"2019 წელს მოდაში სრული ქაოსი იქნება" - კვირის პალიტრა

"2019 წელს მოდაში სრული ქაოსი იქნება"

"2019 წლის ერთ-ერთ ჰიტურ აქსესუარად ბაფთებს ვარაუდობენ"

დიზაინერ მეგი გაბუნიას ახალ პროექტზე მუშაობისას შევხვდი. "გაუთბე სიბერე" - ასე ჰქვია მეგის ახალ ინიციატივას - პირველად ქართული მოდის ინდუსტრიაში მოხუცები მოდურ ფოტოსესიაში მონაწილეობენ.

პოპულარული პროექტის ავტორი ამჟამად თავისი ხელით შექმნილ საახალწლო ნაძვის ხეს ბოლო დეტალებით რთავს. როგორ გავაკეთოთ ნაძვის ხე, რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და რომელ ფერებზე გავაკეთოთ აქცენტი 2019 წელს - ახალი წლის ამ აქტუალურ თემებზე დიზაინერი მეგი გაბუნია მოგითხრობთ:

- ყოველ წელს ჩემით ვაკეთებ ნაძვის ხეს. ელიავაზე ვიყიდე თოხის და ბარის ტარები, იქვე დავაჭრევინე ნაძვის ხის ზომებზე, დიდიდან პატარამდე, დავახვრეტინე ნაპირებში, შემდეგ ჯოხები თოკით ავაწყვე, რომ კედელზე ჩამოკიდება შემძლებოდა. დავიწყე ქვედა მხრიდან და ავუყევი ზევით. ბოლოს საკიდი გავუკეთე, თავად შევღებე დაძველებული ეფექტის თეთრი საღებავით. წელს ძველი სათამაშოები შევცვალე, მე ხომ ფეხსაცმლის დიზაინერი ვარ და ნაძვის ხეზე ჩამოვკიდე ბავშვის ვერცხლისფრად შეღებილი ფეხსაცმელიც.

2019 წლის მთავარი ფერი მარჯნისფერია

მომავალი 2019 ტახის წელიწადია. ამ წლის მთავარი ფერი ხასხასა"მარჯნისფერია - მოსტაფილოსფრო-მოწითალო ღია ტონალობის. კიდევ რამდენიმე ფერი იქნება აქტუალური: ღია ყვითელი, მანგოსფერი, ალუბლისფერი წითელი, ღია ვარდისფერი, მუქი ჟოლოსფერი, ხორბლისფერი, ბაცი ყავისფერი და მუქი ლურჯი.

მოდა 21-ე საუკუნეში ძალიან მრავალფეროვანია, რაც დიზაინერების უსაზღვრო შესაძლებლობებით არის განპირობებული, დღეს მეტი შესაძლებლობა და არჩევანია. შარვალი, პერანგი, პიჯაკი და ქურთუკი, ფეხსაცმელი - ქალებისთვის ეს ყველაფერი მამაკაცის თარგზე იქნება აგებული. მამაკაცებმაც ხომ მოირგეს ისეთი სამოსი, რომელიც ადრე მხოლოდ ქალებისთვის იქმნებოდა, მაგალითად, პრიალა, მბზინავი, ფერადი ქსოვილებით შექმნილი ავანგარდული სამოსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს მოდის სამყაროში სრული ქაოსია, როგორც ფერებისა და პრინტების, ასევე ფორმების სხვადასხვაობით. მაგალითად, მოდური იქნება დიდი, უფორმო ქურთუკები, მაღალწელიანი შარვლები და ქვედაკაბები, ასევე კომბინეზონები, ფერადი კოლჰოტები, გამაშები, მკვეთრად აქცენტირებული საყელო, ჯიბე, მანჟეტი, პრიალა და ხავერდოვანი, ერთმანეთთან შერწყმული კონტრასტული ქსოვილები, ტყავისა და ლაკის ფაქტურა, მძივებითა და მეტალით გაწყობილი ტანისამოსი... რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელს, 2019 წლის მოდა კოვბოურ სტილს გვთავაზობს, კონუსური ან ოთხკუთხედი ცხვირით, საშუალო ზომის და სხვადასხვა ფორმის ქუსლით. ქალებისთვის ასევე აქტუალური რჩება ბოტფორდის სტილის ჩექმები, წვრილ მაღალ ქუსლზე ან მთლიან თხელ ლანჩაზე, ბეწვის ფეხსაცმელი. 2019 წლის გაზაფხულ-ზაფხულისთვის სანდლებიც მოდური იქნება, ასევე ყელიანი საზაფხულო ჩექმა. საზოგადოდ, 2019 წლის მოდური ქუსლი საშუალო ზომისაა. შემოდგომა-ზამთრის აქტუალური მოდელი განიერი, ჩაჩაჩულყელიანი ჩექმაც იქნება, ხავერდოვანი ზედაპირითა და ვიწრო ცხვირით.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

2019 წელს ყველაზე ტრენდულად თმის აქსესუარები მოიაზრება, ასევე გრძელი ტყავის ხელთათმანები, დიდი და ფერადი სამაჯურები, საყურეები, ყელზე მიბჯენილი დიდი ყელსაბამები, წვრილი ქამრები მეტალის დეტალებით. 2019 წლის ერთ-ერთ ჰიტურ აქსესუარად ბაფთებს ვარაუდობენ. რადგანაც 2019 წლის ფერი მარჯნისფერია, შესაბამისად, გირჩევთ ახალ წელს მარჯნისფერ ან ღია ყვითელ სამოსში შეხვდეთ. ეს ფერები სიმშვიდესთან ასოცირდება. სასურველია მარჯნისფერი ჭარბობდეს სუფრასა და სახლის დეკორაციაში. კარგი იქნება, ბაფთებს ჭიქებზე თუ მივამაგრებთ.

"თუ არა აქვს ინდივიდუალური სახე, ოდნავ მოღრეცილი ტუჩი ან ცხვირი, მოდელის ფასი კაპიკია"

ქეთი გოგიშვილი, ვიზაჟისტი:

- ივ სენ-ლორანის სახლი ყავისფერი თვალის ჩრდილებსა და ფანქრებს გვირჩევს, წითლიდან ყავისფრამდე ყველა ფერი აქტუალური იქნება. პომადა უმჯობესია სმოქი (ბოლისფერი) ან მარჯნისფერი. კანის ფაქტურა გახდა ძალიან სადა, შეუმჩნეველი. ახლა მოდაში იქნება ბრიჟიტ ბარდოს მაკიაჟი - კარგად გამოკვეთილი თვალები და ნაკლებად ტუჩი. წარბის გასქელების მოდამ დრო მოჭამა, ხელოვნურმა წამწამებმაც.

წელს ყველაზე მცირეანაზღაურებადი ხელოვნურად დაბერილტუჩიანი მოდელები არიან, სამოდელო სახლები ასეთებს აღარ სწყალობენ. თუ არა აქვს ინდივიდუალური სახე, თუნდაც ოდნავ მოღრეცილი ტუჩი ან ცხვირი, მოდელის ფასი კაპ[იკია. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო ჩემთვის ნატა მურვანიძეა, თავისი ინდივიდუალიზმით. ნატამ ცხვირის ფორმა არ შეიცვალა, მან გაასწრო დროსა და მოდას.

"გაუთბე სიბერე"

მეგი გაბუნია: - ერთი ბებია გავიცანი, ძალიან დავმეგობრდით და გადავწყვიტე, მესიამოვნებინა - მოდელივით შემემოსა. თავიდან იუარა, დაიმორცხვა, შარვალს ვერ ჩავიცვამ, ხალხი რას იტყვისო. დავამშვიდე, ჩემს ბებიას გადავიღებ-მეთქი. ბებიაჩემს რომ დავურეკე, გაიკვირვა, მეხუმრებიო, მაგრამ მეორე დღეს ფოტოსესია მაინც გაიმართა. რამდენი ფოტოსესია ყოფილა, მაგრამ ასეთი სახალისო და საინტერესო არასოდეს გამოსულა. რაც მთავარია, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყველამ მოიწონა.