდიასაც მთავაზობდნენ. ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, პარლამენტში გასაუბრებაზეც ვიყავი, მაგრამ რაც თავი მახსოვს ყოველთვის ტანსაცმელი მაინტერესებდა. ერთხელ ძმაკაცი მოვიდა და მითხრა, რომ თბილისში ამიერკავკასიის კონკურსი ტარდებოდა დიზაინში. აბსოლუტურად გამოუცდელი და უცოდინარი ვიყავი. ყველაფერი ჩემით გავაკეთე და მეორე ადგილი დავიკავე. გავოგნდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ საქმიანობას ხელს ვერ მოვკიდებდი. საქართველოში მოდით მდიდარი ადამიანები არიან დაკავებულები, ფეხბურთელების ცოლები და ქალიშვილები. ამიტომ ვიფიქრე, რომ ეკონომიკის მაგისტრატურა გამეგრძელებინა და ბანკში დამეწყო მუშაობა. თუმცა შემდეგ გერმანიაში გადავედით საცხოვრებლად და იქ უკვე გადავწყვიტე, რომ ჩემს ოცნებებს გავყოლოდი (იცინის).

- შენი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?

- თავიდან არ ესმოდათ. რთული იყო ამეხსნა რას ვაკეთებდი. ჩემმა მშობლებმა დიზაინერად მას შემდეგ მაღიარეს, რაც ბალენსიაგაში დამნიშნეს. ბავშვობაში, სიბნელეში ბებია ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემთვის, ის საინტერესო ქალი იყო, საინტერესოდ იცვამდა. საბჭოთა კავშირში ყველას ერთნაირად ეცვა, მაგრამ ის მაინც თავისებურად იხდენდა, აკეთებდა. ჩემს გონებაში მისი წარმოსახვითი სტილისტი ვიყავი. ყოველთვის მეკითხებოდა ჩემს აზრს, თუნდაც მაშინ, როცა საერთოდ არ სჭირდებოდა, მაინც მეკითხებოდა. უპირობოდ ვუყვარდი.

"ბავშვობაში ძალიან მინდოდა თამარ მეფის საფლავი ჩვენს ეზოში აღმომეჩინა" - გზა ნაომარი სოხუმიდან მსოფლიო მოდის სამყარომდე

წყარო