"მინისტრი უჟმური კაცია, არ გვიკარებს” - კვირის პალიტრა

"მინისტრი უჟმური კაცია, არ გვიკარებს”

რას ვიფიქრებდი, ეკოლოგიური მდგომარეობით თვით მინისტრის მშობლები თუ იქნებოდნენ გაწამებულნი.(!)

სურამსა და მიმდებარე სოფლებში გაჭიმული მდინარე სურამულა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა და რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, ეს უბედურება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძის მშობლიურ სოფელ ურთხვასა და მიმდებარე სოფლებში ხდება. მდინარის ნაპირზე ჩამწკრივებულ სახლებში მცხოვრებნი ნაგვით სავსე სათლებს ისე მშვიდი სახით ცლიან, თითქოს აშმორებული მდინარის სუნი მათთან კი არა, ჩემს სახლში შემოდიოდეს.

აღშფოთებას რომ გამოვხატავ, უდარდელად მიხსნიან, ერთ დღესაც მდინარე მოვარდება და მთელ ნაგავს წაიღებსო(?!). აქაურებს არც ის აწუხებთ, მოვარდნილი მდინარე რომ სხვა მდინარეებს დააბინძურებს. ამ ყოველივეს ნახვის შემდეგ ეჭვი გამიჩნდა, რომ გოგა ხაჩიძემ გარემოს დაცვის მინისტრობა სწორედ თავის სოფელში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად გადაწყვიტა.

KvirisPalitra.Geთუმცა, ფაქტია, თავისიანებთან ვერაფერს გამხდარა. ეტყობა, თბილისსა და მის შემოგარენში გამართული გარემოს დაცვის პიარაქციებით საკუთარი სოფლის მოსახლეობის ყურადღების მიქცევას ცდილობს, ალბათ, ფიქრობს, პირისპირ რომ გელაპარაკებით, მაშინ არ გესმით არაფერი და იქნებ ტელევიზორიდან მაინც გაიგოთ რამეო. ვეჭვობ, ურთხველებს, ბირჯნისელებსა და ზეკოტელებს პიარაქციებმა უშველოს და მდინარეში ნაგვის გადაყრას გადააჩვიოს.

კალაპოტს ადევნებული ზედ მინისტრის სახლის კართან აღმოვჩნდი. მასპინძელს დავუძახე და გამომხედეს. როგორც გაირკვა, მინისტრის მამა მევლუდ ხაჩიძე გამომეგება, - ცუდ დღეში ვართო, აბა, შეხედე, ერთი ურნა თუ მაინც დგას სადმეო, ვიხვეწებით, მაგრამ კაცი პატრონი არ გვყავსო(!).

"ერთადერთი ტრაქტორი დადის ორშაბათობით და ამ სოფლებიდან ნაგავი გააქვს, მაგრამ რად გინდა, ტრაქტორის საბარგული ღიაა, ამიტომაც ნაგვის ნახევარი გზაზე რჩება და მერე ხალხი ისევ მდინარეში ყრის. მრავალი წელია ასე ხდება და მოკვდა ეს საცოდავი მდინარე. კალაპოტიდან სუსტად მოდის, გზადაგზა კიდევ ნაგავი ჭამს და ამიტომაც დგას ასეთი საშინელი სუნი", - მიხსნის მასპინძელი და ოჯახში მეპატიჟება.

წყალს ხომ ვერ დამალევინებთ-მეთქი, ვკითხე. წყაროდან მოგიტანო. ეზოში ონკანი შევნიშნე. წყალი ხომ ეზოშიც გაქვთ, წყაროზე რაღად დადიხართ-მეთქი. ეგ რა წყალია, ტალახი მოდისო. მოუშვა და სახტად დავრჩი. ის იყო, წყალსაცავის დათვალიერება დავაპირე, დიასახლისი გამოვიდა ეზოში. ახლა ის მოჰყვა სადარდებელს:

KvirisPalitra.Ge- დიდი რეზინის ვალინკები მაქვს, იმას ჩავიცვამ ხოლმე და ხალხს ვეხვეწები, კალაპოტი გავწმინდოთ-მეთქი. რად გინდა, გავწმენდთ და ერთ კვირაში ისევ საშინელება ხდება. აქ რომ სულ დარაჯად დავუდგე სანაპიროს, ზედა სოფლიდან და უბნებიდან ჩამოდის ნაგავი. ურნები რომ დადგან, იქნებ მიეჩვიოს ეს ხალხი ნაგვის ჩაყრას და ასე დაუნდობლად აღარ გაიქნიონ ხელი მდინარისკენ, მაგრამ ამაოდ გადის წლები ურნების მოლოდინში.

- მუნიციპალიტეტს ან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს არ მიმართავთ?

- მინისტრი უჟმური კაცია, არ გვიკარებს, - მპასუხობს კაცი.

- ასე რად ეუბნები? არ დაუჯეროთ, შვილო, გოგა ჩვენი შვილია. მისი მშობლები ვართ და თქვენც მის სახლში ხართ.

სახტად დავრჩი. აბა, რას ვიფიქრებდი, ეკოლოგიური მდგომარეობით თვით მინისტრის მშობლები თუ იქნებოდნენ გაწამებულნი(!).

- წყარო რომ არ დაებინძურებინათ, ტომარა ჩამოვკიდეთ და დავაწერეთ "სანაგვე". რად გინდა, ის ტომარა სადღაც მოისროლეს, - შემომჩივიან ჩემი მასპინძლები.

სოფლებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა თურმე ზაფხულშია, როდესაც დამსვენებელიც "აშველებს" ხელს გარემოს დაბინძურებას.

ავტომობილით გავუდექი წყალსაცავისკენ მიმავალ გზას. ზემო უბნებსა და სოფელ ბირჯნისში სახლები, ბოსლები და ტუალეტები თითქმის მდინარეზეა გადადგმული და მთელი სიბინძურე გვალვისგან დამშრალ კალაპოტში გროვდება. ერთ გოგონას იმ დროს წავაწყდი, ურიკით რომ ყრიდა ნაგავს ხიდიდან, დაბლა უზარმაზარი გროვისთვის ცეცხლი მოეკიდებინა. იქაურობა კვამლით დაბურულიყო.

KvirisPalitra.Geროგორც იქნა, წყალსაცავს მივაღწიე. რკინის კარზე წარწერა იუწყებოდა, რომ შესვლა სასტიკად აკრძალულია. ოღონდ ეს წარწერა გულუბრყვილოებისთვის არის. შედი და თუ გინდა, ყირაზე გადადი, ხელს არავინ შეგიშლის. იქეიფე, უზარმაზარი ხის მაგიდები საგულდაგულოდ გაუკეთებიათ მუხების ჩრდილში. საათზე მეტხანს დავყავი აუზებთან, მაგრამ არავის დავუტუქსავვარ, აქ რატომ შემოხვედიო.

ეგ კი არა და, დამტუქსავებს იქით დავუწყე ძებნა, მაგრამ რად გინდა, ადმინისტრაციის შენობა გამოკეტილი დამხვდა. კარი ისე ორიგინალურად იყო ჩაკეტილი ხის პატარა წკირით, რომ ვიფიქრე, "მასპინძლები" სადმე ახლოს უნდა ყოფილიყვნენ. ამაოდ ველოდე მათ გამოჩენას.

ეს წყალსაცავი სურამსა და რამდენიმე სოფელს ამარაგებს სასმელი წყლით. დიახ, დანიშნულება ასეთი აქვს, მაგრამ  წყლის სასმელად გამოყენებას გიჟი თუ გაბედავს. პირველ აუზში აღარც ფილტრია და არც ნიაღვრის ჩამკეტი ფარი.

ამიტომაც მდინარის წყალი დარშიც და ავდარშიც შეედინება საცავში და დაზიანებული ფილტრებიდან გაუწმენდავი გადადის მეორე აუზში. აქ წყალს ჭაობის ფერი აქვს, ლამითა და ნაგვით არის სავსე. იმდენი თავკომბალა ირევა, რომ ზედაპირი შავად ჩანს.

უკან დაბრუნებულს სოფელ ზეკოტასთან მორიგი სიურპრიზი მხვდება - ერთი უზარმაზარი ფერდობი სულ ნაგვით არის დაფარული. იმის გამო, რომ ზეკოტელებს მდინარე სოფელში არ ჩამოუდით, ნაგავს მთის ფერდობზე ყრიან. არადა, ამ ადგილებში უამრავი კულტურის ძველისძველი ძეგლია.

რა სჯობს მათ ნახვას ან მთის ჰაერის სუნთქვას... თუმცა, იცოდეთ, თუ აქეთ მოხვდებით, ონკანის წყალი არ დალიოთ და თან იქონიეთ ცელოფანი ნაგვისთვის. თქვენ მაინც შეიბრალეთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ეგ თუ არა, გარემო მაინც შეიბრალეთ. შეხედეთ, ნაგავში დამხრჩვალა, მომკვდარა სურამულა.