"ყოველი საათის ახალ მოდელს ჩემს მეუღლეს, მარინა ხორავას ვჩუქნი. მარინა ჩემი თილისმაა" - კვირის პალიტრა

"ყოველი საათის ახალ მოდელს ჩემს მეუღლეს, მარინა ხორავას ვჩუქნი. მარინა ჩემი თილისმაა"

"მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ამ ქვეყნის შვილი, და ჩემი წარმატება საქართველოსაც ეკუთვნის"

"მამა რეჟისორი გახლდათ. სახლში ყველა რაღაცას ჩხირკედელაობდა. ჩემი ძმა რადიოელექტრონიკით იყო გატაცებული. იმ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ყოველთვის რაღაცას აწყობდნენ, აქედან გამომდინარე, ბავშვობიდანვე დავინტერესდი ტექნიკით. ბავშვობის მოგონებებიდან ხშირად მახსენდება ახალი წლის ღამე, თბილი, ტკბილი... მაშინ არ იყო ამდენი განათება, მაგრამ მაინც ძალიან კარგად მახსენდება", - მიამბობს ზვიად ციკოლია, სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი, ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება დიზაინში "ოსკარად" წოდებული "რედ დოთის" ჯილდო, პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორ "დიდგორის" დიზაინი და პირველი საათი ქართული გვარით, რომელსაც შვეიცარია აწარმოებს. როგორ შეიქმნა საათების ბრენდი "ციკოლია", რატომ უყვარს "არ იდარდო" და რას შეცვლიდა თბილისის დაგეგმარებაში, ამ თემებზე ზვიად ციკოლია მოგითხრობთ:

- ერთი ეპიზოდი სულ მახსენდება ჩემი ბავშვობიდან - 1976 წელს ბებია-ბაბუამ პირველად წამიყვანა მოსკოვში, ტექნოლოგიების გამოფენაზე. ერთ-ერთ პავილიონში ნორჩ ტექნიკოსთა ნამუშევრები იყო გამოფენილი, თვითმფრინავები, ავტომობილები და ა.შ. იქ ვნახე პატარა ველოსიპედზე აწყობილი მოტოციკლეტი. მახსოვს, როგორ დავჯექი ზედ და ამით ბედნიერი ვიყავი. შემდეგ მიმიყვანეს ჩემს მასწავლებელთან, ნოდარ ინჯიასთან, ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში, იქ დიზაინის ლაბორატორია იყო. ასე დაიწყო ყველაფერი.

საკუთარი თვითმფრინავი - "ლიზი"

ყველაზე რთული პროექტი იყო ერთადგილიანი თვითმფრინავი "ლიზი". ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია ისეთი საქმის კეთება, რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს, არც ბაზა არსებობს, არც მასალა და ასეთ დროს ყველაფრის ნულიდან კეთება გიწევს. "ლიზის" შექმნის იდეა უეცრად დაიბადა: მე და ჩემმა მეგობარმა ერთ დღეს ნატახტარში ვიფრინეთ და მაშინ მითხრა,"რა მაგარია, საკუთარი თვითმფრინავი რომ გვქონდესო, რატომაც არა-მეთქი, ვუპასუხე და მეორე დღესვე შევუდექი საქმეს.

საქართველოში პირველად გაკეთდა თვითმფრინავი ამ ტექნოლოგიით, მანამდე ამერიკული პროექტი ჩამოჰქონდათ და აქ აწყობდნენ. "ლიზი" იყო პირველი თვითმფრინავი, რომელიც სუფთა ფურცლიდან დაპროექტდა და შეიქმნა, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც გავაკეთეთ და მშვენივრად დაფრინავს.

"დიდგორი" - პირველი სერიული მანქანა

- სამხედრო ტექნიკა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ქვეყნისთვის გაკეთდა. "დიდგორი" პირველი სერიული მანქანაა, საქართველოში სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყო. ჩემს პროექტებს შორის "დიდგორი" უმნიშვნელოვანესია.

უამრავი ჯილდო მაქვს აღებული. პირველი 1986 წლის 2 იანვარს ავიღე: ფოთში რესპუბლიკური კონკურსი იყო და პირველი ადგილი ავიღე. ეს სიგელი დღესაც შენახული მაქვს. 1987 წელს მოსკოვში"სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე ტრაილერის დიზაინი წარვადგინე, რაშიც ბრინჯაოს მედალი მომცეს. 2006 წელს იყო "რედ დოთი" - დიზაინის "ოსკარი". იდეა სამ წუთში მოვიდა და მთლიანად 15 წუთი დამჭირდა, რომ 3 D-ში გამეკეთებინა და გამეგზავნა კონკურსზე. ჟიურის კომენტარი ასეთი იყო: "რამდენი საათი არსებობს, მაგრამ ამ საათით ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფანტაზია ამოუწურავია, სრულიად განსხვავებულად დაგვანახა საათის ფუნქცია". როცა ღირსების ორდენს იღებ, სულ სხვა გრძნობაა. ყოველი ჯილდო სხვა განზომილებაში გაყენებს, ხვდები, რომ პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა ფასდება, შენი შრომა საქართველოს რჩება. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ამ ქვეყნის შვილი, და ჩემი წარმატება საქართველოსაც ეკუთვნის.

"დღესაც არიან ნოშრევან კუჭუხიძეები"

- ძალიან მიყვარს მუსიკა, კინო, ბევრი ქართული ფილმი დღევანდელობას ასახავს. გამოვარჩევდი გაბრიაძის ფილმებს, დანელიას "არ იდარდოს"... ელდარ შენგელაიასა და გიორგი დანელიას ფილმებში ჩანს ჩვენი, ქართველების ხასიათი, "შერეკილებში" ყველანაირად ცდილობენ, რომ მიწას მოწყვეტილი"ადამიანი, რომელიც მაღალ მატერიებზე ფიქრობს, მიწას დაანარცხონ. ჩვენ "ლიზის" აფრენის დროსაც წავაწყდით ნოშრევან კუჭუხიძეებს, როცა დაინახეს, როგორ გაფრინდა თვითმფრინავი, მაშინ გამოჩნდნენ. ჩემი უსაყვარლესი ფილმია "არ იდარდო".

საზღვარგარეთ რომ არ მეცხოვრა, საქართველოს ასე ვერ დავინახავდი, რადგან ეს ქვეყანა ცარიელი მინუსები მეგონა. ახლა ვიცი, რა მარგალიტიც არის ჩემი ქვეყანა. ხშირად მისაუბრია ბიზნესმენებთან და გვითქვამს, ნორმალური ხალხის ხელში, 2 წელიწადში გადაიქცევა მაგარ ქვეყნად. რატომ დავბრუნდი? იმიტომ, რომ შედარების საშუალება მქონოდა, იქ ჯობია თუ აქ? ფინანსურად იქ გაცილებით კარგად ვიყავი, მეტის მიღწევის საშუალება მქონდა, მაგრამ ამ ქვეყანაში ბევრი რამაა შესაქმნელი, გული შემტკივა და მაინც რაღაცას ვახერხებ.

"ციკოლია"

თავიდან საათებს "იუნიქი" (UNIQ) დავარქვი - როდესაც პირველი "რედ დოთი" ავიღე საათში, კომენტარებში წერდნენ:""იუნიქ დიზაინ", ამიტომ გადავწყვიტე საათის წარმოება, შევქმენი ლოგოც, ბრენდს "იუნიქი" დავარქვი, მაგრამ რეგისტრაცია ევროპაშიც და ამერიკაშიც დავაგვიანე. რამდენიმე თვით ადრე ბრენდი "იუნიქი" დარეგისტრირებული ჰქონიათ. მერე ვიფიქრე, ჩემი გვარი ხომ არ არის დარეგისტრირებული-მეთქი და "ციკოლია" დავარქვი. როგორც კი ბრენდს სახელი შევუცვალე, გაყიდვებმა იმატა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ტრადიციად მაქვს, ყოველი საათის ახალ მოდელს ჩემს მეუღლეს, მარინა ხორავას ვჩუქნი. მარინა ჩემი თილისმაა, ყველაზე საყვარელი და ახლო ადამიანი. მარინაც დიზაინერია და მის აზრს ხშირად ვითვალისწინებ. გაზაფხულზე ქალებისთვის ახალი საათი გამოვა, ცისფერი სამაჯურით. ეს ფერი შემთხვევით არ შემირჩევია, რადგან მარინას ყველა აქსესუარი, რომელთაც ვჩუქნი, ცისფერია.

"რამდენიმე შენობას გავაქრობდი"

თბილისი ლამაზი ქალაქი იყო. 1987 წლიდან დაიწყო აივნების მიშენება და ქალაქის გაპარტახება. ყველა მაღალ შენობას გავაქრობდი თბილისიდან. ადრე სულ ორი მაღალი შენობა იდგა: "ივერია" და "აჭარა". არ შეიძლება სამ-ოთხსართულიან თბილისში ამხელა მონსტრების ჩადგმა. ეს ყველა იმ მერის დანაშაულია, ვინც ამის აშენება დაუშვა.

ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ სიმშვიდესა და ჰარმონიას, მინდა, რომ წარმატებული ქვეყანა გვქონდეს და მაღალტექნოლოგიურ სფეროში გადავიდეთ, დროს ტარებისთვის ნაკლები დრო გვქონოდეს, მეტი დრო პროექტების განხორციელებას დავუთმოთ.

იხილეთ ასევე: "როცა 21 წლის შემდეგ ქმარი გეუბნება, უფრო მეტი დროის გატარება მინდა შენთანო, ეს არის ქალური ბედნიერება"