"ბატონი ბიძინა მეოჯახე კაცია, არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს" - კვირის პალიტრა

"ბატონი ბიძინა მეოჯახე კაცია, არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს"

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის ხშირად აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს და დღევანდელ ინტერვიუშიც ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე გვესაუბრა.

- ჩემი პოზიცია ქალბატონი სალომეს მიმართ ცნობილია. მე მას მაინცდამაინც მხარს არ ვუჭერდი, რადგან "ქართულ ოცნებას" უკეთესი კანდიდატის მოეძებნა და შეთავაზება შეეძლო ჩვენი ხალხისათვის. ამავე დროს, ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა... თუმცა, ამაზე ლაპარაკი ახლა უკვე გვიანია: არჩევნების შედეგებს საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც ჩანს, აღიარებს, ამიტომ ჩვენც უნდა ვაღიაროთ და ვცნოთ. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში თითქმის ვერაფერს შეცვლის, რადგან პრეზიდენტის ფუნქციები ძალზე შეზღუდულია.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია ახალმა პრეზიდენტმა ცერემონიის ადგილად თელავი? - ზოგი ამბობს, რომ ინაუგურაცია თელავში უფრო მშვიდად ჩატარდება, მაგრამ დედაქალაქშიც რომ ჩატარებულიყო, მოწინააღმდეგეები ხელს მაინც ვერ შეუშლიდნენ. აქ სულ სხვა რამეშია საქმეა: ეტყობა, ქალბატონმა სალომემ თელავი უფრო ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით შეარჩია. როცა თანამდებობის პირი ჩვენს წარსულს პატივს მიაგებს, ამას ყოველთვის მივესალმები. დიდი ილია ამბობდა: "აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა". ჩვენი პოლიტიკური ელიტა ილიას, რუსთაველის, ბარათაშვილის ნააზრევით რომ საზრდოობდეს, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქალბატონ სალომეს ბევრმა ამომრჩეველმა ხმა "ნაციონალების" დაბრუნების შიშით მისცა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- მე არ ვიცი, "ნაციონალების" საქართველოში თუ ეშინიათ ან მათი დაბრუნების ვინმეს სჯერა? მე უფრო სხვა რამ მაწუხებს: რატომ არავინ სვამს შეკითხვას - ვისი ფულით არსებობს ეს ოპოზიცია? სააკაშვილი რომ აძლევს ფულს - ეს ფაქტია და საიდან აქვს მას ამდენი ფული?

- საიდან აქვს, ბატონო გიორგი? - სააკაშვილმა ეს ფული საქართველოში მოიპარა. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი წინა ხელისუფლების მძარცველობა: ქვეყნის სათავეში სააკაშვილი რომ მოვიდა, კინოსტუდია მაშინ ძალზე გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო - გაზი და შუქიც კი გვენატრებოდა. როგორმე გადასახადები ხომ უნდა გადაგვეხადა? ასეთ დროს მოგვაკითხეს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის - გიორგი არველაძის წარმომადგენლებმა და ასეთი რამ შემოგვთავაზეს: კინოსტუდიის ტერიტორიის ნახევარი გავყიდოთ, უკვე გვყავს მყიდველი, რომელიც 3 მილიონს გადაიხდის, 1 მილიონს თქვენ მოგცემთ, 2 მილიონს კი - ჩვენ დავიტოვებთო... სხვა რა გზა გვქონდა, დავთანხმდით, კინოსტუდიაში შუქი მაინც ჩავრთეთ და ელემენტარული ხარჯები დავფარეთ. მოგვიანებით, სანდო პირისაგან გავიგე, რომ ეს ქონება გაცილებით ძვირად - 6 მილიონად იყო გაყიდული და ეკონომიკის სამინისტროში ეს 5 მილიონი ქეში ფულით მიიტანეს. სამინისტროს თანამშრომლები ფანჯრებიდან უყურებდნენ, როგორ ჩააწყვეს არველაძის მანქანაში ფულით სავსე ყუთები და კანცელარიაში წაიღეს. 5 მილიონი მარტო კინოსტუდიიდან იშოვეს, ასევე შოულობდნენ სხვებისგანაც. ისინი დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობენ და საქართველოდან წაღებულ ფულს ოფშორულ ზონებში ინახავენ.

- ყველაფრის მიუხედავად, "ნაციონალებმა" საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების საკმაო რაოდენობა დააგროვეს. რამ განაპირობა ეს? - რუსულ ზღაპრებში არის ასეთი პერსონაჟი - ივანე, რომელმაც მეხსიერება დაკარგა - წარსულში რა ხდებოდა, აღარ ახსოვს - როგორც ჩანს, ასეა ჩვენი საზოგადოების ნაწილიც. დაავიწყდათ, რა ხდებოდა ათიოდე წლის წინ ქვეყანაში, თუმცა მეორე მიზეზიც არსებობს: "ქართულმა ოცნებამაც" ბევრი შეცდომა დაუშვა. კიდევ კარგი, ამას თვითონვე აღიარებენ, ივანიშვილმაც თქვა - საქართველოში ბევრი რამ უნდა შეიცვალოსო. ძალიან მინდა, მას თქვენი ჟურნალის დახმარებით მივმართო: ასე არ შეიძლება, ბატონო ბიძინა! თქვენს გარემოცვაში ისეთ ხალხს დაუძახეთ, ვისაც საქართველოს ბედი მართლა აწუხებს, ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და ვინც სიმართლეს დაუფარავად გეტყვით.

- ვის გულისხმობთ ამ ხალხში? - თუნდაც, ჩვენს მეცნიერებს, ჩვენს უნივერსიტეტს... დიდი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო, ამ ქვეყანაში რომ რაღაც შეიცვალოს. ბატონი ბიძინა მეოჯახე კაცია, არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს, უბრალოდ, პოლიტიკაში გამოცდილება არა აქვს და თავის გუნდში ჭკვიანი, ინტელექტუალი ხალხი უნდა შემოიკრიბოს. თუ ამას არ გააკეთებს, ბევრი ოპოზიციაში გადავა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ მეც დავაარსე ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც "ხალხის ნება" ჰქვია. ამ მოძრაობის მიზანია საქართველოში ბევრი კარგი და სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ხშირად მეუბნებიან - რა გინდა პოლიტიკაში, რატომ ერევი, ეს ბინძური საქმეაო, მაგრამ თუ მართლა საქმის კეთება გინდა, მაშინ არაფერს უნდა მოერიდო.

იხილეთ ასევე: "საიდუმლოს გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი ჩემზე გაბრაზებული არ არის. არადა, გავაკრიტიკე - უწიგნური ვუწოდე"

ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"