"მეკვლეები ყოველთვის მე და შოთი ვართ, ორივე ერთად ვაბიჯებთ კარში" - კვირის პალიტრა

"მეკვლეები ყოველთვის მე და შოთი ვართ, ორივე ერთად ვაბიჯებთ კარში"

არქივი, 2019 წელი

აჩი არველაძესთან ინტერვიუ საზეიმო განწყობითა და საახალწლო ტრადიციების გაზიარებით დავიწყეთ.

ფეხბურთელი თუ მამაო?

- ყოველთვის ვცდილობთ, რომ არველაძეების დიდი ოჯახი ახალ წელს ერთად შევხვდეთ, რასაც ხშირად ვახერხებთ კიდეც. ძმებს იუმორის ნიჭი მამაჩემისგან გვერგო და ერთად რომ მოვიყრით ხოლმე თავს, იცოცხლე... მე და შოთი ერთ სართულზე ვცხოვრობთ, ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან - მეორესთან. მეკვლეები ყოველთვის მე და შოთი ვართ. რომელ მხარეს შევალთ, არ აქვს მნიშვნელობა, ორივე ერთად ვაბიჯებთ კარში.

ცრურწმენა არაქრისტიანულია, მაგრამ სპორტსმენებსაც სჩვევიათ - აქ დავჯდე, იქ დავიძინო, მინდორზე მარჯვენა ფეხით გავიდე... ჩვენც მოვქცეულვართ ასე. დღესაც, თუ გუნდმა კარგად ითამაშა, ვცდილობ, მომდევნო თამაშზეც იმავე ტანსაცმლით მივიდე. ცრურწმენაზე გამახსენდა - გიორგი დემეტრაძე რომ დაინიშნა მწვრთნელად, შეამჩნია, რომ ყველა ფეხბურთელი თამაშის წინ პირჯვარს იწერდა და გუნდს შესთავაზა - მოდი, ყველა თამაშის წინ, გასახდელში "მამაო ჩვენო" წავიკითხოთო. ეს ყველას მოეწონა და ყოველი თამაშის წინ, გუნდის ერთ-ერთ წევრს ლოცვის ხმამაღლა წაკითხვა დაევალა... ისე მოხდა, რომ იმ სეზონზე არ დააყენეს ეს ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში და ასე მხოლოდ ლოცვების კითხვაში გალია მთელი სეზონი. ერთხელ თამაშზე გასვლის წინ ემზადება გუნდი ლოცვის წასაკითხად, წამკითხველი კი არსად ჩანს. გიორგიმ დაუძახა, სად ხარ, ბიჭო, მოდი, ლოცვა წაიკითხეო. იმან კი, - ბოლოს და ბოლოს მამაო ხომ არ გგონივარ, კაცურად, ერთი ხუთი წუთი მაინც მათამაშეთო...

ჩინელების ფავორიტი

- ერთ ისტორიას მოგიყვებით. 1999 წელია, მე და შოთი ამსტერდამში ვართ და ვხედავთ, ქუჩაში, რამდენიმე მეტრში ჩინელები დგანან და ლაპარაკობენ. მათი საუბრიდან მხოლოდ სიტყვა "არველაძეს" ვარჩევ. ჩინეთში ფეხბურთს მაინცდამაინც არ წყალობენ და გაგვიკვირდა, ამიტომ ცოტათი დავიბენით... როცა ერთმანეთს გავუსწორდით, მისტერ არველაძე, ფოტო გადავიღოთო - დაგვიძახეს. თურმე "აიაქსის" თამაშს დასწრებიან და გვიცნეს. უარს ხომ არ ვეტყოდით და მიდის გაგანია ფოტოსესია. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩინელებს შორის ერთი არააზიური გარეგნობის ახალგაზრდაცაა. ინგლისურად ვკითხე, საიდან ხარ-მეთქი და მშობლიურ ენაზე მიპასუხა, ქართველი ვარო. გადავირიე სიხარულით, ჩვენებური რომ ვნახე უცხო მიწაზე. ამათთან როგორ მოხვდი-მეთქი. ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობო. მოდი, ძმაო, შენც გადაიღე ჩვენთან ფოტო-მეთქი, დავპატიჟე. გმადლობ, შენი ჭირიმე, არ მინდაო, - გადაგვასხა მდუღარე. ჩინელები სიყვარულს გვიხსნიდნენ, ამან კი...

მეზობლები...

ამას წინათ მეგობარი მიყვებოდა, მეზობელმა წყალი ჩამომიშვა, რომ შევჩივლე, მითხრა, - არა უშავს, სუფთა წყალიაო... წყლის ჩამოსვლაზე გამახსენდა. მამაჩემს ჰყავდა კარგი მეგობარი, ახვლედიანი, ჯაბა იოსელიანის ქვემოთ ცხოვრობდა და კარგი მეზობლობა ჰქონდათ. ის დროა, ბატონი ჯაბა პოლიტიკური ფიგურა რომ იყო და დასდევდა დაცვა. ჯაბას სახლში სველი წერტილი დაზიანდა და ახვლედიანებთან წყალი ჩადიოდა. დიასახლისმა შეიცხადა, ქმარი კი აჩუმებს, პრეტენზიის თქმა არ უნდათ. გავიდა რაღაც პერიოდი და კიდევ ჩამოვიდა წყალი. ცოლი ეუბნება, ადი და უთხარიო... ეს ისევ აჩერებს, - არაო. ბევრჯერ რომ განმეორდა ასეთი ფაქტი, ლიფტში მოხვდნენ ერთად ცოლ-ქმარი ახვლედიანები, ჯაბა და მისი დაცვა. ცოლი ანიშნებს, ახლა მაინც უთხარი, კარგი მომენტიაო. ამანაც დაიწყო: ბატონო ჯაბა, ამ დღეებში იატაკი ხომ არ დაგსველებიათ, ჩემი ბავშვი შლანგით დგას და წყალს ჭერში ასხამს, სულ მინდოდა ამოსვლა, რომ მეკითხა, იატაკი ხომ არ გისველდებათო>?.. ვერ მივხვდი, რას მეუბნებიო, დაიბნა ჯაბა. რას გეუბნები და ონკანი გადაკეტე, თორემ დამექცა ჭერიო, - უთქვამს სიცილით. მას მერე იოსელიანებისგან ახვლედიანებში წყალი აღარ ჩასულა...