"კვირის პალიტრამ" მათი ცხოვრება შეცვალა - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრამ" მათი ცხოვრება შეცვალა

გაზეთ "კვირის პალიტრაში" ხშირად იბეჭდება სტატიები გაჭირვებული ოჯახების შესახებ. ვცდილობთ, ფურცლებიდან მოთხრობილი მძიმე ისტორიებით გავაგონოთ ხმა იმ ადამიანებს, ვისაც მათი დახმარება შეუძლია. მართალია, გვესმის, რომ ჩვენი ცდა"ზღვაში წვეთია, მაგრამ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ხშირად ეს წვეთი ოჯახის გადარჩენის ერთადერთი გზაა. ჩვენი სტატიის გმირების უფერულ და მძიმე ცხოვრებას სწორედ ჩვენი მკითხველი აფერადებს თანაგრძნობით, დახმარებითა და სითბოთი.

ჩვენ იმ ადამიანებს დავუკავშირდით, ვის შესახებაც წლის განმავლობაში ვწერდით და ვისი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვალა.

"მადლობა ყველას ჩემი შვილების სახელით"

ნანა გელაბერიას მეუღლეს მედიკოსებმა ღვიძლის მძიმე დაავადება დაუდგინეს. მან გადაწყვიტა, წამლებში ფული არ დაეხარჯა და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა - თავი მოიკლა. მარტოდ დარჩენილი ხუთი შვილის დედა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მის სახლში ისე წვიმდა, როგორც გარეთ. ბავშვებს არც ტანსაცმელი ჰქონდათ, არც საჭმელი. ერთადერთი ნავსაყუდელი ურბნისის ტაძარია - იქ მიდიოდნენ ბავშვები, როცა უნდოდათ, უფლისთვის რაღაც ეთხოვათ...

ნანა გელაბერია: - სტატიის დაბეჭდვის შემდეგ გამოგვეხმაურნენ კეთილი ადამიანები. მოჰქონდათ პროდუქტი, თანხა... მაცივარი და მაგიდაც მოგვიტანეს. სახლი გადაგვიხურეს. ახლაც ტანსაცმელი და საახალწლო საჩუქრები მოუტანეს ბავშვებს. მადლობა ყველას ჩემი შვილების სახელით...

დიტო ახლა დიდ ავიაციას ეცნობა...

2018 წლის 6 აგვისტოს ნომერში მკითხველმა დიტო რაზმაძის ექსკლუზიური ინტერვიუ ნახა. მისი მშობლები 2008 წელს ოკუპანტებს გორში ემსხვერპლნენ. ბიჭი მაშინ 7 წლის იყო. მამამ შვილი ეზოში ჩაიყვანა და თვითონ მეუღლესთან ასვლა სცადა, მაგრამ ჭურვმა დიტოს დედა სახლში იმსხვერპლა, მამა კი აფეთქების სიმძლავრემ ეზოში გადმოაგდო... დიტო უკვე 17 წლისაა. მისი ოცნება დიდ ავიაციაში საქმიანობა იყო...

ნონა მესროპაშვილი, დიტოს ბებია: - სტატიის შემდეგ დიტო ავიაკომპანია "აირზენაში" მიიწვიეს. ამ დაწესებულების გენერალური დირექტორის, გია გაიაშვილის ხელშეწყობით ანაზღაურებად სტაჟირებას გადის. უკვე დასაქმებულია. მისი ოცნება თითქმის ახდა - დიდ ავიაციას ეცნობა. ამ ყველაფრისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიასა და გაზეთ "კვირის პალიტრას".

"ეს გაზეთი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება"

2018 წლის 6 აგვისტოს სტატიაში ასევე ვწერდით ჟურნალისტ ვასილ სილაგაძის შესახებ, რომელიც ავტოკატასტროფაში მოყვა და გაჭირვებით მოძრაობს. ის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. ვასილს ექიმებმა გერმანიის კლინიკაში რეაბილიტაცია ურჩიეს. მართალია, მას ამ წელს ეს ოცნება არ აუხდა, მაგრამ კეთილმა მკითხველმა სარეაბილიტაციო კურსის გავლა თბილისში შესთავაზა, მეორემ კი სიურპრიზი მოუწყო...

ვასილ სილაგაძე: - 2009 წლიდან ვითხოვ ყურადღებას, რათა საზღვარგარეთ გავიარო რეაბილიტაციის კურსი. პასუხი ერთი იყო: ამქვეყნად შენნაირი მილიონიაო... გვერდით მხოლოდ "კვირის პალიტრა" დამიდგა... მკითხველებმა გულთან მიიტანეს ჩემი მდგომარეობა - ზაფხულში ურეკში დამასვენეს და მასაჟებიც გამიკეთეს. ამის გარდა, დამიკავშირდა სარეაბილიტაციო ცენტრი და კურსი უფასოდ შემომთავაზეს... ეს გაზეთი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება.

"ახლა ჩვენს სახლში აღარ წვიმს"

2018 წლის 1-ლ ოქტომბერს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა სტატია მარტოხელა ქალბატონის შესახებ, რომელიც რუსთავში, ელექტროჯიხურში ცხოვრობს ექვს შვილთან ერთად. ახალგაზრდა ქალის შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ორ ბავშვს ხშირად სჭირდება მედიკამენტები. მათ სახლში ისე წვიმდა, როგორც გარეთ. დაზიანებულ სახურავს ვერაფერს უხერხებდნენ... ბავშვებს აკლდათ ტანსაცმელი და საჭმელი...

როგორ შეიცვალა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მათი ცხოვრება?!

ირინა გაბინაშვილი: - გაზეთის გამოსვლის დღესვე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სახურავი გვიყიდა. მეორემ მორები მოგვცა, რომელიც აუცილებელია სახურავის დასამაგრებლად. მესამემ ხელოსნის თანხა მოგვიტანა. ახლა ჩვენს სახლში აღარ წვიმს.

გარდა ამისა, მოდიოდა ხალხი და თანხასაც გვიტოვებდნენ, პროდუქტსაც, საოჯახო ნივთებსაც. ჩემს შვილებს პირველად ახლა ახალი ტანსაცმელი აცვიათ. წამლებიც ვიყიდეთ. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც დღეები თუ კვირები გაგვილამაზა. ეს სასწაული იყო ჩვენთვის.

მადლობა "კვირის პალიტრას", ჩემსავით გაჭირვებულ ადამიანებს რომ უთმობს გაზეთის ფურცლებს და ჩვენს გაჭირვებას აცნობს მკითხველს. მართალი გითხრათ, არ მჯეროდა, რომ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევდა..."