რატომ სწირავენ ღორებს ნეკრესის სალოცავს - კვირის პალიტრა

რატომ სწირავენ ღორებს ნეკრესის სალოცავს

საქართველო თავისი მრავალფეროვანი ტრადიციებით ხშირად აოცებს სტუმარსაც და აქაურებსაც... შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ყვარელში მდებარეობს ტაძარი, რომელიც მთელ საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც მომლოცველები ღორს სწირავენ. ამ ტრადიციას საინტერესო საფუძველი აქვს, რომელიც საუკუნეების წინ იღებს სათავეს...

"ყოველ შობას ღორებს რომ დავკლავთ, ერთს იმ დალოცვილს შევწირავთ. იქ ავდივართ და ვკლავთ. ტრადიციაა ასეთი. ილოცე და შეგისრულებს, მთავარია, გულით სთხოვო", - ამბობს აკურელი ვასიკო ბლუიშვილი საქართველოში ერთადერთი ტაძრის შესახებ, სადაც მომლოცველები ღორს სწირავენ.

ნეკრესის ტაძარში ღორების შეწირვაზე არაერთი ვერსია არსებობს და ყველა მათგანის თანახმად, ტაძარი მტრის აოხრებას ღორებმა გადაარჩინეს და ამის აღსანიშნავად დამკვიდრებულა თურმე ღორების შეწირვა.

ადგილობრივების თქმით, ნეკრესში ღორების შეწირვის ტრადიცია არაბთა შემოსევებიდან იღებს სათავეს; ისტორიულად, ნეკრესის, როგორც კულტურული ცენტრისა და ქალაქის განადგურება მურვან ყრუს შემოსევას უკავშირდება.

ვასიკო ბლუიშვილი, კახეთის მკვიდრი: - მამა-პაპათაგან ასე ვიცით, რომ მტრის შემოსევისას მოსახლეობას ნეკრესის ტაძრისთვის შეუფარებია თავი. მტერმა ალყა შემოარტყა იქაურობას, რომელსაც ერთხანს გაუძლეს ქართველებმა, მაგრამ მტერი არ ეშვებოდა. რაღაც უნდა მოეფიქრებინათ, რომ გადარჩენილიყვნენ.ვიღაცას უთქვამს, მაჰმადიანები ღორს არ ეკარებიან, დამშეული ღორები მივუშვათ და ხალხის რაღაც ტალღა გაჰყვება, ისინი მაინც გადარჩებიანო.

კიდევ ერთი ვერსიით, ღორები დასერეს და ისე გამოუშვეს, ნაწილი კი დახოცეს და მათი ნაწილები ზემოდან გადმოყარეს. ჭიშკრის გახსნისთანავე ღორების ჭყვიტინმა გააყრუა თურმე იქაურობა. ტკივილისგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებში შევარდნილა. დუშმანს უთქვამს, ესენი ხალხი კი არა, ნადირები ყოფილანო. მათკენ გაქანებულ მშიერ პირუტყვს ძალიან დაუფრთხია, მით უფრო, გარშემო ყველაფერს "უწმინდურ" სისხლს სცხებდნენ თურმე. წყეული ურჯულოები, ეს რა მოუფიქრებიათო, უთქვამს დაბნეულ მეთაურს. ამასობაში თურმე ალყა გაირღვა და ღორების კოლტს ქართველების რაზმი გამოჰყვა, რომელმაც დაბნეული მტერი ადვილად დაამარცხა. იმ დღეს ყველა გადარჩა - დიდიც და პატარაც.

მას შემდეგ ყოველ წელიწადს, შობას (იმ დღეს, როცა ეს სასწაული მოხდა), იწყება ნეკრესობა, რომელიც ერთ კვირას გრძელდება. საიდან არ მოდის ხალხი და შესაწირად ღორები მოჰყავთ.

ტაძარი

ისტორიულად ნეკრესი ძვ. წ. II საუკუნეში ქართლის მეფე ფარნაჯომმა ააშენა და ათი საუკუნე, სანამ იქაურობას მურვან ყრუ გაანადგურებდა, ერთ-ერთ გამორჩეულ სავაჭრო და პოლიტიკურ ცენტრად ითვლებოდა. ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარლიდან დაახლოებით რვა კილომეტრზე, ნეკრესის მთაზე, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე დგას. სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგებობისგან შედგება. მათგან ზოგი IV-V საუკუნით თარიღდება, ზოგიც VIII-IX-ით. "მოქცევაი ქართლისაის" ცნობით, მონასტერი აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილიშვილ თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოს იობის დროს. მთავარი ტაძარი, რომელიც წმინდა აბიბოს ნეკრესელმა ააშენა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა, დათარიღებულია VI საუკუნით.