"ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მოთმინების ფიალა აევსოს" - კვირის პალიტრა

"ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მოთმინების ფიალა აევსოს"

"ნებისმიერი მაყურებლის წინაშე შენი ეროვნული კულტურის წარდგენა მხოლოდ მადლობას უნდა იმსახურებდეს. რა მნიშვნელობა აქვს, ლოჟაში პუტინი ზის თუ ამერიკის პრეზიდენტი"

ცნობილ კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან ერთად წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასება ვცადეთ.

- ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა შეგნება, რომ ქვეყანაში დემოკრატია ყველაფრის გადამწყვეტია. ასე რომ არ ყოფილიყო, არ მოხდებოდა ის, რაც არჩევნებისას მოხდა - საზოგადოება შეიკრა და ორჯერ მიმართა ხელისუფლებას. ერთხელ მიანიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ხელისუფლება დამარცხდება. ეს გულახდილი და მწვავე განაცხადი იყო. მეორე შემთხვევაში კი მისცა შანსი, დაედგინა საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზები და შეცდომები გამოესწორებინა.

არ შემიძლია, არ ვთქვა ისიც, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ, თავისუფალ საპრეზიდენტო კანდიდატს. ამით მან საზოგადოებას დაანახა, რომ მზად არის, იყოს არა მხოლოდ პარტიული დისციპლინისა და იდეის დამცველი, არამედ თავისუფალი, ეროვნული იდეალების ერთგულიც.

სწორედ ამიტომ შეუწყო ხელი ხელისუფლებაში იმ ადამიანის მოსვლას, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა საერთაშორისო პოლიტიკურ საქმიანობაში.

- თუმცა ისიც ითქვა, რომ ჩვენს პრეზიდენტს თითქმის აღარაფრის უფლება არ აქვს... - მიუხედავად შეზღუდვებისა, არის რამდენიმე უფლება, რომლებითაც პრეზიდენტი ხდება უძლიერესი მთავარსარდალი. თუ გაიხსენებთ პრეზიდენტის გამოსვლას ინაუგურაციის დღეს, ნათლად დაინახავთ, როგორი დამოკიდებულება აქვს მას იმის მიმართ, რაც იყო, რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს და როგორ შეიძლება ეს პროცესები განვითარდეს მომავალში.

სალომე ზურაბიშვილი

- არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ კვლევებს ეყრდნობოდნენ, არადა, საჭირო იყო უფრო ხშირი ურთიერთობა საზოგადოებასთან... - ეს განცხადება დაგვიანებული იყო. საქმე ის არის, რომ საზოგადოებამ მიანიშნა კი არა, შეუძახა ხელისუფლებას - იფიქრე ჩვენზეო! ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მომავალში ისევ აევსოს მოთმინების ფიალა. ვფიქრობ, ხელისუფლების განცხადებები, რომ ისინი მიხვდნენ, რას მოითხოვს საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია.

- სიძულვილის ენაზეც ვისაუბროთ... - ტელევიზიით ნანახი პოლიტიკური დებატები, ლანძღვა-გინება მეტყველებს, რომ არჩევნების პირველ ტურამდეც ბრძოლა მიმდინარეობდა ძალაუფლების მოსაპოვებლად და არა - ჭეშმარიტების დასადგენად. საქმე ის არის, რომ საზოგადოებას სჭირდება არა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ პოლიტიკური კამათი, დიალოგი, რომელშიც ჩამოყალიბდება ქვეყნის სწორად განვითარების პრინციპები.

მხოლოდ ასეთი მეთოდით ურთიერთობა წაიყვანს საქართველოს ჭეშმარიტი გზით, გაქრება ხელისუფლებასთან საზოგადოების დაპირისპირებაც, რომელიც პირველი ტურის წინ გაჩნდა. ამაზე უნდა იფიქროს ორივე დაპირისპირებულმა მხარემ. ერთმანეთის ლანძღვა-გინებით საქვეყნო საქმე არ კეთდება. ნუთუ არ შეიძლება, არსებობდეს კანონი, რომელიც ამის უფლებას არავის მისცემს?!

- თქვენი აზრით, რა ცვლილებები სჭირდება ქვეყანას? უპირველესად, რა არის გასაკეთებელი? - ყველაზე მთავარი დასაქმებაა. დასაქმების გარეშე სიმშვიდის მოპოვება შეუძლებელია. მე მოვისმინე მოსაზრებები ანაკლიის პორტის შესახებ. ეს დიდი საქმეა, რომელიც გაცილებით ადრე დაიწყო. ვინც ეს საკითხი წამოჭრა, მისი მადლიერიც უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, კარგს ვფიქრობთ მასზე თუ ცუდს. ამის შესახებ არამხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც მსჯელობდნენ და კარგია, რომ ეს საქმე დაიწყო. ვფიქრობ, ეს ხელსაყრელი პერსპექტივაა ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ საქმიანობის წარმართვას ხომ ათიათასობით ადამიანი დასჭირდება! ბიზნესის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა ჩამოაყალიბონ ერთიანი პრინციპები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყოველივე.

ეს დღეები ქუჩაში გავდივარ და საკვირველია - ქუჩაში ხალხი ცოტაა, ბაზრობებზე უსაქმოდ დარჩენილი ხელოსნების რიგები აღარ დგას, ყველა გაიკრიფა ქალაქიდან. ნუთუ არ შეიძლება, ეს ადამიანები, ვინც ასე ყოველდღიურად ეძებს სამუშაოს, გადაამზადო და საქმე მისცე?! ასე ხომ ათასობით ადამიანი იპოვის თავის სარჩენ საშუალებას!

ერთი წლის წინ, წინა პრემიერის მმართველობისას, გამოაქვეყნეს მომავალი წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა. ამ გეგმიდან ზოგი რამ შესრულდა და როგორც უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით წინსვლა შეინიშნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ხალხის კეთილდღეობაზე ჯერ არ ასახულა. მესმის, რომ ყველაფერი დაკავშირებულია საერთაშორისო მდგომარეობასთან, დოლარიზაციასთან, ეროვნული ვალუტების კურსის დაცემასთან, მაგრამ... კარგია, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე იფიქრა ჩვენმა ხელისუფლებამ და ცოტა ხელი შეაშველა, მაგრამ უცხოეთში ყველაფერი უფრო მასშტაბურად მოხდა. მაგალითად, ბელგიაში ყველას ხელფასი მოუმატეს.

ინფლაციის პირობებში ხალხზე ფიქრია საჭირო... ხელფასი აღარავის ჰყოფნის... აი, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. დასაქმებასთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია განათლება. ყველაფრის საფუძველთა საფუძველი განათლება და კულტურაა. ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

სმარტფონების ეპოქაში განათლება გაცილებით ადრეულ ასაკში უნდა იწყებოდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლება, განათლების სამინისტრო ამისთვის არაფერს აკეთებენ.

ინდივიდუალიზმი, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი თვისებაა, იმიტომ რომ თავისუფალი აზროვნების გარეშე არ არსებობს წინსვლა, მეორე მხრივ კი ხელს უშლის ურთიერთგაგებას, განსაკუთრებით - პოლიტიკაში. ურთიერთობის საფუძველი კულტურაა, გნებავთ - პოლიტიკური კულტურა, რომელიც დასახვეწია.

იქნებ კონსტიტუციური ნორმებიც კი იყოს მისაღები, რომლებიც ერთმანეთის შეურაცხმყოფელ დაპირისპირებას აკრძალავს.

ეს არ არის ქვეყნის მართვის სწორი გზა. ეს ორივე მხარეს უნდა ახსოვდეს.

- საზოგადოება სიახლეებს ელის, თუმცა პოლიტიკური ტემპერატურა ინაუგურაციის შემდეგაც არ იკლებს... - დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ალბათ, ყველაფერს ისევ საზოგადოება დაუპირისპირდება და ორივე მხარეს საკადრის პასუხს გასცემს. ხელისუფლება ამას უნდა ხვდებოდეს. სწორედ მისი ამოცანაა, იპოვოს გზა, რომელიც საზოგადოებას არსებობისთვის უკეთეს პირობებს შეუქმნის... რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ხელი კი არ უნდა შეუშალონ ხელისუფლებას, არამედ ურჩიონ, მშვიდად და გონივრულად. როცა ილანძღები, ყურს არავინ გიგდებს.

- კირკიტაძისა და პოლიციელების დაპირისპირებას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება მოჰყვა. გაჩნდა კითხვა: როგორი პოლიცია უნდა გვყავდეს, ნაცემი თუ აგრესიული? - როდესაც ადამიანი ფეხს ურტყამს პოლიციელს და ავტობუსის მინების ჩამსხვრევას ცდილობს, ეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა. ამის ჩამდენი უნდა დაისაჯოს.

პაატა ბურჭულაძე

- ანანიაშვილის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებასაც მოჰყვა საზოგადოების რეაქცია. ბურჭულაძეც გააკრიტიკეს ოკუპანტ ქვეყანაში სიმღერის გამო... - პოლიტიკისა და ხელოვნების ერთმანეთში არევა დაუშვებელია. ხელოვნება მშვენიერების გზით ჭეშმარიტების ძიებაა. ნებისმიერი მაყურებლის წინაშე შენი ეროვნული კულტურის წარდგენა მხოლოდ მადლობას უნდა იმსახურებდეს. რა მნიშვნელობა აქვს, ლოჟაში პუტინი ზის თუ ამერიკის პრეზიდენტი.

რაც შეეხება ანანიაშვილს... ვის რა უფლება აქვს, ჩაერიოს ოჯახურ ურთიერთობაში?! სირცხვილია ამაზე ლაპარაკი! ნინო ანანიაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ ის შესანიშნავი ხელოვანია და ჩვენს საბალეტო დასს ბევრი სასიკეთო რამ გაუკეთა.

- მესამე ძალის გამოჩენაზეც ლაპარაკობენ... ხედავთ ამის პერსპექტივას?

- ჯერ ვერ ვხედავ, თუმცა თუ სურვილი იქნება, ეს ძალაც გამოჩნდება. საქართველოს შეუძლია ასეთი ძალის დაბადება, თუმცა ლანძღვა-გინების მორევს როგორმე ყველამ თავი უნდა დააღწიოს.

- ოპოზიცია ხშირად იმეორებს, ივანიშვილის გარეშე არაფერი კეთდებაო. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? - ვფიქრობ, მისი გავლენა იგრძნობა და ეს გასაკვირი არც არის - ბიძინა ივანიშვილი ხომ პარტიის ხელმძღვანელია! მაგრამ ეს ხელს უშლის ჩვენი ხელისუფლების, განსაკუთრებით - მინისტრების თავისუფლებას. ხშირად ისინი ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებენ დროულად და დამოუკიდებლად. მინისტრი, რასაკვირველია, ხელისუფლების სტრატეგიის გამტარებელი უნდა იყოს, ოღონდ თავისუფალი მოქმედება უნდა შეეძლოს. ამას ჩვენ ხშირად ვერ ვხედავთ.

- თქვენი აზრით, რა იყო ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა? - თვითკმაყოფილება და საზოგადოების ინტერესებისადმი უყურადღებო დამოკიდებულება, მაგრამ ცვლილებები რომ იქნება, უკვე გამოჩნდა, თუნდაც ვალების განულებით... იმედი მაქვს, მომავალში მეტ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამენ.

ყველას ვულოცავ ახალ წელს! ახალგაზრდებს კი გთხოვთ - გამრავლდით, გამრავლდით და გამრავლდით!