ახლა ილია ავთანდილის სახეა! - კვირის პალიტრა

ახლა ილია ავთანდილის სახეა!

დიანა კვიციანი: "ეს არის ყველაზე უზრუნველი და ლაღი ახალი წელი ჩემი ბავშვობის შემდეგ. დიდი მადლობა ამ უდიდესი სიკეთისთვის ყველას"

"კვირის პალიტრის" #46-ში დაბეჭდილმა სტატიამ სათაურით: "წარმატებისკენ... გაცვეთილი ბოტასებით" ბევრს ცრემლი მოჰგვარა, ზოგს ბრძოლის ჟინი გაუღვივა, უმრავლესობას კი ქველმოქმედების სურვილი გაუჩინა.

ახალგაზრდა სპორტსმენს, კალათბურთელ ილია ხუციშვილს და მის დედას, დიანა კვიციანს დიდი სიმძიმე აწვათ მხრებზე. ისინი გორიდან არიან. დიანამ მშობლიური ქალაქი მიატოვა და შვილის მომავალს დედაქალაქში გამოჰყვა. გარდა საცხოვრებელი პირობებისა, ოჯახის მთავარი პრობლემა მატერიალური სიდუხჭირეა. ახალგაზრდა ქალს არ სურდა სოციალური დახმარება, სამუშაოს ეძებდა, რათა ამომავალ ვარსკვლავ შვილს უზრუნველი მომავლის შექმნაში დახმარებოდა. ილიაც სამსახურზე ფიქრობდა, უნდოდა, დედას შეშველებოდა, მაგრამ სპორტსმენის რეჟიმი მძიმეა და სამუშაოს ვერ უთავსებდა. ილია გაცვეთილი სპორტული ფეხსაცმლით დადიოდა ვარჯიშზე... დედა ძალიან განიცდიდა ამას, ცდილობდა, შვილისთვის არაფერი მოეკლო, მაგრამ სურვილი შესაძლებლობებს ეწინააღმდეგებოდა... მას შემდეგ, რაც სტატია დაიბეჭდა, ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპორტსმენს ბევრი კეთილი მკითხველი დაეხმარა. ახლა ილია ცნობილი ქართველი დიზაინერის, ავთანდილის სახეა. ვინ არიან ადამიანები, ვინც დედა-შვილი სიკეთით გააოცა, რა და როგორ შეიცვალა მათ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გაიცნო ილია ხუციშვილი? ამ თავბრუდამხვევ სიკეთეზე დიანა კვიციანი გვესაუბრება:

- მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" სტატია დაიბეჭდა, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. რაც ჩვენს თავს დატრიალდა, მეგონა, სიზმარში ვხედავდი. გაზეთის გამოსვლისთანავე გორიდან დამიკავშირდნენ ნაცნობი ადამიანები, რომლებმაც ჩვენი სიდუხჭირის შესახებ არაფერი იცოდნენ. დახმარების ტალღა დღემდე არ წყდება. კეთილმა ადამიანებმა არა მარტო ილიას, არამედ ჩემს შემოსვაზეც იზრუნეს.

- ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც დახმარება აღმოგიჩინეს? - უმეტესობა ინკოგნიტოდ დარჩა, ნაწილმა მთხოვა, მათი ვინაობა არ გამემხილა.

- როგორც ვიცით, სამსახური დაიწყეთ... - დიახ, გამომიჩნდა სამსახური თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე, სადაც უკვე გავიარე სტაჟირება და ახლა გამოცდებისთვის ვემზადები. ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გამოგვიყო ფინანსური დახმარება, გაეცნენ ჩვენს საცხოვრებელ პირობებს. რადიკალურად შეიცვალა ჩემი დღისა და ღამის საფიქრალი, არ ვნერვიულობ იმაზე, დღის ბოლოს ნაშოვნი თანხა სადამდე გამწვდება და არ მეშინია ხვალინდელი დღის.

სამწუხაროდ, სტატიას უარყოფითი გამოხმაურებაც მოჰყვა. გვეკითხებოდნენ, ზაზა ფაჩულია რატომ არ გვეხმარებოდა. მინდა, გითხრათ, რომ ზაზამ, ისევე როგორც ბევრმა, არაფერი იცოდა ჩვენი მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ. შეუძლებელია, აკადემიაში მოვარჯიშე 700 ბავშვის შესახებ ყველაფერი იცოდე. მე მათთვის დახმარება არასდროს მითხოვია. მაგრამ ის, რასაც ზაზა ფაჩულიას აკადემია უკეთებს ჩემს შვილს, ფასდაუდებელია - ჩვენ არ ვიხდით გადასახადს, ილიას, ასევე უსასყიდლოდ, რამდენჯერმე ჩაუტარდა მაღალხარისხიანი საკვები დანამატების კურსი და ყველაზე მთავარი - მის მწვრთნელს, ირაკლი მაისურაძეს, აკადემიის დირექტორს, გიორგი ალავიძეს, მწვრთნელებს - ლაშა თოიძესა და დათო მუმლაძეს, ილიაზე მამის საპირწონე ამაგი აქვთ.

სტატიის დაბეჭდვის მეორე დღესვე დამიკავშირდა აკადემიის ხელმძღვანელობა და გულისტკივილი გამოთქვეს, რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი არ იცოდნენ. მალევე ზაზა ფაჩულიამ ილიას გამოუგზავნა საჩუქრები, რაც მისთვის სტიმულისა და პასუხისმგებლობის მიმცემია.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? - სახლში ჯერჯერობით მხოლოდ ფანჯრის შეცვლა მოვახერხეთ. ეს არის ყველაზე უზრუნველი და ლაღი ახალი წელი ჩემი ბავშვობის შემდეგ. დიდი მადლობა ამ უდიდესი სიკეთისთვის "კვირის პალიტრას" და ყველას, ვინც თუნდაც ერთი თეთრი მოიკლო და ჩვენ დაგვეხმარა.

ილია ხუციშვილი: - სტატიის დაბეჭდვის შემდეგ ჩემი და დედაჩემის სოციალური ქსელები "ააფეთქეს" დახმარების მსურველებმა, უცხო ადამიანებმა საქართველოდან, ამერიკიდან, ევროპიდან. გვირიცხავდნენ თანხას, გვიგზავნიდნენ ამანათებს... ცოტა ხნის წინ ერთი წყვილი ბოტასი მენატრებოდა, ახლა კი იმდენი მაქვს, ოთახში ვეღარ ვტევთ. ამანათები გამომიგზავნეს ზაზა ფაჩულიამ, თორნიკე შენგელიამ. უცხო ადამიანები მირეკავდნენ და ონლაინკამერით ჩემი გემოვნებით მარჩევინებდნენ ფეხსაცმელსა და სამოსს. ბევრი, ვისაც დახმარება არ შეეძლო, წერილებს გვწერდა და გვამხნევებდა. გვაქებდნენ და ტკბილ სიტყვებს არ იშურებდნენ. დღეს მაქვს ყველაფერი საჭირო და საჭიროზე მეტიც.

- ახლაც გიკავშირდებიან დახმარების მსურველები?

- ახლა დედაჩემს რომ ურეკავენ და დახმარებას სთავაზობენ, ის პასუხობს, რომ ამ ეტაპზე აღარაფერი გვჭირდება. ბევრი სთხოვს, თუ მომავალში რამე გაგვიჭირდება, აუცილებლად მათ მივმართოთ.

- ვრცელდება ფოტოები, სადაც ავთანდილის სამოსი გაცვია...

- დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ შექმნა მამაკაცის სამოსის ახალი ხაზი და ფოტოსესიაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ გადაიღო. საჩუქარი მივიღე განათლების სფეროშიც - სტენფორდის აკადემიამ"მაჩუქა ინგლისური ენის სასწავლო კურსი.

- რა განცდაა, როცა ქუჩაში გცნობენ? - ტელეკომპანია "პალიტრანიუსზე" მომზადებული სიუჟეტი ათასობით ადამიანმა ნახა და გააზიარა. დიახ,

ხალხი ქუჩაშიც მცნობს, მესალმებიან, მიმეგობრდებიან. მინდა ყველას, ვინც იოტისოდენა წვლილი შეიტანა და გვერდით დაგვიდგა, ვინც სითბო და სიყვარული გაგვინაწილა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და ბედნიერი შობა-ახალი წელი ვუსურვო.

P.S. დედაქალაქში უკეთესი მომავლის საძიებლად გორიდან ჩამოსული დედა-შვილის ისტორია ნათელი მაგალითია, თუ რა შეუძლიათ კეთილ ადამიანებს. ყველამ თითო-თითო აგურით აშენა მათი ბედნიერება, დედა-შვილს გათენების აღარ ეშინია.

სიკეთე გადამდებია, გაზიარებული სითბო კი - ყველაზე დიდი საჩუქარი...