"...ეგეთი რთული არაფერი დამიწერია" - კვირის პალიტრა

"...ეგეთი რთული არაფერი დამიწერია"

ბატონ გურამ დოჩანაშვილთან ყოველი სტუმრობა უდიდესი სიამოვნებაა, მთავარია, ჟურნალისტის ამპლუაში არ ეწვიო. არადა, დიდხანს არ მენახა და მისი ფრანკფურტში მოგზაურობის ამბების მოსმენა ძალიან მინდოდა. ვუთხარი კიდეც, ფოტოებს ვათვალიერებდი და ფრანკფურტის ბაზრობაზე, სადაც ქართული წიგნის ნამდვილი დღესასწაული გაიმართა, ისეთი ბედნიერი ჩანდით თქვენ და ბატონი ბესიკ ხარანაული, ალბათ, მართლაც შესანიშნავი გარემო იყო და შეხვედრებიც შესაბამისი გქონდათ-მეთქი. ძალიან დავიღალე, მაგრამ არ შეიძლებოდა იქ არ ვყოფილიყავი, ბატონმა ალექსანდრე კარტოზიამ ყველას წააკითხა ჩემი რომანიო, მერე კი განაგრძო:

რომანით დაწყებული სიყვარული

- ახლა, ხომ იცით, 40-50-გვერდიანზე მეტი ნაწარმოებები აღარ გამოდის? ჩემი რომანი "სამოსელი პირველი" 700-გვერდიანია და გერმანიაში თარგმნეს. საკმაოდ კარგი თარგმანი იყო, რადგან ფრანკფურტში ისეთ შეკითხვებს მაძლევდნენ, ეჭვი არ მეპარებოდა, მთარგმნელებმა კარგად მიიტანეს მკითხველამდე. გერმანელებმა წაიკითხეს და კმაყოფილი იყვნენ. წიგნის წარდგენისას იქაც მოვყევი, რომ ამ რომანის თარგმნისას მთარგმნელებს - ქალბატონსა და მამაკაცს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახდნენ კიდეც. მერე ისეთი გოგონა და ვაჟი შეეძინათ, რომ უკვე ეჭვი არ მეპარებოდა, ძალიან კარგი თარგმანი გამოვიდა-მეთქი. ქალბატონი გერმანელი სუზანე კიმია, მამაკაცი - ქართველი ნიკა ლომთაძე, ზაარბრიუკენში ცხოვრობენ.

ქართველები და გერმანია

- გერმანელებს ძალიან უყვართ შევარდნაძე და ფრანკფურტში წიგნის წარდგენისას რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ წინასწარ მაინც ვიკითხე, უხერხული ხომ არ იქნება-მეთქი? არაო, დამამშვიდეს და მეც გავიხსენე, ბერლინის დაცემასა და კედლის დანგრევას რამდენი სისხლის ღვრა და მსხვერპლი მოჰყვა და დავაყოლე, წარმოგიდგენიათ, ეს კედელი ქართველმა დაანგრია და ისევ ქართველმა აღადგინა-მეთქი.

- მოკლედ, გერმანიის ისტორიაში ქართველებმა დიდი კვალი დავტოვეთ! რაიხსტაგზეც ქართველმა აიტანა დროშა...

- მაგაზე ერთი ამბავი გამახსენდა: დიდი ქართველი ფეხბურთელი იყო მურთაზ ხურცილავა, თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. ჩილეში რომ გაიმართა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, საბჭოთა ნაკრები იქ 6 თვით ადრე გაუშვეს, მაღალმთიანი ქვეყანაა და ფეხბურთელებმა აკლიმატიზაცია კარგად გაიარონო, მაგრამ ამდენ ხანს იქ ყოფნა მაინც ნამეტანი იყო. მოკლედ, ჩემპიონატიდან გამოცვივდნენ და ვადაზე ადრე გამობრუნდნენ უკან. მურთაზი იხსენებდა, მოსკოვში რომ ჩავფრინდით, ერთი დღით სასტუმრო "როსიაში" დავბინავდით.

ვიგრძენი, რომ ჩემი ქართული ენა ძალიან მომნატრებოდა. ნომრიდან გამოვედი, ეგებ ვინმე ჩვენებური გამომეჭირა და მთლად მელიტონ ქანთარია არ დავინახე ფოიეშიო! ეს ორი გამოჩენილი ქართველი, ორივე მეგრელი, შეხვდა ერთმანეთს. შესულან რესტორანში. ასე, მეხუთე-მეექვსე ჭიქაზე ლაპარაკი ბედისწერის რაობაზე ჩამოვარდნილა. მურთაზს უთქვამს, ამდენ ხანს ვიყავი წასული საზღვარგარეთ და ხედავ, რა არის ბედისწერა? კარგად რომ არ მეთამაშა ცხაკაიაში (დღევანდელ სენაკში), მაინცდამაინც ჩემს თამაშს რომ არ დასწრებოდა "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ჟორდანია, ახლა ხომ ვერ მევივლიდი მსოფლიოსო? ხურცილავას ჰგონებია, ამის თქმით მელიტონი გააკვირვა და დააბნია, მაგრამ... მელიტონმა, ხოხ, უარესი არ მითხრაო! - გაუგრძელებია თხრობა მურთაზს, - ხომ დევიღუპებოდი, ჰიტლერს ომი რომ არ დეეთმოო... - იმ ამბის შემდეგ ქანთარია დეპუტატი გახდა, მოსკოვში ცხოვრობდა.

ეჰ, რა ბიჭები იყვნენ!

- საბჭოთა პერიოდის უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტეკონომია, ისტმატი (ისტორიული მატერიალიზმი) და დიამატი (დიალექტიკური მატერიალიზმი) ისწავლებოდა, საშინელი საგნები. მეგობარი მყავდა გურამ ჩხაიძე, ისიც ჰუმანიტარი.

ჩვენზე ერთი წლით ადრე ამ საგნებიდან ერთ-ერთში გამოცდა ჰქონდათ ფილოლოგებს. გურამმა რაღაცნაირად ჩააწყო და სამი წერტილით დაუნიშნეს ბილეთი. ესეც ჩაუჯდა ამ ბილეთის სწავლას, მისი სწავლა კი მართლა საშინელება იყო - ვითომ მეცნიერულად, სინამდვილეში კი ჩახლართულად იყო ახსნილი რაღაცები. მოკლედ, გურამმა კარგად გაიზუთხა ყველა საკითხი. გამოცდაზე პირველი და მეორე სტუდენტი, ცხადია, ჩაჭრეს, რადგან, ზოგადად, ყველა იჭრებოდა ხოლმე, მესამედ კი ეს გაიძახეს. გავიდა გურამი და... ყველა სიტყვა დაავიწყდა, დანიშნულმა ბილეთმაც ვერ უშველა და ჩაიჭრა.

კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა: უნივერსიტეტიდან დაზვერვით სამუშაოებზე რომ დავდიოდით, ყოველდღიურად 6-10 საათის განმავლობაში შეუჩერებლად გვიწევდა სიარული, ამიტომ თბილისიდან დიდი ბარგი არ მიგვქონდა, გვერჩია, მარტო ორ-ორი ცალი პერანგი და წინდა წაგვეღო, იქვე გაგვერეცხა და გაგვეშრო. ძალიან კარგი არქეოლოგი გვყავდა, ალიოშა ბოღოჩაძე. ტანად დიდი კაცი იყო, საოცრად პრაქტიკული, შესანიშნავი გუმანით. მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ალიოშას წამოღებული ჰქონდა უსქელესი, სულ ცოტა, 3-4-კილოგრამიანი ისტმატის თუ დიამატის სახელმძღვანელო. ვერაფრით მივხვდით, რად უნდოდა ეს წიგნი. საკანდიდატო, სადაც ამ საგანს აბარებდნენ, უკვე დაცული ჰქონდა. აღარ მოვეშვით, არ გადაგვრიო, ალიოშა, გვითხარი, ეს რად გინდა-თქო. არაფრით გვეუბნებოდა, თან თითქოს უხერხულად ეღიმებოდა. მერე, რომ დავლიეთ, მთვრალს ვკითხეთ. მაშინაც არ გვითხრა, მაგრამ ერთ საღამოს მაგრად რომ დათვრა, ჯანდაბას თქვენი თავი, გეტყვითო, და გამოგვიტყდა: ადრე, ამ საგანს რომ ვამზადებდი, მის კითხვაში მეძინებოდა. მას შემდეგ, რაც რაღაცნაირად მისი ჩაბარება მოვახერხე (რამდენჯერმე მოუწია გამოცდაზე გასვლამ), დამჩემდა - ნახევარი გვერდი მაინც თუ არ წავიკითხე, არაფრით დამეძინებაო.

ბევრი ვიცინეთ და მერე ვურჩიეთ, რამდენიმე ფურცელი მაინც ამოხიე და ამხელა წიგნის ტარებას ის ატარე ხოლმე-თქო. არა, რას ამბობთ! ახალ-ახალი გვერდი უნდა წავიკითხო, თორემ მაინც არ დამეძინებაო...

არაჩვეულებრივი კაცი იყო ჩემი ბავშვობის, სკოლის მეგობარი ჯონდო მეტრეველი, ძალიან ნიჭიერი. დღედაღამ ერთად ვიყავით. მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდით სახლებში. მასწავლებელი გაკვეთილს რომ ხსნიდა, ეს ისე სტვენდა ხოლმე კბილებს შუა, ვერავინ მიხვდებოდა, ვინ უსტვენდა. მასწავლებელს თვალებში უყურებდა, თან უსტვენდა და ისე უსმენდა. წიგნი არ გადაუშლია და ყველაფერს იმახსოვრებდა. ოთხიანი არასდროს მიუღია. ოქროს მედალი მაინც არ მისცეს, რადგან ყოფაქცევაში ჰქონდა ოთხი. ჯონდო, თამაზ გონჯუა, ზვიად გამსახურდია - ყველანი ფრიადზე სწავლობდნენ. ისინი კიდევ კითხულობდნენ რაღაცას, მაგრამ ჯონდო მართლა სასწაული იყო...

გილარი ზაქარეიშვილი იყო, პლეხანოველი. ისიც ძალიან ნიჭიერი ადამიანი. წიგნს როგორ კითხულობდა, იცით? - გადაშლიდა, გადმოშლიდა და... ყველაფერი იცოდა.

ამბობენ, ადამიანები განსაკუთრებით იოლად მატარებელში ახლოვდებიანო. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად საავადმყოფოსა და ციხეში ახლოვდებიან. მატარებლიდან რომ ჩავლენ, მორჩა, გათავდა და საავადმყოფოში რამდენ ხანს არიან ხოლმე?!

გილარის საავადმყოფოში დავუახლოვდი, დაჭრილი რომ ვიწექი, მაშინ, და გაოცებული ვიყავი - ზეპირად იცოდა ყველაფერი, უგანათლებულესი იყო. იმ პერიოდში ბიჭები დანებით დადიოდნენ და დაჭრის შემთხვევაც ხშირი იყო, თუმცა არც იმდენად, მერე რომ დაერივნენ ერთმანეთს, 90-იან წლებში. გილარი დედისერთა იყო და არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა, დეიდა ქეთო. ამ ქალბატონმა იცოდა, რომ მის შვილს დანა დაჰქონდა, ჩუმად ჯიბესაც უმოწმებდა, ჩანთასაც, გილარი რომ იძინებდა, მთელ სახლს (არადა, ერთ საოცრად პატარა ოთახში ცხოვრობდნენ), გადაანგრევდა ხოლმე, ლამის იატაკის ფიცრებიც ამოეყარა, ეზოში მიწაც კი გადათხარა, მაგრამ გილარის დანას ვერსად მიაგნო.

ერთხელ დეიდა ქეთო ძლიერ ავად გახდა და ლამის მისი გადარჩენის იმედიც გადაეწურათ. მაშინ ჰკითხა შვილს, მგონი, ვკვდები და რაღას წაგართმევ, ახლა მაინც მითხარი, ღამით სად ინახავ დანასო? გილარიმ ღიმილით უთხრა, როგორ ვერ ხვდებოდი, მიკვირს, შემოსასვლელში რომ ჩანთა გიკიდია, მასში ვმალავდიო... ეჰ, რა ბიჭები იყვნენ!

მარჯვნიდან: გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია და ჯონდო მეტრეველი

ესაა საქმე?

- კიდევ კარგი ახალგაზრდობა გვყავს დღეს. დაწყებული მულტფილმებით, პერსონაჟებად სულ სადისტი ცხოველები არიან გამოყვანილი და ბავშვებიც ამას უყურებენ. ჩვენს დროს "ბემბი" იყო, ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობი", "სათაგური", ძალიან კარგი ტელეფილმები... ახლანდელი ახალგაზრდები კი ბავშვობიდან ნერვიულ ბატებს უყურებენ. ხომ იცით, მოსკოვში მთელი ბავშვები მგლის მხარეს არიან გადასული, ის უფრო მოსწონთ, რადგან "კომსომოლები" რომ იყვნენ, იმ ტიპისაა კურდღელი, სულ ძირს ვარდება, სუსტია. მერე,

ეს ახალგაზრდები ტოტალიზატორია თუ რაღაც, იქ თამაშობენ და ხან რას აგებენ, ხან რას. რომ ამბობენ, მარიხუანა ცუდი არ არისო, ესაა საქმე? რომ იჭერდნენ, ისიც ნამეტანი იყო, მაგრამ მარიხუანას მოწონება როგორ შეიძლება?!

ჩვენს თაობაში - არა, მაგრამ ჩვენზე პატარებიდან, ვისაც ბევრად უმცროსი ძმა ჰყავდა, ზოგიერთმა დაიწყო ნარკოტიკის მიღება. წარმოგიდგენიათ? ერთ ოჯახში იზრდებოდნენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთი მასწავლებელი ჰყავდათ, მაგრამ მაინც ასე მოხდა. რამდენი ადამიანი გადაიყოლა, იცით, ამაზე ნერვიულობამ? მერე ნარკომანიასთან ბრძოლის კანონიც გამოუშვეს... საშინელებაა ეს ნარკომანია! ისე, 1990-იან წლებთან შედარებით მაინც იკლო ამ ამბავმა... არ ვიცი, ჩვენი ახალგაზრდობა რომ იმ პერიოდს დამთხვეოდა, შეიძლება ჩვენც ამ დღეში აღმოვჩენილიყავით... ახლა თურმე სკოლის მოსწავლეები სიგარეტს არ ეწევიან და პირდაპირ "პლანით" იწყებენ. არ ვიცი, ეს რა საშინელებაა!

"...მალე დავასრულებ"

- ჩემს ბოლო რომანს რომ ვწერდი, გარკვეული ხნით საპატრიარქოში ვრჩებოდი ხოლმე. იქ ყველაზე მშვიდად ვმუშაობ. უკვე ორი წიგნი გამოვეცი. ახლა მესამესაც მალე დავასრულებ, ასე, 100 გვერდამდე დამრჩა. ეგეთი რთული არაფერი დამიწერია. პირველი წიგნი მაინც ძალიან მძიმედ იკითხება. მეორე წიგნი "ბრმადყოფილზეა". იქ სინათლე მეტია. მესამეში კი... კარგი როგორ ვთქვა, მაგრამ ორივე წიგნს აჯობებს. ცნობილი ამბავია, რომ ჩემს ასაკში ან არ წერენ, ან ჯობია, არ დაწერონ. უწმინდესი ძალიან მეხმარება რჩევებით. ახლა იტალიაში მეპატიჟებიან, მთელი ოჯახით წამოდიო, მაგრამ არ მინდა მთელი ოჯახით თვითმფრინავში ჩაჯდომა. ჩემს მეუღლეს, ნათელას წავიყვან და ჩემს სიძეს. ჩემი მოძღვარიც წამოვა, მამა იოანე. ალბათ, სააღდგომოდ წავალთ...

კიდევ სიამოვნებით მოვუსმენდი ამ სიკეთითა და სითბოთი სავსე ადამიანს, მაგრამ გადაღლა შევატყვე და დამშვიდობება ვამჯობინე.

- ცოტათი ხომ გაგამხიარულეთ ჩემი მოყოლილი ამბებით, ხომ გაგაცინეთო? - დამადევნა გამოსვლისას და საქართველოსა და ჩვენი ხალხისთვის საახალწლო-საშობაო ტკბილი სურვილებიც გამომაყოლა.