ცოტა საპონი და ცოტაც ფანტაზია - კვირის პალიტრა

ცოტა საპონი და ცოტაც ფანტაზია

XX საუკუნის 30-იან წლებში ამერიკაში ჭურჭლის სარეცხი საშუალებების მწარმოებელმა კომპანიებმა არნახული მოგება ნახეს მაშინდელ რადიოსივრცეში "ახალდამწიფებული ხილის" წყალობით. ახალი ხილი იყო მრავალსერიიანი დრამები, რომლებსაც 1940 წლისათვის დღის ეთერის თითქმის 90% ჰქონდა დაკავებული.

ენაწამახულ ჟურნალისტებს მეტი რაღა უნდოდათ - ვითარების შესაბამისად ხელად გამოაცხვეს ახალი ტერმინი: სარეცხი საშუალებების გახშირებულმა რეკლამებმა და მაღალმა მოთხოვნამ სიტყვა "საპონი" ჩააგონა. ამას ცოტა ირონიაც დაამატეს, ცოტა ცინიზმი, გონებამახვილობა გემოვნებით და "საპნის ოპერაც" მივიღეთ.

მას შემდეგ ოთხმოცი წელი გავიდა, მაგრამ "საპნის ოპერას" პოპულარობა არათუ დაეკარგა, თამამად შეიძლება ვთქვათ, მოემატა კიდეც. მსოფლიოში ტელევიზორის ფართოდ გავრცელებამ კი ტელენოველებს, როგორც იტყვიან, სულ ია-ვარდით მოუფინა გზა, ეს ბრაზილიურიო, ეს მექსიკურიო, ეს პერუულიო, ესპანურიო, ამერიკულიო...

რა გინდა, სულო და გულო,  ოღონდ ინატრე. მნატვრელები კი "საპნის ოპერას" ნამდვილად არ აკლია, მას ყველა უყურებს - დაწყებული ხუთი წლის ბავშვით და ბებიებითა და ბაბუებით დამთავრებული. ჰოდა, თუ მეზობლის სახლიდან მოისმის: "წყეულიმც იყავ, შე ველურო გომბიო" და ა.შ., არავის მოუვა აზრად, პატრულის გამოძახება ოჯახური კონფლიქტის გამო - ყველამ იცის, აქ სერიალს უყურებენ.

შესაბამისად, ტელევიზიებიც ერთგულ მაყურებელს იმედს არ უცრუებენ და სანატრელი სერიებით უხვად ამარაგებენ. თან როგორი სერიალებით! არავის დაავიწყდება, ალბათ, ის ხანა, როდესაც "იზაურამ" და "ველურმა გულმა" დაიპყრო ქართული ტელესივრცე. შემდეგ "გვადალუპე", "ბლანკოს ქვრივი" და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი ხელოვნების ნიმუში ვიხილეთ.

საყვარელ სერიალებს, რა თქმა უნდა, საყვარელი გმირებიც მოჰყვება. საქართველოს ისტორიაშIი, ალბათ, ოქროს ასოებით ჩაიწერება ის მომენტი, როცა გულანთებულმა ფანებმა გულთამპყრობელ მარიო ჩიმაროს მზიანი საქართველოდან ძღვენი გაუგზავნეს. არც მარიო დარჩენილა ვალში და მას შემდეგ ამ უკანასკნელის უბადლო ღიმილის გარეშე ჭეშმარიტ ქართულ ოჯახში საღამო არ ჩაივლის.

თუმცა, სერიალები არამც და არამც არ მთავრდება იქ, სადაც ტიტრები იწყება: სერიიდან სერიამდე, როგორც წესი, მიმდინარეობს უსასრულო გარჩევები... ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამას, ძირითადად, უფროსები აკეთებენ. უფრო პატარები კი ეზოში არჩევენ, პრისიონერობანა ითამაშონ  თუ ანხელობანა... თამაშის სახელწოდება სერიალის სათაურიდან გამომდინარეობს.

"საპნის ოპერა" მხოლოდ ტელესივრცით არ შემოისაზღვრება: სხვადასხვა ინტერნეტფორუმსა თუ სოციალურ ქსელზე, იცოცხლე, ათასნაირი ფანკლუბია, რომლებიც ხალხის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხორხე, ლუის მარიო, მანუელა, გონსალო და სხვები უკვე კარგა ხანია ჩვენი ოჯახების წევრები გახდნენ. თუმცა, უმეტესობას, რომ ჰკითხო, რას ამბობთ, ვერ იტანენ "საპნის ოპერას".

კითხვაზე კი, მაშ, რატომ უყურებო, მუდამ აქვთ პასუხი, - დროის გასაყვანად და მძიმე დღის შემდეგ დასასვენებლად ყველაზე კარგი საშუალებააო. ამ დასვენება-განტვირთვაში კი სერიალები ერთმანეთს ენაცვლება. "ტურფა საბაღნარო" ცარიელი არასდროს რჩება, ერთი მიდის, მეორე მოდის და ერთგული მაყურებელიც სერიალის გმირების ცხოვრებით ცხოვრობს:

იცვამს ისე, როგორც ისინი იცვამენ და ლაპარაკობს იმავე ფრაზებით. ტელენოველები უკვე ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდა. უფრო სწორად, ადამიანები გახდნენ ტელენოველების ნაწილები. ლუის მარიო, გონსალო, ხორხე და სხვები კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვაკლებენ საფიქრალს და ისევ ყოველდღე გაგვიღიმებენ ცისფერი ეკრანებიდან. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, მორიგ დამაინტრიგებლად ჩახლართულ სენტიმენტალურ ისტორიებს ველოდოთ. ასე რომ, როგორც, ალბათ, ჩვენი მეგობარი მარიო იტყოდა, Hasta la vista amigos!

გიორგი გოგუა