ქართველი ქალები, რომლებიც ახალ წელს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ხვდებიან - კვირის პალიტრა

ქართველი ქალები, რომლებიც ახალ წელს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ხვდებიან

მართალია, კიდევ დიდხანს იქნება საზოგადოებაში კამათი იმის შესახებ, უნდა ჩაიცვას თუ არა ქალმა ფორმა, მაგრამ უკვე წლებია ქართველი ქალები ამ ჩარჩოებს ამსხვრევენ და პროფესიულ მოვალეობას ღირსეულად ასრულებენ.

"კვირის პალიტრა" გაგაცნობთ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც შობა-ახალ წელს თბილ სამზარეულოში კი არა, სამსახურში, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ხვდებიან.

"12 წლის გოგონას მოლოცვას ავღანეთში თილისმასავით ვატარებდი"

ნათია ოხანაშვილი, ავიაციის ოფიცერი: - ყოველთვის მიყვარდა სამხედრო ფორმა და იარაღი. ჩემი აზრით, ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქე, ქალიც და მამაკაციც, რეზერვისტი უნდა იყოს. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, თავდაცვის აკადემიაში ჩავაბარე და გავხდი სამხედრო პირი.

ჩემი პირველი ავღანური ახალი წელი 2015 წელს იყო. მთელი ბავშვობა ახალი წელი ჩემთვის სითბოსთან, მხიარულებასთან, გოზინაყთან ასოცირდებოდა, თუმცა, როდესაც საქმემ მოითხოვა, მივხვდი, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი. იქაც შევეცადეთ, რომ ქართული გარემო შეგვექმნა - უალკოჰოლო შამპანური გვქონდა, სამაგიეროდ, იყო ჩურჩხელები და გოზინაყი. შემდგომ ახალ წელსაც ავღანეთში შევხვდი. ახალ წელს უცხოელებისთვის ეს დღესასწაული ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ჩვენთვის, თუმცა სოლიდარობისთვის ჩვენთან ერთად აღნიშნავენ. მისიის სხვა წევრებისთვის ასეთი დღესასწაული შობაა - 25 დეკემბერი.

როდესაც საქართველოდან შორს ხარ, შენი ქვეყნიდან უბრალო მილოცვაც კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ბავშვების წერილებია. განსაკუთრებით დამამახსოვრდა 12 წლის გოგონას მოლოცვა, ბევრჯერ წავიკითხე და თილისმასავით ვატარებდი, მშვიდობით დაგვიბრუნდით ყველანიო, გვწერდა. შემდეგ გავიცანი და დღემდე ვმეგობრობთ. ეს არის ყველაზე დიდი სიხარული, რაც შეიძლება სამხედრომ მიიღო ათასობით კილომეტრის იქით, მსოფლიოს ცხელ წერტილში...

"ზოგი ახალ წელს ჰაერში ხვდება და აღნიშვნა ქართული ღვინით სურს"

ნათია ვიბლიანი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი: - ორი წელი შს სამინისტროს დაცვის პოლიციის საავიაციო უშიშროებაში ვიმუშავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების უსაფრთხოებაზე ვზრუნავდი, გარდა ამისა, უნდა შემემოწმებინა, ბორტზე აკრძალული ნივთები ხომ არ იყო. ავიაციაში ახალ წელს მთელი კოლექტივი ერთად აღვნიშნავდით. ტურისტი ქალები საახალწლოდ გამოპრანჭული ჩამოდიოდნენ, ზოგს ყვავილები ეჭირა ხელში, ზოგიც პირდაპირ რესტორანში მიდიოდა ახალი წლის აღსანიშნავად. ის უცხოელები კი, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში უნდოდათ ახალი წლის შეხვედრა, ძალიან ჩქარობდნენ. საქართველოდან, ძირითადად, ჩურჩხელები და ღვინო მიჰქონდათ. როდესაც სასმლის სალონში შეტანას ვუკრძალავდით, სწყინდათ. ზოგი ახალ წელს ჰაერში ხვდება და აღნიშვნა ქართული ღვინით სურს. ამ დროს ცოტა უსიამოვნო საუბრებიც გვიწევდა, რას ვიზამთ, კანონი დღესასწაულებზეც კანონია!

უცხოელები ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან ლამაზი ერი ვართ, ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ლამაზი ადამიანი იშვიათად გვინახავსო. როდესაც უცხოელთა ჯგუფები შემოდიან, ქალებს ქალები ამოწმებენ, მამაკაცებს - ჩვენი მამაკაცი თანამშრომლები. თუმცა უცხოელი კაცები ხელებს შლიდნენ და ყურებამდე გაღიმებული ითხოვდნენ, ქალებს შეგვემოწმებინა. ამაზე ძალიან ვხალისობდით.

- მას შემდეგ, რაც მხატვრულ ფილმ "დედეში" მთავარი როლი ითამაშეთ, მგზავრები თუ გცნობენ? - ეს ფილმი ჩემი ბედნიერებაა. როდესაც მითხრეს, რომ გიორგი ბაბლუანთან ერთად უნდა მეთამაშა, ძალიან ვინერვიულე, არაფერი გავაფუჭო-მეთქი. მისი გაცნობის შემდეგ კომპლექსები მომეხსნა. რაც შეეხება ცნობას, გერმანელების ჯგუფმა მიცნო ერთხელ და ძალიან გამიხარდა.

"ადგილზე მისულებს კონფლიქტი კი არა, გაშლილი სუფრა დაგვხვედრია"

მარიამ ბენდელიანი, კრიმინალური პოლიციის კახეთის უბნის ინსპექტორების სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი: - 2015 წელს დავიწყე მუშაობა და პირველი ახალი წელი სამსახურში გავატარე. მახსოვს, ის იყო, ახალი წელი დადგა და შეტყობინება შემოვიდა, რომ მეუღლეებს შორის შელაპარაკება მომხდარა, თუმცა სერიოზული არა - ანუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. შევარიგეთ, დავამშვიდეთ და წამოვედით.

არის ცრუგამოძახების შემთხვევებიც, ადგილზე მისულებს დანაშაული ან კონფლიქტი კი არა, გაშლილი სუფრა დაგვხვედრია, თქვენი დახმარება არ გვჭირდება, ამ დღესასწაულზე დაგვლოცეთო. ამ დროს იმის ახსნა, რომ ამ მიზეზით გამოძახება არ შეიძლება, ცალკე "ფენომენია", მაგრამ ამით გამოხატავენ, რომ გვენდობიან და პატივს გვცემენ... ამ ახალ წელსაც სამსახურში ვხვდები და წინასწარ საზეიმო განწყობა მაქვს.

"ახალ წელს ყოფილმა შეყვარებულმა "მომილოცა": იარაღის შეძენას თუ გადავწყვეტ, რჩევისთვის მოგმართავო"

თეა, ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო: - სამხედრო სამსახურის დაწყება შეყვარებულთან დაშორების შემდეგ გადავწყვიტე. რაღაც სხვა მინდოდა, რადიკალურად ახალი სამყარო, ადრენალინი, რაც სიყვარულში დამარცხების ტკივილსაც შემიმსუბუქებდა. არმიაში სამსახური საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა: დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, მთელი დღის გრაფიკის გაწერა, ნორმატივების ჩაბარება. დღის ბოლოს ისე ვიყავი, შეყვარებულზე ფიქრი კი არა, საწოლამდე მისვლისთანავე ვითიშებოდი. შემდეგ ყველაფერს შევეჩვიე. ერთხელაც სამშვიდობო მისიაზე ჩამოვარდა საუბარი. გოგოებმა, წავიდეთო, დედას როგორ უნდა ვუთხრა-მეთქი, წამომცდა. დამცინეს, უთხარი, იქ ყვავილებს უნდა მოვუაროთო, დამარიგეს. ერთი სიტყვით, ოჯახს ახალი ამბავი რომ შევატყობინე, მამამ დედას გულის წვეთები მიუტანა...

შემდეგი ეტაპი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისია და მშობლები კიდევ ერთხელ გამიხდნენ მოსასულიერებელი, მაგრამ მაინც შეეგუვნენ. ავღანეთში ამერიკელი ოფიცერი გოგო გავიცანი, ქეითი. ისიც ჩემსავით შეყვარებულთან დაშორების გამო შესულა არმიაში. ჩემი პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა. თავდაპირველად, ვერაფრით გაიგო, რატომ არ მყავს ბოიფრენდი, შემდეგ კი დაასკვნა, ქართველები ავღანელებს ჰგავხართ, ტრადიციულები ხართ და ამიტომაც მოსწონხართო.

ავღანეთში ემოციები გვერდზე უნდა გადადო და მხოლოდ პროფესიონალიზმს უნდა დაეყრდნო, ბავშვთანაც კი ზურგით არ შეიძლება დადგომა, რადგან ყოველი მისი უწყინარი მოძრაობა შეიძლება სავალალოდ დასრულდეს... ჰოდა, ამ ქვეყანაში ვხვდებოდი ახალ წელს. მორიგეობაზე გასვლამდე დედასთან ინტერნეტით დაკავშირება გადავწყვიტე და კომპიუტერი ჩავრთე. სოციალურ ქსელში ჩემი ყოფილის წერილი დამხვდა, დამდეგს მილოცავდა. ახალ პროფესიაზე წამკბინა, ოდესმე იარაღის შეძენას თუ გადავწყვეტ, რჩევისთვის მოგმართავო. ვიფიქრე, ჯერ დედას მივულოცავ და შემდეგ დაველაპარაკები-მეთქი. დედა სევდიანი მეჩვენა, რბილი გოზინაყი გამომივიდაო, მითხრა, მთავარ თემას, მონატრებას რომ არ შეხებოდა, ტუჩის კუთხეში ტირილს ინახავდა...

მორიგეობის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ყოფილი შეყვარებულისთვის პასუხის მიწერა აღარ მინდოდა. უცებ დავფიქრდი, რა მძიმეა ავღანელი ქალის ხვედრი, რომელსაც მშობლები არჩევნის უფლებას არასდროს აძლევენ. ჩვენთან ერთი ავღანელი ულამაზესი ქალი, ხარლიე მუშაობდა. საკუთარ თავზე არასდროს ლაპარაკობდა. ვიცოდი, მძიმე ცხოვრება ჰქონდა და ქალისთვის შეუფერებლად დაკოჟრილ ხელებში მალულად ტკბილეულს, გოგონებისთვის კი თმის სამაგრებსა და მძივებს ვუდებდი. მადლობის ნიშნად გულზე ხელს იდებდა. დამშვიდობებისას თავისი ხელით გაკეთებული ულამაზესი, აზიურ ფერებში შეხამებული სამაჯური მაჩუქა, ბედნიერების თილისმააო, მითხრა, შემდეგ კი ლოცვასავით რაღაც წაიბუტბუტა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეტირა.