"თითო გოჭი ყველა ოჯახში!" - კვირის პალიტრა

"თითო გოჭი ყველა ოჯახში!"

"ვარდისფერ ღორთან ტალახს და ნეხვს რა უნდა?!"

წინასაახალწლოდ პაატა გულიაშვილის 2019 წლის იუმორისტული ჰოროსკოპიც მოვისმინეთ.

- ქვეყნისთვის კარგი წელი უნდა იყოს იმიტომ, რომ ტახის წელი ჩემთვის ბარაქასა და სიუხვესთან ასოცირდება. ბევრი სხვა ასოციაციაც ჩნდება, მაგალითად, ტალახი, ნეხვი და ასე შემდეგ, მაგრამ მათგან ღმერთმა დაგვიფაროს. იმედი მაქვს, სიბინძურე გაქარწყლდება, რადგან ვარდისფერი ტახის წელი მოდის და ვარდისფერთან ტალახს რა უნდა! ღორის ლორი, ხაშლამა და მწვადი, იცოცხლე, კარგია და მგონია, რომ ბარაქიანი წელიწადი გვექნება. ჩემი სურვილია - თითOო გოჭი ყველა ოჯახში!

ახალ წელს ცუდი ყველაფერი უკან უნდა მოვიტოვოთ. ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ქიშპობა და გაუტანლობა. დღეს პოლიტიკოსების გვარ-სახელები ბავშვებმაც კი იციან, ისე მოიცვა პოლიტიკამ ყველა და ყველაფერი. ჯობია, დავწყნარდეთ და სიმშვიდით შევეგებოთ 2019 წელს. იმედი მაქვს, მშვიდობიანად მიგვიყვანს 2020-მდე ჩვენი ვარდისფერი ტახი. ღორი, ტახი აგრესიული არ არის. მშვიდი, წყნარი ცხოველია, არის თავისთვის. ჰოდა, მისი წელიც მშვიდი უნდა იყოს.

- მაგრამ ღორმა ჭყივილი იცის, ჭყივილი კი ხმაურის ასოციაცის იწვევს და, ცოტა არ იყოს, არ მომწონს ეს ამბავი... - იცით, რა?! ყველა იყვირებს და იჭყივლებს, თუ იგრძნო, რომ რაღაცას უპირებ. ამ დროს ყველა აგრესიული ხდება, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ მოვეშვათ ქიშპობას!

ჭკუას რაც შეეხება, ღორზე ვერ იტყვი, რომ სულელია. მისთვის მთავარია, ჭამოს და დაიძინოს. ჰოდა, თუ საჭმელ-სასმელი ექნება ხალხს, არაფერზე ინერვიულებენ!

- ახლა ის მითხარით, თქვენ როგორ აპირებთ ახალი წლის შეხვედრას? - ჩემი სამსახურის გამო, წელსაც, როგორც ყოველთვის, გარეთ ვხვდები ახალ წელს. უკვე ტრადიციად ჩამომიყალიბდა. ახლა ერთ-ერთ რესტორანში მიმყავს საახალწლო საღამო; ახალ წლამდე საბერძნეთში მივფრინავ, კონცერტი მაქვს, 3 იანვრიდან კი იწყება პრემიერა რუსთაველის თეატრში. თეატრში სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლების საყვარელ ეპიზოდებს ვაცოცხლებთ...

7-8 წელია, მე ვარ ჩემი ოჯახის მეკვლე. ხაჭაპური, კარგი საცივი და წავიდა ქეიფი 14-ის ჩათვლით. ჩემი მეუღლე ნინო მთავარი კულინარია, მე ვეხმარები. ძალიან გემრიელი გოზინაყი გამოგვდის. ზოგან რომ შეგხვდება გამხმარი და გამომშრალი, ეგეთი კი არ არის! რბილი და გემრიელია. ხშირად მთხოვენ რეცეპტს. საჭმლის მომზადებისას მთავარი სიყვარულია, ჩვენც, ოჯახის შექმნის დღიდან, ამ რეცეპტს ვიყენებთ.

"კვირისპალიტრელებო", ღმერთმა არ მოგაკლოთ სიხარული, სიკეთე და სიყვარული! ახალ წელს გილოცავთ თქვენ და თქვენს მკითხველს. სიყვარულით, პაატა გულიაშვილი.