კინოვარსკვლავი ღორები - კვირის პალიტრა

კინოვარსკვლავი ღორები

ღორი ძალიან ჭკვიანი და საყვარელი არსებაა და არაერთი რეჟისორის შთაგონების წყაროც გამხდარა. მოგეხსენებათ, წელს ტახის წელი მოდის. საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს მათ ქართული კინოს ისტორიაში არაერთი გადასაღები მოედანი ჰქონიათ დათმობილი.

ქეთევან ჯანელიძე, კინომცოდნე, პროდიუსერი: - კინოსტუდია "ქართულ ფილმში" სპეციალური განყოფილება იყო, რომელიც ცხოველებსა და ფრინველებს უვლიდა და წვრთნიდა, მათ შემდგომ ამა თუ იმ გადაღებაში იყენებდნენ. რას არ შეხვდებოდით იქ: ჯიხვს, ირემს, ძაღლებს, კატებს, აქლემებს, არწივს, მიმინოსა და სხვა. რაც შეეხება ღორს, პირველად ქართულ კინოში 1927 წელს გამოჩნდა ფილმში "მის კეტი და მისტერ ჯეკი". რეჟისორი ცხოველების ცნობილი მომთვინიერებელი ანატოლი დუროვი გახლდათ. მოგვიანებით ფილმი გადამუშავდა და""დუროვის მხეცების" სახელწოდებით გამოვიდა ეკრანზე. ეს იყო საცირკო წარმოდგენის ერთგვარი კინომიმოხილვა, რომელშიც მხეცები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ღორიც.

1939 წელს გამოვიდა ვალერიან სიდამონ-ერისთავის ფილმი "მეღორის ბედნიერება", რომელიც სააგიტაციო-პროპაგანდისტული ხასიათის გახლდათ, მაგრამ დიდი მხატვრული ღირებულებებით არ გამოირჩეოდა, დაიწუნეს და არც გასულა.

ალბათ, ბევრს ახსოვს ფილმი "ბაკულას ღორები" (1976 წ., რეჟისორი ბიძინა რაჭველიშვილი). მეზობლის ღორების გაუთავებელი შემოსევებით შეწუხებული ფილმის გმირი - გალაქტიონი (გოგი გეგეჭკორი ასახიერებს), სასამართლოს მიმართავს, თუმცა საბოლოოდ ფულს ფულად კარგავს და ღორებს მაინც ვერ იცილებს. ფილმში ცნობილი სცენაა: ღორები მაგიდაზე ხტებიან და საცეკვაო მელოდიაზე"საპატიო ჩინოვნიკებისთვის გაშლილ სუფრაზე გაწყობილ საჭმელს შეექცევიან. გადაღებისას ღორები ადგილობრივი გლეხებისგან შეუსყიდიათ. გადასაღებ მოედანზე მცირე ზომის ტრამპლინი აუგიათ, საიდანაც სასურველი დუბლის მოლოდინში ღორები ხტებოდნენ.

გადაღებას თურმე მთელი სოფელი ადევნებდა თვალს, მათ შორის, "მსახიობი" ღორების ყოფილი პატრონებიც. ერთ-ერთს გული სიბრალულით ავსებია, როდესაც უხილავს მისაღები კადრის მოლოდინში, როგორ წვალობდნენ მსახიობებიც და მისი ყოფილი (აწ უკვე "მსახიობი") ღორიც. ვეღარ გაუძლო თურმე და გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელთან მიჭრილა, აღარ ვყიდი! აგერ თქვენი ფული და დამიბრუნეთ ჩემი ღორიო.

კიდევ ერთი ფილმი, რომელშიც ვხვდებით 2019 წლის ყველაზე პოპულარულ ცხოველს, არის რეჟისორ რევაზ ჭარხალაშვილის 1979 წელს გადაღებული კინოკომედია "მეცამეტე გოჭი". ფილმში ქართული კინოს არაერთი ვარსკვლავი თამაშობს: სესილია თაყაიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, კახი კავსაძე, ბაადურ წულაძე, თამარ სხირტლაძე, გია ფერაძე, აბესალომ ლორია და სხვები. ეს არის თეთრი, შავლაქებიანი ჭირვეული გოჭის ამბავი. ფილმში "მთავარ" გოჭს ორი დუბლიორი გოჭი ჰყოლია. რადგან ყველას ერთნაირი ფორმისა და ზომის ლაქები ვერ ექნებოდა, ამიტომ დუბლიორებს ახატავდნენ "მთავარი გმირის" მსგავს ლაქებს. გადაღებისას ერთ-ერთი დუბლიორი გოჭი გაქცეულა გადასაღები მოედნიდან და ქალაქში დაკარგულა...

ყველაზე ღიმილის მომგვრელი სცენა ღორის მონაწილეობით, ალბათ, "უდიპლომო სასიძოშია" - როცა სიზმარში ვახტანგ ნინუას გმირი ღორებს კოცნის. თურმე ორჯერ უკბენია კიდეც ერთ-ერთ ღორს, როდესაც სიზმარს იღებდნენ. გაუძევებიათ გადასაღები მოედნიდან მკბენარა ღორი და მის მაგივრად თვინიერი ღორი მიუყვანიათ, სახელად ქუცუნა. ქუცუნას პატრონიც ჩართული ყოფილა გადაღებებში, რადგან ღორი თურმე პატრონს უჯერებდა მხოლოდ.

ღორი ქართულ ანიმაციურ ფილმებშიც გვხვდება. უნდა გავიხსენო რეჟისორ ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძის თოჯინური ანიმაცია "მოდის", სადაც ღორის პერსონაჟი საზოგადოების მანკიერი მისწრაფებების მეტად საინტერესო მხატვრული განზოგადებაა. ასევე კონსტანტინე მაცაბერიძის ანიმაციური ფილმი "სანუკვარი ოცნება", რომლის მთავარი პერსონაჟი გოჭი ფრენაზე ოცნებობს.

რეზო მახათაძე, კინოოპერატორი: - ღორის გაწვრთნა ცოტა რთულია, თავისებური ხასიათი აქვს. ამიტომ მათი მონაწილეობით თუ ვიღებდით რომელიმე ეპიზოდს, ოთხჯერ მეტ ფირს გვაძლევდნენ. სამუშაო დღეების რაოდენობაც ჩვეულებრივთან შედარებით 60-70%-ით გვეზრდებოდა.

"უდიპლომო სასიძო"

"უდიპლომო სასიძო" ლევან ხოტივარმა გადაიღო. მისი ვაჟი, რეჟისორი ბუბა ხოტივარი იხსენებს: "ძალიან გასჭირვებია ვახტანგ ნინუას ღორის კოცნა. სერიოზული, თავმოყვარე კაცი იყო. მახსოვს, სანამ როლს შესთავაზებდა, მამაჩემი მოწიწებით ელაპარაკა, ბატონო ვახტანგ, სცენარში ასეთი და ასეთი სცენააო. ვახტანგმა რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ უთხრა, მე მსახიობი ვარ და ფილმის წარმატებისთვის ამაზეც წავალო. მოიყვანეს 2-3 ვეტერინარი, რომლებიც კადრში შესვლის წინ ღორს დინგს გულდასმით უწმენდდნენ. ფილმში არ ჩანს, რომ ამ სცენაში ნინუას ტუჩებზე პლასტირი აქვს მიწებებული. ასე აიცილა ღორის კოცნა. შემდეგში ხუმრობდა, ცხოვრებაში რა არ გადამხდენია, ბანდიტებთან ვმდგარვარ პირისპირ, მეოცე საუკუნის დასაწყისში რევოლუციები და სროლები გადამიტანია, მაგრამ ისე არაფერზე მინერვიულია, როგორც ამ ღორის კოცნაზეო".

ფილმში ბიჭიკოს როლს კოტე მგალობლიშვილი ასახიერებს: -"არ გამჭირვებია ღორების მიტყუება ვახტანგ ნინუას სასთუმლამდე - ბილიკივით დავუყარე სიმინდი, გაჰყვნენ ღორები და მიადგნენ საწოლს. საკოცნელად კარგი, ჩასუქებული, დაბანილ-დაკოპწიავებული ღორი მოიყვანეს. 19 წლის ვიყავი მაშინ, დღეს ღიმილით ვუყურებ ამ ფილმს და ვფიქრობ, ეჰ, კარგია ახალგაზრდობა-მეთქი.

"იმერული ესკიზები"

გვანცა მჭედლიძე, რეჟისორ ნანა მჭედლიძის ქალიშვილი: - "იმერულ ესკიზებში" სცენაა, სადაც ფეხბურთს თამაშობენ ხონისა და მათხოჯის გუნდები. სწორედ იმ დროს ერთვებიან ღორები და გოჭები. გახსოვთ, ალბათ, დიდი ცაცხვის ფუღუროში შევარდება გატყორცნილი ბურთი და ფუღუროს ყველა ღრიჭოდან დაფეთებული ცხოველები გამორბიან, მერე კი სტადიონს გადაიჯლიგინებენ. ფილმში მსახიობთა უმრავლესობა ადგილობრივია, ღორებიც ასევე. სხვათა შორის, ის ცაცხვი მაშინაც და დღესაც ღორების საყვარელი მოსასვენებელია. გადასაღებად 1 ტომარა სიმინდი ჩავყარეთ ფუღუროში ღორების მისატყუებლად. სიმინდის სუნმა ღორს ფილმში გადაღების სურვილი გაუჩინა და რაც გამოუვიდათ, ყველამ ვნახეთ.

"ზოგი ჭირი მარგებელია"

"- გიოს ხომ იცნობ?

- აბა, რომელსა?

- რომელსა და, იმ დაფეხვილ მამაშენსა.

- ვიცნობ კი არაა...

- ჰოდა, თუ იცნობ, ეს გოჭი იმას წავართვი. შენისთანა ბოთეს რომ ვინახავ, იმის გულითვინა.

- დედა უტირე, ეგრე მოუხდება..."

ფილმიდან "ზოგი ჭირი მარგებელია", ონოფრესა და მისი ბატონის, ზურაბას დიალოგი ყველას ახსოვს. ზურაბას როლის შემსრულებელი ვარლამ ნიკოლაძე იხსენებს: "ამ როლზე რომ დამამტკიცეს, მკითხეს, ცხენზე ჯდომა იციო? რამდენჯერმე ვმჯდარვარ, მომიყვანეთ ბებერი, თვინიერი ცხენი და რაღაცას მოვახერხებ-მეთქი. მომიყვანეს, "ფანტომასი" ერქვა. რომ შევხედე, გული გამისკდა, სახანძრო კიბე გინდოდა, ზედ რომ ასულიყავი. რამდენიმე დღე ვეფერებოდი, შაქარს ვაჭმევდი, ვეჩურჩულებოდი და, როგორც იქნა, ამიშვა ზურგზე. მერე "ფანტომასს" ხურჯინი გადაკიდეს და ჩასვეს შიგ შამპუნში ამოვლებული და გაპუდრულ-გაპრანჭული ქათამი და გოჭი. გოჭი ისე ჭყვიტინებდა, ლამის ხურჯინი გახია. მე რაღაცნაირი კაცი ვარ, არ შემიძლია ქათმის ან გოჭის ხელში აყვანა, მაგრამ სხვა გზა რომ არ მქონდა, მოვერიე თავს და გოჭმაც "ხელი შემიწყო"... ბოლო სცენაში, ახალდაქორწინებულებს რომ ხმლით ვეჭრები სახლში, ეზოში ძაღლი უნდა დამხვედროდა და ჩვენ შორის ორთაბრძოლა უნდა გამართულიყო. ძაღლებთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, ხანდახან ვფიქრობ, მგონი, მეც ძაღლი ვარ-მეთქი. მოიყვანეს უზარმაზარი ნაგაზი, ჩამაცვეს სპეციალური სქელი სამოსი. გავიქეცი, დამეწია ძაღლი, მომახტა და დამიწყო ლოკვა. მერე სხვა ძაღლი მოიყვანეს, ისიც ასევე მოიქცა. ამის შემხედვარე რეჟისორმა ფილმიდან ჩხუბის ეს სცენა ამოიღო. ასეთია ჩემი ცხოველებთან ერთად გადასაღებ მოედანზე დგომის გამოცდილება".