"არასდროს შემოგკლებოდეთ კახური ღვინო-არაყი", ანუ "მაიტა ნასოსი" კახურად! - კვირის პალიტრა

"არასდროს შემოგკლებოდეთ კახური ღვინო-არაყი", ანუ "მაიტა ნასოსი" კახურად!

მალე ჩააბიჯებს ზამთარი კავკასიონიდან კახეთს, ჯერ ალაზნის ველს გაუთეთრებს ჭალებს, მერე ქიზიყს მოიკითხავს, ბოლოს კი გომბორზე წამოწვება ჩაღმა თუშის ნაბადივით - საახალწლო სუსხსაც იქიდან გაუშვებს. კაჭრეთს რომ გასცდებით, ჩალაუბნიდან ბაკურციხისკენ ეშვება კახეთის გზატკეცილი და ბარჯისხევზე მიიკლაკნება, ერთ ადგილზე სოფლის ნობათით მოვაჭრეები დგანან, აქ "პატარა კახეთს ნახავთ. კახეთის ყველა კუთხე-კუნჭულიდან მოდიან და თან თავიანთი დალოცვილი ნახელავ-ნაშრომი მოაქვთ ხელის მოსანაცვლებლად. რაც მთავარია, ყველაზე უტყუარი, წყალი რომ არ გაუვა, ისეთი კახური ამბების მოსმენაც შეიძლება. ჰოდა, ამაზე უკეთეს ადგილზე ამ საახალწლოდ სად მოვხვდებოდი. დანიშნულების ადგილზე იმ დროს მივედი, როცა ვეჯინელი მეთუნე შოთა პაპა ჭაბუკაძე გაცხარებული ამბობდა, ახალ წელს თოვლის გარეშე რა ფასი აქვს? თუ ტახის სისხლმა ლეღმა (გაყინული თოვლი) არ გატეხა, ისეთ ქეიფს რა ვუთხარიო...

- წელს ღორის დაკვლა არ იქნება, შოთა ძიავ, ტახის წელია, ემანდ არ გიწყინოს და კბილი არ გაგკრასო, - მწარედ ეხუმრებიან ჩურჩხელის გამყიდველი ქალები.

- წლეულს ძაღლის წელიწადი არ იყო, ქალებო? ჰოდა, წელს რაც ამ შარაზე მაწანწალა ძაღლებს კუდით ქვა ასროლინეთ, რომელმა დაიწყეთ ყეფა?"- ვალში არ რჩება მეზობლებს შოთა პაპა.

- ამათ არა, მაგრამ აი, ჩვენ კაცებმა კი გვარიანად ვიყეფეთ ამ შემოდგომით ყურძნის დაბალი ფასის გამო... ვიზარალეთ, გვეწყინა, მაგრამ ხომ ხედავთ, სტუმართმოყვარეობის წესისთვინ არ გვიღალატია და თელავქალაქში პირველ ქალბატონ პრეზიდენტს არცთუ ურიგოდ ვუმასპინძლეთ, - ამბობს ჭაჭის წნორელი გამყიდველი გიორგი დათუაშვილი.

- საარჩევნოდ გაახსენდათ არა კახეთი? - "რათა საარჩევნოდ? ჩვენი პრეზიდენტი მარტო პირველი ქალბატონი პრეზიდენტი კი არა, პირველი კახელი ქალბატონი პრეზიდენტიცაა, - უკანა დახლიდან წამოყელყელავდა შუახნის ქალი."

- რას ამბობ, კაცო, - ჭყიტეს" თვალები აქეთ-იქიდან...

- ჰო, რა იყო, მეც არ ვიცოდი, ბირჟაზე მოვკარ ყური, აქა ჰქონია ფესვები...

- მაშ, იმიტომაც გამოუწევია გულსა ერეკლე მეფის საბრძანებლისკენ.

- რახან ეგრეა, მაგას ერეკლე მეფისა და ინგილო ქალის ამბავიც ეცოდინება და თუ ჭკუიანად არ იქნება, ისევ მოვა შემოდგომა და გადაიპენტებიან ჩვენი საგვიანო ჭანჭურებიც,"- იჩქმიტება დახლების მეორე რიგიდან კვლავ ვიღაც.

- დაჩუმდით ყველა, გვიშავდღევია, აქამდე მოგვიღწევია, იმის სიკარგე ჩვენც დაგვეტყობა. თუ უკეთესად დავიწყეთ ცხოვრება მე და შენ, ზაქრო, ხომ კარგი (ეუბნება ახალგაზრდა ხორცის გამყიდველ ბიჭს შოთა პაპა), თუ არადა, ეგე, შენი საკისარი (ღორის დასაკლავი) და აი, ჩემი კისერი.

- ალილო და ხვალეო, - საუბარში ერთვება მყიდველი გოგონა, მერე საჩქაროდ ათიოდე ჩურჩხელასა და ჭანჭურის ტყლაპს ყიდულობს და მანქანაში ხტება, მაგრამ მანქანა ლაფში ჩაჯდა, გოგონა იხტიბარს არ იტეხს და გაზს აწვება.

- ადექით, ჰა, - იძახის შოთა პაპა და სამი-ოთხი კაცი უცებ მისცვივდა მანქანას...

რაღაცნაირად იდუმალი ადგილია ბარჯისხევი, ხევში ათობით ღელე და ნაკადული ჩამოდის, აქეთ-იქით ატეხილი კორომებია, ზუსტად იმ ადგილას კი, სადაც სავაჭრო დახლებია გამართული, 30-მეტრიანი კლდიდან ჩანჩქერი გადმოდის, ამ ადგილს"აქაურები ყურყურას ეძახიან. ზამთარ-ზაფხულ გამვლელ-გამომვლელის სულის მოსათქმელია ყურყურა. რას აღარ ნახავთ აქ: ნაირგვარ სურებსა და კოხტა ჭურებს, საღვინეს, ჯამს, კულას, ყანწსა და ქილას, ძველებურ ტაფასა და როდინს, თიხისა და სპილენძის ჭურჭელს შორის უხსოვარ მინის კოჭობებსაც, საიდანაც ვეებერთელა ჯიხვები კახურად გემუქრებიან, თუ დეგეტაკეთოო..."

ათასი ფერის, გემოსა და სურნელის ჩირ-ჩურჩხელა კონწიალობს ხარიხებზე. ჭაჭისა და ღვინის სუნი იგრძნობა ტყის სიგრილეში, გინდა თუ არა, ერთ ბოცა ღვინოს მაინც გაყიდვინებს კაცს აქაური ჰავა. ეგეც არ იყოს, ღვინის გამყიდველ ბიჭებს დახლიდან ორიოდე მეტრში ცეცხლი უნთიათ და კლიენტს ღვინოს აძალებენ, არა ჩემი გასინჯე, არა ჩემიო.

კახური ღვინის ოაზისია ყურყურა. რანაირ ღვინოს აღარ შეხვდებით: ფერხორციანსა და დაცრეცილს, ტანინიანს და ჩიათხელს, მსუმბუქსა და მძიმეს, მშრალ "კიდე მწყურიას" და ჯანიან "აღარ მინდას", ხაშმის "დევისისხლას და კაკაბურ "შენდაუკას", შინდისფერსა და ქარვისფერს, მოოქრულს და შევერცხლილს, გიშრისთვალადს და ლალისფერადს. ჭაჭის არაყი ხომ სულ ცისარტყელას ფერებში აქვთ: პიტნით, ლიმონით, ქლიავით, შინდით...

- ეს მწარეა, ჩვენ ტკბილად ვიყოთო, გადაკრავენ თითო სტაქან ჭაჭას მბჟუტავ ცეცხლთან მიყუჟული კახელები და რაც ძირში დარჩება, ნაკვერჩხალს გადაასხამენ, დაიბათქუნებს ცეცხლიც და წითლად ააბრიალებს იქაურობას, ძვალ-რბილში უვლით ცალკე კოცონიდან ავარდნილი ალი და ცალკე არყის ნაპერწკალი. მოდი და, ამის მერე ერთ ჭიქას ნუ ეტყვი, შეგაჩვენებენ კახელები, ეწყინებათ, პურმარილი დაგვიწუნაო, მეც სხვა რა გზა მაქვს. ვიმუხლები მუხის ძირას და მათთან ერთად ვცდილობ გავიგო ამ წუთისოფლის ავანჩავანი. - კარგა უნდა გაცინოთ, ბიჭებო, რახან სტუმრის სადღეგრძელოა და სიტყვამ მაიტანა, - ამბობს ბაკურციხელი მეღვინე ივანე გამდლიშვილი, - ამ შემოდგომით სტუმარი გვეწვია იტალიიდან, დიდი უსმელ-უჭმელი გამოდგა, შამოვატარეთ მთელი კახეთი, მაგრამ ვერ"დაამუღამა, რადგან სასმელს არ ეტანებოდა. იტალიაში ღვინისა და ვაზის მეტი რა არისო, იძახდა. დაგვტოვა მთელი ოჯახი ყურებჩამოყრილი, სხვა გზა რომ აღარ დარჩა, ავდექი და ერთ ადრიან დილას მანქანის რადიატორიდან წყალი გამოვღვარე, შიგ კი არაყი ჩავასხი და მაქსიმილიანოს ვუთხარი, აბა, მაქს, ჰაიდა, უნდა ერთ ადგილას წავიდეთ, დათვის ღელეს უნახავად ვერ გაგიშვებ-მეთქი (ვატყუებ). ფეხათრევით ჩავსვი მანქანაში, თან ცოტა პურმარილი და ღვინო-არაყიც გავიყოლე ყოველი შემთხვევისთვის. წვერის ტბას რომ შევუყევით, მინები ჩავუწიე, მთის ჰაერი ისუნთქე-მეთქი; რა უნდა ესუნთქა, წამში გაითიშა კაცი. მანიშნა, მცივა და ფეჩი ჩართეო, ახლავე, მიხაილოვიჩ-მეთქი - მიქელე ერქვა მამამისს. შუშებს ავუწიე და ფეჩის ჩამრთველს მივაწექი, ბოლომდე ავუწიე. წუთიც არ გავიდა, ვატყობ, აწრიალდა, ეტყობა, დაუარა ძარღვებში იმ დალოცვილმა და ცენტრალურ კომიტეტშიც (ტვინში) კარგად შეუღიტინა. ლაპარაკს უმატა, სახეზე ბადრი მთვარე გადაეკრა და უცებ დაწმენდილი იტალიურით რაღაც წაიღიღინა. სიმღერას რომ მორჩა, მიმახვედრა, ვჭამოთ, თუ რამე გვაქვსო. ცივად მწვადი მივაწოდე და ზედ შვიდი არაყი ვათუთქვინე... თურმე იტალიაში ჩასვლამდე არ გამონელებია მიხაილოვიჩს ჩვენებური ჭაჭა.

- ვანო, ძველი მონადირე ხარ, მომთაბარე ხალხმა კი ამბების შელამაზება იცით, ხო არ გვატყუებ რაღაცას? - ეუბნება ივანეს ხაბაზი ავთო.

- ავთო, ეგე შენ, ეგე ჩემი მანქანა და ეგე რადიატორი, მააძვრე კრიშკა, აი, შლანგიც, ოღონდ რაც იქიდან ჩამოვა, მარტომ უნდა დალიო.

- ეგრე დადიხარ თვეზე მეტიაა? - ჰო, რა იყო..."

- ჰა, მაიტა ნასოსი, ავთო!" - უკვე ემასხრებიან ბიჭები ავთოს.

-"შენი გამოსწორება არ იქნება, არა... იმითვინ კი არა, შენთვინ ჩაგისხია, აღარც ზამთარში გაგიყინავს წყალი მანქანაში და თან სულ გრადუსში იქნები. მთვრალიც რომ გაგაჩეროს პატრულმა, ეტყვი აგრე და იგრეა საქმეო და ვინც არ დაგიჯერებს, ნასოსს მიაწვდი, ჩამაასხი და დაჰკაო, ეტყვი. დიდი ეშმაკის ფეხი ხარ, ვინც არ გიცნობს, - სიცილით ეუბნება შოთა პაპა ივანეს.

უცებ იმ სიცილ-ხარხარში მისაბმელიანმა სატვირთომ დაამუხრუჭა ჩვენ ცხვირწინ. მძღოლის საპირისპირო მხრიდან კარი გაიღო და იქიდან ალალი და მხიარული საგარეჯოელი თენგო ვასილიჩი ჩამოვიდა ფანდურით ხელში. ჯერ მთელ ყურყურას დარბაისლურად მიესალმა, დიდ-პატარა მოიკითხა, ბოლოს კი ჩვენკენ გამოსწია, გაავსო არყით ორასგრამიანი ჭიქა, გაგიმარჯოთო, თქვა და გადაკრა წკეპლასავით, მერე კი უთხოვნელად დაამღერა: "...ვინც მოყვრად მოსულა და არა ჰაიჰარადა,/ გამარჯვებული ატაროს ღმერთმა კარიდან კარადა.../ აივსოს იმის ოჯახი დოლის პურით და ბადაგით / სიუხვითა და სიამით, დოვლათითა და ბარაქით;/ იმისი მტერი მენახოს ქინძმარაულით ნადაგი / არასდროს შემოკლებოდეს კახური ღვინო-არაყი"....

P.S. დავემშვიდობე შეჭიკჭიკებულ კახელებს, ბედნიერი ახალი წელი ვუსურვე და წამოვედი, გამოღმა კახეთამდე გამომყვა თენგო, გაჰქონდა ფანდურს ბადიაურამდე წკრიალი.

კახა მჭედლიშვილი