"სალომე ზურაბიშვილისა და კახა კალაძისთვის 5 მაისიდან რთული პერიოდი იწყება­" - რას სთხოვს კოსმოსი ხელისუფლებას - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილისა და კახა კალაძისთვის 5 მაისიდან რთული პერიოდი იწყება­" - რას სთხოვს კოსმოსი ხელისუფლებას

"2019 წელს უნდა გამოჩნდნენ ახალი ქარიზმატული ლიდერები"

სოციალური ფონის დამძიმება, საპროტესტო გამოსვლები, ცვლილებები მთავრობაში და ლარის გაუფასურება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ღორის წელიწადი საქართველოს უქადის. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზი, რომელიც "ქართულ ოცნებას" სწორი რეფორმების გატარებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაუფლებას დაკარგავს. როგორი იქნება ღორის წელი საქართველოსთვის, "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციისთვის, ამ კითხვით მიმართა "კვირის პალიტრამ" მიხეილ ცაგარელს:

- 2019 წელი საქართველოში ბევრი ცვლილება იქნება - დაწყებული იდეოლოგიურით, დამთავრებული პოლიტიკურით.

მოსალოდნელია ახალი ქარიზმატული ლიდერების გამოჩენა. ბევრი დაკარგავს თანამდებობას და შეიცვლებიან ხელმძღვანელი პირები. მიტინგები, პროტესტები აუცილებლად იქნება.

იქნება ფინანსური პრობლემებიც, იმიტომ, რომ მარტიდან ურანი საფინანსო-საბანკო სისტემის მფლობელ კუროს ზოდიაქოში შედის. მთავრობა არ აღმოჩნდება სათანადო სიმაღლეზე და იმ მოულოდნელ რეფორმებს, რომელთაც მოითხოვს ეს სისტემა, ვერ გაატარებენ. ამიტომ ამან შეიძლება პრობლემა შეუქმნას ჩვენს სავალუტო კურსს, თუმცა პრობლემები შეიქმნება მთელ მსოფლიოში.

- ლარის გაუფასურება გაგრძელდება? - კი. დალაგდება მხოლოდ სექტემბრის შემდეგ. თუმცა იქნება სასიკეთო ტენდენციებიც, მაგალითად, კარგი წელიწადია ქორწინებისთვის. ამ წელს ქორწინება იქნება სტაბილური. კარგი პერიოდია დემოგრაფიული კრიზისის გადასალახავადაც.

არნახულად მაღალ დონეზე ავა ტურიზმი, იმიტომ, რომ გამარჯვების პლანეტა ტურიზმის სფეროში იმყოფება. ვისაც უნდა უცხოეთში წასვლა, გრანტების მოზიდვა, უცხოელებთან ბიზნესპარტნიორობა, საამისოდ საუკეთესო წელიწადი გველის. ასეთი პერიოდი 12 წლის განმავლობაში აღარ იქნება. სასიკეთო ცვლილებები იქნება სპორტშიც.

გვექნება რთული პერიოდებიც 6 იანვრიდან იანვრის ბოლომდე, აპრილში და სხვა. ძალიან რთული იქნება ივნის-ივლისი. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში მიტინგების, პროტესტების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა მაღალია.

2019 არის პირველი მოსამზადებელი პერიოდი, რა დროსაც უნდა გამოჩნდნენ ახალი ქარიზმატული ლიდერები.

- მთავრობაში ცვლილებები რადიკალური იქნება? - ცვლილებები ყველა დონეზე იქნება. პრემიერის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მოიმატებს ფასები, მათ შორის გაზზე, უმუშევრობის პრობლემა ისევ წინა პლანზე იქნება და ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავებს ამ ტენდენციას.

ხელისუფლებას ვურჩევ, 5 მაისამდე მოერიდოს რეფორმების გატარებას და საამისო კანონმდებლობის მიღებას. ამისთვის კარგი პერიოდი იქნება მაისის შემდეგ. მანამდე შეცდომების დაშვებისა და ფსევდოდემოკრატიული კანონების მიღების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება.

წინა პლანზე წამოსაწევია ეროვნულისა და დედისა და ბავშვის ფასეულობები. ეს უპირველესად მთავრობას ევალება.

ამას ითხოვს კოსმოსი და არა ელგებეტე ჯგუფების საეჭვო ფსევდოდემოკრატიული რეფორმების შემოტანას. ასეთ შემთხვევაში მთავრობა დადგება შავი ძალების სამსახურში და ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. რადგან შავ მთვარესთან დაპირისპირება 32 წელიწადში ერთხელ ხდება. როდესაც მთავრობა არასწორად იქცევა, ამას სერიოზული კატაკლიზმები მოჰყვება.

მაგალითად, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა რუსეთს 1917 წელს, რასაც რევოლუცია მოჰყვა. ასეთი ვითარება იყო 1985 წელს, როდესაც დაიწყო დაპირისპირებები, რამაც დაანგრია საბჭოთა კავშირი. ასე იქნება ახლაც, რამაც შეიძლება 2 წლის მერე დააკარგვინოს ხელისუფლება "ქართულ ოცნებას".

- მედიაში თუ იქნება ცვლილებები მოსალოდნელი? - მფარველი ანგელოზი, თეთრი მთვარე სელენა, ლომის ზოდიაქოდან გადის და სექტემბრიდან ქალწულში იქნება. ორივე ზოდიაქო მართავს ჟურნალისტიკას, ტელევიზიას, პრესას, რადიოს, ამიტომ ამ სფეროში სასიკეთო ცვლილებები იქნება. გაჩნდება ახალი პროექტები, რუბრიკები, გადაცემები და ა.შ., ოღონდ ცვლილებები იქნება ხელმძღვანელების დონეზეც, მაგრამ მთლიანობაში ეს სასიკეთო ცვლილებებია, თუმცა იქნება მცირე პრობლემებიც.

- "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის როგორი წელი იქნება? - სალომე ზურაბიშვილისთვის 5 მაისიდან საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყება, კახა კალაძისთვისაც, რადგან ორივე თევზებია. თევზებში გადავა შავი მთვარე, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ.

სალომე ზურაბიშვილს მფარველი ანგელოზი პირად ჰოროსკოპში მერწყულში ჰყავს, ეს ნიშანი კი რუსეთს მართავს. გახსოვთ, ალბათ, რომ რუსეთის ჯარი გავიდა მაშინ, როცა ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ლავროვთან, რომელიც ისევ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ზურაბიშვილი მოაწესრიგებს ამ ურთიერთობას.

- პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისთვის როგორი იქნება 2019 წელი?

- უკეთესი, ვიდრე 2018, ამიტომ შესაძლებლობა აქვს გააუმჯობესოს სიტუაცია, მაგრამ ეს მარტო მასზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია საკანონმდებლო ორგანოზე, თუ რა კანონებს მიიღებენ, რისი შესრულების ვალდებულება ექნება.

- შესაძლებელია თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ვიხილოთ? - 5 მაისამდე რთული პერიოდი ექნება, მერე არა უშავს.

თუ გინდათ, რომ ეს კაცი დაინგრეს და გაპარტახდეს, მაშინ პოლიტიკაში ჩაუშვით. ამიტომ მართოს ისე, როგორც ახლა მართავს, კარდინალის პრინციპით. პრემიერად მისი დაბრუნება არ შეიძლება. 5 მაისამდე აჯობებს საერთოდ არ გამოჩნდეს, იმიტომ, რომ შეცდომების ალბათობა ძალიან მაღალია.

- რას უქადის ღორის წელი "ნაციონალურ მოძრაობას"? - ვაშაძემ არჩევნები ორი ფაქტორის გამო წააგო: პირველი - არ უნდა იყოს აგრესიული, იმიტომ, რომ მისი მფარველი პლანეტა ყველაზე მშვიდობიან, სასწორის ზოდიაქოშია. და მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ დაუჯერა სააკაშვილს.