პროფესიონალი მუზების გარეშე - კვირის პალიტრა

პროფესიონალი მუზების გარეშე

"ყოველთვის კარგი მეკვლეები მყავდა და იმიტომაც მოვედი დღემდე"

"მუზა, ალბათ, ხშირად გწვევიათ-მეთქი", - ამ თემით დაიწყო ჩვენი საუბარი ცნობილ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილთან.

- აკადემიაში სწავლის პერიოდია, დღის ბოლოა, ბატონმა სერგო ქობულაძემ შემოაღო აუდიტორიის კარი, მე მაგიდასთან, თავქვეშ ამოდებული ხელებით დავხვდი. წინ გაშლილი მაქვს ყველაფერი, კი არაფერს ვაკეთებ, ვზივარ ასე... რას შვრებიო, მკითხა. მეც, ლაწირაკმა, სერგეი ალეკსანდროვიჩ, რაღაც მუზა არ მეწვია-მეთქი, ვუპასუხე. რუსულად მითხრა: "Mуза свойственна дилетантам, პროფესიონალი უნდა იყო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გააკეთო გასაკეთებელი!" - ეს სიტყვები მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა.

- რადგან სამხატვრო აკადემიით დავიწყეთ საუბარი, ისიც მითხარით, ამ პროფესიამ რატომ დაგაინტერესათ? - გავიზარდე მთაწმინდა-სოლოლაკში და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს - დავინახე ის, რაც ქმნის ღირსებას, რასაც ჰქვია სამყარო, ქალაქი, ადამიანები... ისიც დავინახე, თუ როგორ დადის ხალხი ვერაზე და როგორ - სოლოლაკში...

- განსხვავება იყო? - სოლოლაკი ჩემთვის თეატრი იყო. სოლოლაკი ქალაქის განვითარების გვიანდელი ეტაპია, ადრე მანდ სამეფო ბაღები იყო. მერე, ნავთობზე ბუმი რომ ატყდა, გაცვივდნენ აქედან სოვდაგრები, უმეტესად სომხები, ფულის კეთების ნიჭი ვისაც ჰქონდა, და ჩამოვიდნენ გასქელებული ჯიბეებით და მოინდომეს კარგად ცხოვრება. თავისუფლების მოედნიდან დავითაშვილის მოედნამდე შეიძინეს მიწები... ამ ადგილებში მანამდეც იყო რამდენიმე საცხოვრებელი, უფრო სააგარაკო სახლები იდგა. დიდი ხნის კი არ არის, 120-140 წელს თუ მოითვლის სოლოლაკის ქუჩები, ზოგი ნაკლებს.

იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობდი, დღევანდელი ლადო ასათიანის ქუჩაზე, ტრადიცია იყო - ბიჭები აბანოთუბნიდან საღამოს სიმღერ-სიმღერით ამოდიოდნენ და ხალხი ელოდებოდა ამ მომენტს. ისმოდა თბილისური ჰანგები, მუხამბაზები. აქ დაიბადა სიმღერა: "ავადა ვარ, ავადა..." "ყვავილების ქვეყანა", ფაქტობრივად, აქ შესრულდა პირველად.

არაჩვეულებრივი "პაემანი ვერაზე" ხომ გახსოვთ, აი, ეგ არის მთაწმინდა, სოლოლაკი კი სხვაა, იქ სომხურმა კაპიტალმა მოიკიდა ფეხი. იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის ფასი დაედოთ, არ ენანებოდათ ფული და სახლების ასაშენებლად პროფესიონალები ჩამოჰყავდათ უცხოეთიდან - ამით დაიმკვიდრეს თავი. ეს იკითხება არქიტექტურაშიც... არქიტექტურა კულტურის სარკეა. ამის მიხედვით შეგიძლია იმსჯელო, რა ვითარება იყო იმ დროს ქვეყანაში, საზოგადოებაში. ახლა მითხარით, შეიძლებოდა, რომ არ დავინტერესებულიყავი ამ პროფესიით? სტუდენტობისას არაერთხელ მითქვამს, თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ ვერ ვიქნები პროფესიონალი, სხვა პროფესიას ავირჩევ-მეთქი, მაგრამ ვერავინ დამარწმუნა, გაანებე ამ გზას თავიო, ამიტომ მოვედი დღემდე ასეთი, როგორიც ვარ.

- როგორი ხართ? - ცუდის დამახსოვრება არ ვიცი, მაგრამ არც იმას ვაპატიებ ვინმეს, თუკი რაღაც სწორად არ გააკეთა.

- ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე რას მეტყვით? - ერთხელ შევირთე ცოლი და უკვე 60 წელია მე და ჩემი ლალი კეკელია ერთად ვართ. აკადემია დავამთავრე თუ არა, მეორე დღესვე მოვაწერეთ ხელი. არ მინდოდა შემეშალა ხელი. კონსერვატორიაში სწავლობდა, პირველი წლები მაღალ დონეზე მოღვაწეობდა, მერე კი... ერთხელ მითხრეს, ბატონო გიგა, რაშია საქმე, ლალი ცნობილი მევიოლინე იყო და კარგა ხანია, მისი ვიოლინოს ხმა არ გაგვიგონიაო. მე ვიხუმრე, გადავუხერხე-მეთქი. ეს გაახმაურეს და მერე მირეკავდნენ, რამ გათქმევინაო. კი არ გადავხერხე, ცხოვრებამ თავისი ქნა - ოჯახი, შვილები, სხვა ამოცანები დადგა დღის წესრიგში.

- ოჯახური ტრადიცია თუ გაქვთ საახალწლოდ?

- ახალ წელს აუცილებლად ოჯახში ვხვდებით. ბოლო წლებში ჩემი მეკვლე ჩემი შვილია, კარგი ფეხი აქვს. ყოველთვის კარგი მეკვლეები მყავდა და იმიტომაც მოვედი დღემდე. ნაძვის ხე გვიყვარს - ნახეთ, რამდენი გვაქვს, აი, სარკმელთანაც, ბუხარზეც...

- ძალიან ხშირად ახსენებთ მამას... - ცოტა უხერხულია, ამხელა კაცს გული რომ მიჩუყდება, მამა მყავდა საოცრად ადამიანური, თუმცა მკაცრი - პატიება არ იცოდა. რომ გეთქვა, დავეცი, ფეხი მოვიტეხე და ამიტომ რაღაც ვერ გავაკეთეო, მაინც არ გაპატიებდა, არავითარ გამართლებას არ იღებდა.

ომი რომ დამთავრდა, საბჭოთა კავშირმა გერმანული ავტომობილების მიკროლიტრაჟიანი ნაირსახეობა გამოუშვა, საქართველოში "ჭიჭიკოები" შეარქვეს. მამაჩემმაც შეიძინა. წესად ჰქონდა, ამ მანქანით ყოველ კვირა დღეს მე და ჩემი ძმა მივყავდით მცხეთაში. დედა ჩაგვილაგებდა კვერცხებს, უკეთეს შემთხვევაში, კატლეტს, პურს, მწვანილს... მამა სვეტიცხოვლის პირდაპირ, მტკვრის აქეთა მხარეს ჩამოგვსვამდა. რაც გინდათ, ის აკეთეთ, ილაპარაკეთ, იკითხეთ, ირბინეთ, ხატეთ, ოღონდ შეიგრძენით ეს გარემოო. ტაძრებთან ახლოს დავყავდით ხოლმე...

- 100 წლის შემდეგ თქვენი შვილი რით გაგიხსენებთ? - 85-ის ვხდები. როგორც ჩანს, ბუნების ამბავია... ჩემი შვილებიც ხედავენ, რასაც ვაკეთებ, როგორ ვმუშაობ, ვიქცევი ოჯახში, მეგობრებთან, ნათესავებთან და, ალბათ, ისინიც გაიმეორებენ...

- ბევრისმნახველი ბრძანდებით, რა ყოფილა მთავარი ცხოვრებაში?

- მთავარი ის არის, შენი თავი დააჯერო, რომ ქვეყანას სჭირდები. ამ დევიზით უნდა იცხოვროს ყველა ქართველმა. მსოფლიო იმით არის საინტერესო, რომ ეთნოკულტურა არსებობს. ჩვენთანაც იმიტომ ჩამოდიან, რომ განსხვავებული ვართ, ჩვენი ქცევაც განსხვავებულია. არ შეიძლება ერთნაირი ვიყოთ, თუმცა ბევრი რამ ერთნაირი ღირებულებისა უნდა გვქონდეს.

"კვირის პალიტრას" გისურვებთ არასდროს დაგეკარგოთ პროფესიული და ერის სასიკეთო დამოკიდებულება. მინდა თქვენ და სრულიად საქართველოს მოგილოცოთ 2019 წელი.